„როიტერი“ - ღაზაში შესაძლო სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებმა ღაზის საავადმყოფოს ექიმების გამოკითხვა დაიწყეს
„როიტერი“ - ღაზაში შესაძლო სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებმა ღაზის საავადმყოფოს ექიმების გამოკითხვა დაიწყეს

ღაზაში შესაძლო სამხედრო დანაშაულებთან დაკავშირებით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორებმა ღაზის საავადმყოფოს ექიმების გამოკითხვა დაიწყეს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, პროკურორებმა გამოჰკითხეს ალ-შიფასა და ხან იუნისის საავადმყოფოების პერსონალი.

ანონიმური მოსაუბრეები „როიტერთან“ დამატებითი დეტალების დაზუსტებისგან თავს იკავებენ, პოტენციურ მოწმეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო.

როგორც „როიტერის“ ერთ-ერთი წყარო აღნიშნავს, საავადმყოფოების გარშემო განვითარებული მოვლენები, შესაძლოა, გახდეს სასამართლოს გამოძიების ნაწილი, რომელიც განიხილავს სისხლის სამართლის საქმეებს ცალკეული პირების წინააღმდეგ სამხედრო დანაშაულების, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების, გენოციდისა და აგრესიის გამო.

როგორც ჰააგაში აცხადებენ, ისინი იძიებენ კონფლიქტის ორივე მხარეს, როგორც „ჰამასის“ მებრძოლების მიერ ისრაელზე 7 ოქტომბერს განხორციელებულ თავდასხმას, ასევე ღაზაში ისრაელის მიერ დაწყებულ იერიშს.

აღსანიშნავია, რომ ღაზაში ომის მიმდინარეობისას ზემოთ ხსენებული საავადმყოფოები და მათი მიმდებარე ტერიტორიები ისრაელის სარაკეტო და სახმელეთო იერიშების სამიზნე გახდა. როგორც ისრაელში განმარტავენ, „ჰამასის“ მებრძოლები საავადმყოფოებს სამხედრო დანიშნულებით იყენებდნენ, რასაც „ჰამასი“ და სამედიცინო პერსონალი უარყოფს.

უნდა აღინიშნოს, რომ საომარ პირობებში საავადმყოფოები საერთაშორისო შეთანხმებებითაა დაცული, რომელთა თანახმადაც, მათზე განხორციელებული თავდასხმები ომის დანაშაულებად ითვლება. თუმცა ეს დაცვა, შესაძლოა, მოიხსნას იმ გარემოებებში, თუ საავადმყოფოები მებრძოლების მიერ გამოიყენება ისეთი დანიშნულებით ხდება, რაც ზიანს აყენებს მოწინააღმდეგეს.

როგორც „როიტერი“ წერს, ისრაელი არ არის ჰააგის სასამართლოს წევრი, თუმცა 2015 წლიდან მისი წევრია პალესტინური ტერიტორიები, რაც სასამართლოს უფლებამოსილებას ანიჭებს, გამოიძიოს ისრაელელი სამხედროების ქმედებები პალესტინურ ტერიტორიებზე და პალესტინელების წინააღმდეგ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზეც. თუმცა ისრაელი არ აღიარებს სასამართლოს იურისდიქციას თავის მოქალაქეებზე.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნებისმიერი ნაბიჯი გავლენას ვერ იქონიებს ისრაელის ქმედებებზე, თუმცა ის „სახიფათო პრეცედენტს ქმნის, რაც საფრთხეს უქმნის სამხედროებსა და საჯარო მოხელეებს“.

„ჩემი ლიდერობის პირობებში ისრაელი არასდროს დაუშვებს, რომ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ძირი გამოუთხაროს თავდაცვაზე ძირითად უფლებას“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.