33 რამ, რაც დედამიწაზე მოხდება შემდეგი ტრილიონი წლის განმავლობაში
33 რამ, რაც დედამიწაზე მოხდება შემდეგი ტრილიონი წლის განმავლობაში

ადამიანები ყოველთვის ცნობისმოყვარეები იყვნენ. მათ არა მხოლოდ კაცობრიობის, არამედ პლანეტა დედამიწისა და სამყაროს ბედიც აინტერესებთ. მაგრამ ბოლო წლებში, როცა სახეზეა საფრთხეები, რომლებსაც ჩვენს პლანეტას კლიმატის ცვლილება უქადის, დედამიწის მომავალზე უფრო ხშირად გვეფიქრება. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს არ შეუძლიათ გადაჭრით თქვან, თუ რა მოხდება ათასობით ან მილიონი წლის შემდეგ, მომავლის პროგნოზირებას ისინი მაინც ცდილობენ მათ ხელთ არსებული ამჟამინდელი ტექნოლოგიებით.

წარმოგიდგენთ ზოგიერთ პროგნოზს, რომელიც მეცნიერთა აზრით, დედამიწაზე შემდეგი ტრილიონი წლის განმავლობაში მოხდება.

 

10 000 წლის შემდეგ

თუ დედამიწის ყინულების დნობა ამჟამინდელი მაჩვენებლებით გაგრძელდა, მომდევნო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ზღვის დონე 3-4 მეტრით აიწევს. 10 000 წლის შემდეგ, ადამიანებს შორის აღარ იარსებებს რეგიონული გენეტიკური სახესხვაობები. მაგალითად, აღარ გვექნება ცისფერი, ყავისფერი, მწვანე, ერთმანეთისგან განსხვავებული თვალები.

 

13 000 წლის შემდეგ

ამ დროისათვის გადანაცვლდება დედამიწის დახრილობა ღერძისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ზამთარი და ზაფხული დედამიწის ორბიტის ერთმანეთის საპირისპირო მხარეებზე დადგება. ანუ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გამოკვეთილი სეზონური ცვალებადობები, რაც ხმელეთის მაღალი პროცენტულობითაა გამოწვეული, უფრო ექსტრემალური გახდება. ამის მიზეზი ის არის, რომ დედამიწის ეს ნაწილი მზისკენ მაშინ იქნება გადახრილი, როცა პლანეტა ჩვენს ვარსკვლავთან ყველაზე ახლოს იქნება.

 

15 000 წლის შემდეგ

ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, დედამიწის პოლუსების პრეცესია ჩრდილოეთ აფრიკის მუსონებს იმდენად შორს გადააადგილებს, რომ საჰარის უდაბნოში ისეთივე ტროპიკული კლიმატი დაბრუნდება, როგორიც 5000-10000 წლის წინ იყო.

 

20 000 წლის შემდეგ

ჩერნობილის აკრძალული ზონა ადამიანთა საცხოვრებლად კვლავ ვარგისი გახდება.

 

36 000 წლის შემდეგ

წითელი ჯუჯა ვარსკვლავი როს 248 დედამიწას 3,024 სინათლის წლის მანძილზე მოუახლოვდება და მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი გახდება. 8000 წლის შემდეგ, ის კვლავ უკან დაიხევს და უახლოესი ვარსკვლავის სტატუსი კვლავ ალფა კენტავრის გადაეცემა. მის შემდეგ კი ამ პოზიციას ვარსკვლავი Gliese 445 დაიკავებს.

 

50 000 წლის შემდეგ

ნიაგარას ჩანჩქერი ერის ტბას 32 კილომეტრით დაშორდება და გაქრება. დღის ხანგრძლივობა 86,401 SI წამით გაიზრდება.

 

100 000 წლის შემდეგ

სავარაუდოდ, ჰიპერგიგანტი ვარსკვლავი VY დიდი ქოფაკი ჰიპერნოვად აფეთქდება. ცაზე შეიცვლება თანავარსკვლავედთა ფორმები. სავარაუდოდ, დედამიწაზე მოხდება სუპერვულკანური ამოფრქვევა, ზედაპირზე ამოვა 400 კმ3 მაგმა.

 

200 000 წლის შემდეგ

გალაქტიკაში ციურ სხეულთა მოძრაობის გამო, გაქრება ჩვენთვის კარგად ცნობილი ისეთი თანავარსკვლავედები, როგორებიცაა დიდი დათვი, ორიონი თუ პერსევსი. ჰავაის ჯაჭვში არსებული ახალგაზრდა წყალქვეშა ვულკანი ლოიჰი ოკეანის ზედაპირზე ამოვა და წარმოქმნის ახალ კუნძულს. 295 000 წლის შემდეგ, ხომალდი Voyager 2, 4,7 სინათლის წლის მანძილზე ჩაუვლის ღამის ცის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავს — სირიუსს.

