ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი - ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ მიერ იქნა წერილობით დაყენებული პროკურატურის წინაშე, პრაქტიკულად გაზიარებულია
ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი - ყველა საკითხი, რომელიც ჩვენ მიერ იქნა წერილობით დაყენებული პროკურატურის წინაშე, პრაქტიკულად გაზიარებულია

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი თბილისის პროკურატურაში საქმის დამატებით მასალებს გაეცნო.

როგორც ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, ყველა საკითხი, რომელიც მათ მიერ იქნა წერილობით დაყენებული პროკურატურის წინაშე, პრაქტიკულად გაზიარებულია. დამატებით დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ადვოკატი ვერ საუბრობს.

„ძალიან ინფორმატიული შეხვედრა გვქონდა საქმის ზედამხედველ პროკურორთან, ასევე საქმის პროკურორთან. გამოიკვეთა რამდენიმე კონკრეტული მიმართულება, რომელზეც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, უფლებაც არ მაქვს, რომ გავამახვილო ყურადღება. თუმცა, მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ყველა ის მოსაზრება და საკითხი, რომელიც ჩვენს მიერ იქნა წერილობით დაყენებული პროკურატურის წინაშე, პრაქტიკულად არის გაზიარებული და მიმდინარეობს ამ საკითხებზე კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით, ისე სხვადასხვა გარემოებებთან დაკავშირებით.

ჩვენ შევთანხმდით, რომ რამდენიმე დღეში, უკვე ოჯახის წევრების გარეშე, როგორც ადვოკატს, მექნება შეხვედრა კონკრეტული საგამოძიებო საკითხების შესწავლის თვალსაზრისით და აზრთა გაცვლა-გამოცვლის მიზნით.

გამოძიება მუშაობს ყველა ვერსიასთან მიმართებაში, მით უმეტეს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ცოტნე გამსახურდია, როგორც დაზარალებული, არ არის ამ ეტაპზე კონტაქტური და ერთ-ერთი მთავარი წყარო ინფორმაციისა ასეთ საქმეებზე არის დაზარალებული. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენთვის ყველა ვერსია ამ ეტაპზე არის განხილვის საგანი, როგორც წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია“,- განაცხადა ადვოკატმა.

ამასთან, ცოტნე გამსახურდიას მეუღლის, ანა ჯაბაურის განცხადებით, გამოძიებამ საქმის მიმდინარეობასთან დაკავშირებით შუალედური შედეგები გააცნოთ.

„გამოძიება არის შუალედური. მაინტერესებდა კონკრეტული საკითხები, როგორიც იყო მიმდებარე ტერიტორიაზე კამერების ამოღება და მათი ნახვა, აგრეთვე, ცოტნესთან შემავალი ზარების გაშიფვრა. აგრეთვე ექსპერტიზის პასუხები. სამწუხაროდ, ასეთ მოკლე ვადებში ვერც ერთის ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა. როგორც ამიხსნეს, ექსპერტიზას ხანდახან ორი-სამი თვეც სჭირდება და ჯერ სულ სამი კვირაა გასული. ასევე, განაცხადი შეტანილია კამერებზეც და ამოღებულია შემავალი ზარები ცოტნეს ტელეფონზეც, თუმცა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. ამიტომ გამოძიებამ მოგვცა მხოლოდ შუალედური შედეგები, ჯერ კონკრეტული პასუხები ვერ მივიღეთ. ჯერ ვერსიად რჩება პირადი კონფლიქტი, რომელიც ყველამ ვიცით და გამოძიებაც ადასტურებს, რომ ეს კონფლიქტი იყო ძალიან უმნიშვნელო და არასაკმარისი იმისთვის, რომ რამდენიმე პირს ერთი ადამიანის თავდასხმა და მკვლელობა დაეგეგმა“,- განაცხადა ანა ჯაბაურმა.

როგორც ცოტნე გამსახურდიას ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას ნამდვილად უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

„შეიძლება ითქვას, მივიღეთ შუალედური პასუხები. მე ვხედავ, რომ გამოძიებას ნამდვილად უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოს. რაც შეეხება საქმეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ ბევრი რამ არის გასაკეთებელი და გამოსაძიებელი. დეტალებზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ. მატერიალურ მასალებს, გავეცნობით ამ დღეებში, უახლოეს ხანებში პოლიციის მთავარ სამმართველოში, სადაც არის ეს საქმის მასალები“, – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.