44-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ჰააგაში მხარი დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნასა და რუსულ აქტივებს ეხება
44-მა სახელმწიფომ, მათ შორის საქართველომ, ჰააგაში მხარი დაუჭირა დეკლარაციას, რომელიც უკრაინაში რუსეთის დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნასა და რუსულ აქტივებს ეხება

ჰააგაში გამართულ კონფერენციაზე, რომლის სახელწოდებაა „სამართლიანობის აღდგენა უკრაინაში“, მიიღეს დოკუმენტი, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნასა და გაყინული რუსული აქტივების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებას ეხება.

დეკლარაციას ხელი მოაწერა 44 ქვეყნის წარმომადგენელმა, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ, იტალიამ და საქართველომ. კონფერენციაზე სულ წარმოდგენილი იყო 57 სახელმწიფო.

დოკუმენტის ხელმომწერები გმობენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას და მას საერთაშორისო წესრიგის თვალსაჩინო დარღვევას უწოდებენ. დოკუმენტში ნახსენებია გაერო-ს სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის გადაწყვეტილება, რომელიც რუსეთს საომარი მოქმედებების შეჩერებას ავალდებულებს. დეკლარაციის მხარდამჭერი ქვეყნები საერთო ძალისხმევის გაძლიერების ინიციატივით გამოდიან, რათა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ წამოწყებული ომის პერიოდში გამოვლენილი საერთაშორისო სამართლის ყველა დარღვევა სათანადოდ იყოს გამოძიებული და შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.

დოკუმენტის ხელმომწერები ადასტურებენ მზადყოფნას, იმუშაონ სპეციალური ტრიბუნალის შექმნაზე, რათა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის პასუხი აგოს, მათ შორის, საუბარია რუსეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დასჯაზეც.

დეკლარაციის მეორე ნაწილში საუბარია უკრაინისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციის საკითხზე. ხელმომწერი ქვეყნები მიესალმებიან ზარალის რეესტრის ამოქმედებას, რომელიც განაცხადების მიღებას დაიწყებს. ხელმომწერი სახელმწიფოები პირობას დებენ, რომ მათ იურისდიქციაში არსებული რუსული აქტივები გაყინული იქნება, ვიდრე მოსკოვი არ შეწყვეტს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს მიყენებულ ზარალს. ისინი ასევე მიესალმებიან დისკუსიას ამ აქტივებისა და მათგან მიღებული შემოსავლის უკრაინის სასარგებლოდ გამოყენების საკითხზე.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დეკლარაციის ხელმომწერ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ სპეციალური ტრიბუნალის შექმნა მოხერხდება.