ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოში ხვალ დასკვნით სიტყვას წარადგენს
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოში ხვალ დასკვნით სიტყვას წარადგენს

ცოტნე გამსახურდიას განზრახ, ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის საქმეზე ხვალ ბრალდების მხარე საქალაქო სასამართლოში დასკვნით სიტყვას წარადგენს, – ამის შესახებ გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის თქმით, სხდომაზე ბრალდების მხარე იმ მტკიცებულებებს წარადგენს, სადაც დაკავებულების ბრალეულობა იკვეთება. გიგუაშვილი აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიამ, რომელსაც საუბარი არ შეუძლია, ჟესტების ენით ამოიცნო და დაადასტურა დაკავებულების – სოლოღაშვილისა და ღარიბაშვილის ბრალეულობა.

როგორც ადვოკატი ამბობს, გამსახურდიების ოჯახს იმედი აქვს, რომ ბრალდებულები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

„ხვალ ბრალდების მხარე წარადგენს დასკვნით სიტყვას. როგორც ადვოკატს და ცოტნე გამსახურდიას ოჯახის წევრებს, მიგვაჩნია, რომ ამ საქმეზე იქნა წარდგენილი ბრალდების მხარის მიერ ყველა სათანადო მტკიცებულება, რომელიც უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადგენს ბრალდებულების დამნაშავეობას. გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი კანონის სრული სიმკაცრით იქნებიან დასჯილი. განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო სოლოღაშვილი და ღარიბაშვილი, რომლებსაც უშუალოდ ედებათ ბრალი ჯგუფურად, განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენაში. ერთ-ერთმა მათგანმა, სოლოღაშვილმა დანა ჩაარტყა რამდენჯერმე თავში ცოტნე გამსახურდიას. ღარიბაშვილმა რკინის ყავარჯენი ისეთი ძალით ჩაარტყა, რომ ეს ყავარჯენი გატყდა. შემდეგ გულ-მკერდის არეში დანის მსგავსი საგნით მიაყენა ჭრილობები. შესაბამისად, არსებობს პირდაპირი მტკიცებულებები, როგორიც არის სისხლის კვალი, მოწმეთა ჩვენებები, ვიდეოკამერების ჩანაწერები.

გარდა ამისა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ცოტნე გამსახურდია ფიზიკურად ვერ ახერხებს პირდაპირი კომუნიკაციის დამყარებას. მან ჟესტების ენაზე კომუნიკაციის შედეგად დაადასტურა, რომ სწორედ ეს პირები მონაწილეობდნენ მის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში. ეს განაცხადა ანა ჯაბაურმა, რომელიც იმყოფება გერმანიაში ცოტნესთან, სადაც გამსახურდია გადის რეაბილიტაციის კურსს.

როგორც ადვოკატმა, გადავუგზავნე ეს ფოტოები ქალბატონ ანა ჯაბაურს და ცოტნე გამსახურდიამ ისინი ამოიცნო ჟესტების ენით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი, ფაქტობრივი ახალი გარემოებაა, რამაც სასამართლოს უნდა შეუქმნას შინაგანი რწმენა შინაგანი იმისა, რომ საბრალდებო სკამზე სხედან სწორედ ის დამნაშავეები, რომლებმაც ცოტნე გამსახურდია სასიკვდილოდ გაიმეტეს“,- განაცხადა ადვოკატმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა ხვალ, 11:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე ხუთი პირი დააკავეს. ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული, ერთი პირი კი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.