ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია
ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ საქმის მასალებს ჯერ არ გაცნობია

როგორც კი მოხდება დაკავებულებისთვის ბრალის წარდგენა, ცოტნე გამსახურდიას დაზარალებულის სტატუსი მიენიჭება, ამის შემდეგ მომეცემა შესაძლებლობა, გავეცნო საქმის მასალებს, ჩვენი შეფასებები ამის შემდეგ უფრო მეტად არგუმენტირებული იქნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ოჯახი საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველისთვის მიმართვას გეგმავს.

„ოჯახის პოზიციაა, რომ საკითხის მნიშვნელობიდან და იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვფიქრობთ, ამ საკითხის მიმართ კითხვის ნიშნების არარსებობა უპირველეს ყოვლისა სახელმწიფოს ინტერესი იყოს, მივმართოთ სახალხო დამცველს და შესაბამისად, ომბუდსმენი ამ საკითხში ჩაერთოს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში. ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, ვაწვდით მაქსიმალურად ინფორმაციას, გავეცნობით საქმის მასალებს და წარვუდგენთ გარკვეულ რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს, თუ რომელი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება მიგვაჩნია დამატებით მნიშვნელოვნად“, – განაცხადა ადვოკატმა.

როგორც ამირან გიგუაშვილმა აღნიშნა, დამატებითი ინფორმაცია იმისა შესახებ, რომ ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ ადამიანს შეეძლო ცოტნე გამსახურდიასთვის მძიმე დაზიანების მიყენება.

„პირდაპირი ინფორმაცია, რომ კიდევ სხვა პირიც მონაწილეობდა თავდასხმაში, არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ვერსიები. გარდა ამისა, ცოტნე გამსახურდია ფიზიკურად არის ძალიან ძლიერი და გამოცდილი ექსტრემალურ სიტუაციაში, ამიტომ ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ერთ ადამიანს შეეძლო მისთვის ესეთი დაზიანების მიყენება, გამოძიებამ უნდა გააგრძელოს მუშაობა ამ მიმართულებით და გამოკვეთოს. ჩვენ ყველას გვესმის, რომ მნიშვნელოვანი საქმეების საბოლოოდ გახსნა და ყველა ნიუანსის გამოვლენა შეუძლებელია ასეთ მოკლე ვადაში, თუმცა ყველა მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება სწორედ ახლა უნდა ჩატარდეს ჭეშმარიტების დასადგენად, რათა არ მოხდეს შემდგომ ამ პროცესის უკან დაბრუნება, რაც რა თქმა უნდა, გამოძიების თვალსაზრისით, იმავე შედეგის მომცემი ვერ იქნება შემდგომ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად მოვთხოვთ, წარმოადგინონ დამაჯერებელი მტკიცებულებები. ვიცით, რომ ცოტნე გამსახურდიას არ ჰქონდა ისეთი კონფლიქტი ან დაპირისპირება ვინმესთან, ვინც მას სასიკვდილოდ გაიმეტებდა. ეს არ იყო მხოლოდ ჩხუბი, ეს იყო მისი მკვლელობის მცდელობა, სხვა კვალიფიკაციაზე საუბარიც კი წარმოუდგენელია. აქ საუბარი შეიძლება იყოს იმაზე, ეს არის ჯგუფური დანაშაული თუ მხოლოდ ერთი პირი მონაწილეობდა. ყველაზე კარგი წყარო იქნება თავად ცოტნე როდესაც გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. შსს-ის ინფორმაციით, აქედან ერთი პირი დაკავებულია განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო ოთხი პირი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.

დაკავებულებს ბრალს ოფიციალურად სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს.  გამსახურდიას ორი ოპერაციაში ჩაუტარდა. მედიკოსების შეფასებით, მისი მდგომარეობა კვლავ მძიმეა.