ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას ისტორიულ სირცხვილს უწოდებს
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებას ისტორიულ სირცხვილს უწოდებს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილება „ისტორიული სირცხვილია, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდებათ“. მისი თქმით, ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერების გაცემის მოთხოვნა არის პირდაპირი თავდასხმა შვიდ ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის მსხვერპლზე და მძევლებზე.

„მაშინ, როდესაც „ჰამასის“ მკვლელები და გამაუპატიურებლები ჩადიან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს ჩვენი ძმების და დების წინააღმდეგ, პროკურორი „ჰამასის“ მსგავსი მონსტრების გვერდით მოიხსენიებს პრემიერ-მინისტრსა და თავდაცვის მინისტრს, ეს არის ისტორიული სირცხვილი, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდებათ“, – განაცხადა კაცმა.

კაცის თქმით, მან სამინისტროს დაავალა, შეიქმნას სპეციალური ოპერაციული ცენტრი, რომელიც ფოკუსირებული იქნება იმ გადაწყვეტილების წინააღმდეგ ბრძოლაზე, რომელიც მიმართულია ისრაელისთვის ხელების შეკვრისკენ და თავდაცვის უფლების გამოყენების ხელის შეშლისკენ.

“მე ვაპირებ, ველაპარაკო მსოფლიოში წამყვანი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს, რომ ისინი შეეწინააღმდეგონ პროკურორის გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ისრაელ კაცმა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს და თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის, ასევე „ჰამასის“ სამი ლიდერის დაკავების ორდერის გაცემას ითხოვს.