ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებულ ოთხ პირს პატიმრობა განესაზღვრა, თორნიკე ქვათაძე კი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა
ცოტნე გამსახურდიას საქმეზე ბრალდებულ ოთხ პირს პატიმრობა განესაზღვრა, თორნიკე ქვათაძე კი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს, ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

​რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ თორნიკე ქვათაძეს, ის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა. პროკურატურამ დაკავებულ ხუთივე პირს ბრალი გუშინ წარუდგინა.

ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში ორი პირია მიცემული, ტატო ღარიბაშვილი და გიორგი სოლოღაშვილი. რაც შეეხება პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს, მათ ბრალი დანაშაულის შეუტყობინებლობაში ედებათ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა, გიორგი სოლოღაშვილმა განაცხადა, რომ ცოტნე გამსახურდიას დანა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მან დაარტყა.