ადვოკატი აცხადებს, რომ დღეს დაასახელებს, რა რაოდენობის ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავებიან ლევან ჯიბღაშვილს
ვინაიდან ასეთი სპეკულაციის საგანი გახდა, დღეს დავასახელებ რა რაოდენობის ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან ლევან ჯიბღაშვილს, – ამის შესახებ პირველ არხს ნარკოდანაშაულისთვის ბრალდებულ ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 14:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებთან განცხადების გაკეთებას გეგმავს.
ადვოკატის თქმით, ის ასევე დაასახელებს საქმის მასალების მიხედვით რა სახის ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა შენახვას ედავებიან ჯიბღაშვილს.
ბიზნესმენი და მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ გუშინ გაათავისუფლა. პროკურატურამ ჯიბღაშვილისთვის გირაოს სახით 15 ათასი ლარის გირაოს შეფარდება მოითხოვა, სასამართლომ კი მას 10-ათასიანი გირაო შეუფარდა. ლევან ჯიბღაშვილი ნარკოდანაშაულის ბრალდებით 22 აპრილს დააკავეს. ლევან ჯიბღაშვილს ბრალი ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით უკანონო შეძენა-შენახვისთვის წარედგინა. როგორც საქართველოს პირველ არხს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს, ჯიბღაშვილს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაული.