ადვოკატი - სამწლიანი ბრძოლა, მიგვეღო ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალები, წარმატებით დასრულდა
ადვოკატი - სამწლიანი ბრძოლა, მიგვეღო ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალები, წარმატებით დასრულდა

დასრულდა წარმატებით სამწლიანი ბრძოლა, მიგვეღო საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის მასალები,- ამის შესახებ გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა განაცხადა.

მისი განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა 2018 წელს შეტანილი სარჩელი და არაკონსტიტუციურად სცნო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავს დაზარალებულის შესაძლებლობას, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს ასლის სახით, საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტთან მიმართებით.

ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ზვიად გამსახურდიას საქმიდან გამომდინარე, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში ორი ცვლილება შევიდა. პირველი ეხებოდა საქმის ხანდაზმულობის ვადის ხუთი წლით გაზრდას.

„ეს საქმე პროფესიული თვალსაზრისითაც და საზოგადოებრივი მნიშვნელობითაც ძალიან საინტერესოა. ჩვენ უკვე მეორე კანონი შევცვალეთ საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. 2018 წელს ჩვენ მოვახდინეთ კანონპროექტის ინიცირება, რათა პრეზიდენტ გამსახურდიას საქმეზე ხანდაზმულობის გამო არ შეწყვეტილიყო გამოძიება და არ შემოდებულიყო თაროზე. ეს კანონი დაჩქარებული წესით იქნა მიღებული, რაც განსაკუთრებული მნიშვნელობის საქმეებზე გამოძიების ვადის ხუთი წლით გახანგრძლივებას ითვალისწინებს. პარალელურად ვითხოვდით, ამ სისხლის სამართლის საქმის მასალებს. რათა სრულფასოვნად შეგვესწავლა, რა ხდებოდა ამ საქმეში“, – აცხადებს ამირან გიგუაშვილი.

მისივე თქმით, საქმეში უამრავი დარღვევაა, რაც მასალების გაცნობის შემდეგ უკეთ გამოჩნდება. როგორც ადვოკატი ამბობს, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქმის დეტალებს მედიასაშუალებებით გაასაჯაროებენ.

„მასალები უკვე გამოვითხოვეთ გენერალური პროკურატურიდან. არის მოცულობითი, დაახლოებით 24 ტომი. ამ მასალებს დამუშავება და გაანალიზება დასჭირდება. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის საინტერესო იქნება, კონკრეტულად რა დევს სისხლის სამართლის საქმეში და რამდენად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ამ საქმეზე ერთხელ და სამუდამოდ დადგეს ობიექტური ჭეშმარიტება“, – აღნიშნავს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.

ადვოკატმა ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, ცოტნე გამსახურდია კონტაქტურია და ის რეაბილიტაციის კურსს გერმანიის წამყვან კლინიკაში გადის.

„რაც შეეხება ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობას, მიმდინარეობს ინტენსიური სარეაბილიტაციო პროცესი. ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, ფაქტობრივად, მისი გადარჩენა სასწაულია, რომელიც ექიმების ჩარევით და უფლის ნებით განხორციელდა. მას ყველა სათანადო პროცედურა უტარდება, რომელიც ასეთი რთული სარეაბილიტაციო პროცესისთვის არის დამახასიათებელი. გერმანიაში, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში იმყოფება“, – აღნიშნავს ამირან გიგუაშილი.