 

300 000 წლის შემდეგ

სუპერნოვად აფეთქდება ვოლფ-რაიეს ტიპის ვარსკვლავი WR 104. არსებობს ვარაუდი, რომ მის მიერ გამოყოფილი გამა-გამოსხივება საფრთხეს შეუქმნის დედამიწაზე არსებულ სიცოცხლეს.

 

500 000 წლის შემდეგ

დედამიწას სავარაუდოდ დაეცემა 1 კმ დიამეტრის ასტეროიდი. ამჟამინდელ ბირთვულ რეაქტორებში არსებული საწვავი უსაფრთხო გახდება.

 

მილიონი წლის შემდეგ

სუპერვულკანური აქტივობების პროცესში ამოიფრქვევა 3200 კმ3 მაგმა. სწორედ ეს არის ის მაქსიმალური ვადა, როცა სუპერნოვად უნდა აფეთქდეს წითელი სუპერგიგანტი ვარსკვლავი ბეთელჰეიზე. აფეთქება ხილული იქნება დღის სინათლეზეც. არ არის გამორიცხული, ბეთელჰეიზე 100 000 წლის შემდეგაც აფეთქდეს. საბოლოოდ დეგრადირდება ამ დრომდე წარმოებული ყველა მინა. შესაძლოა, კვლავ არსებობდეს მასიური ქვის სტრუქტურები, მაგალითად, ხეოფსის პირამიდა და რაშმორის მთის მემორიალი.

 

2 მილიონი წლის შემდეგ

აღდგება ადამიანთა მიერ დაზიანებული მარჯნის რიფების ეკოსისტემა. ეროზიის შედეგად უფრო გაგანიერდება დიდი კანიონი.

 

10 მილიონი წლის შემდეგ

აღმოსავლეთ აფრიკის რღვევის ხაზი წყლით ამოივსება და აფრიკის დიდი ნაწილი ინდოეთის ოკეანეში კუნძულის სახით შეცურდება. მცენარეთა და ცხოველთა ამჟამად არსებულ სახეობათა დიდი ნაწილი ან საერთოდ გაქრება, ან ახალ ფორმებად გარდაიქმნება.

 

50 მილიონი წლის შემდეგ

მაქსიმალური ვადა, როდესაც მარსს თავის მთვარე ფობოსი შეეჯახება. ხმელთაშუა ზღვის აუზთან აფრიკა ევრაზიას შეეჯახება და წარმოიქმნება ჰიმალაის მსგავსი მთათა სისტემა.

 

100 მილიონი წლის შემდეგ

გაქრება სატურნის რგოლები. დედამიწას შეეჯახება დაახლოებით იმ ზომის ასტეროიდი, რომელმაც 66 მილიონი წლის წინ დინოზავრების გადაშენება გამოიწვია.

 

250 მილიონი წლის შემდეგ

შესაძლოა, გაერთიანდეს დედამიწის ყველა კონტინენტი და წარმოიქმნას ერთი სუპერკონტინენტი. მზის სისტემა დაასრულებს ერთ სრულ გარშემოვლას ირმის ნახტომის გარშემო.

 

600 მილიონი წლის შემდეგ

მზის მომატებული სიკაშკაშე დაარღვევს კარბონატ-სილიკატების ციკლს. მაღალი სიკაშკაშე გამოფიტავს ზედაპირის ქანებს, რომლებიც ნახშირბადს ინახავენ. გრძელვადიან პერსპექტივაში, ნახშირორჟანგის დონე იმდენად დაეცემა, რომ ხეები ვეღარ შეძლებენ C3 ფოტოსინთეზს. შედეგად, გაქრება ტყეები და დაიწყება დედამიწის მცენარეული საფარის მეგა-მასობრივი გადაშენება. მთვარე დედამიწას იმდენად მოშორდება, რომ შეუძლებელი იქნება მზის სრული დაბნელების მოხდენა.

 

800 მილიონი წლის შემდეგ

ნახშირორჟანგის დონე იმდენად შემცირდება, რომ შეუძლებელი იქნება C4 ფოტოსინთეზი. მცენარეების გარეშე, გაქრება ჟანგბადი და ოზონის შრე, დედამიწის ზედაპირს კი მომაკვდინებელი ულტრაიისფერი რადიაცია მოაღწევს. რაღაც ეტაპზე, ოკეანეებში გადარჩებიან გარკვეული ცხოველები, მაგრამ წყალში ჟანგბადისა და ორგანულ ნივთიერებათა გამოლევის გამო, ისინი გაქრებიან.

 

მილიარდი წლის შემდეგ

მზის სიკაშკაშე მომატებული იქნება 10 პროცენტით, რის გამოც, დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 47 °C-ს მიაღწევს. აორთქლდება ოკეანეები. წყლის გაქრობის გამო, გამყარდება ქანები, რაც შეანელებს და საბოლოოდ შეწყვეტს ფილების ტექტონიკას. წყლის მცირე ოდენობა შეიძლება შემორჩეს პოლუსებზე, სადაც შესაძლოა, სიცოცხლეც გადარჩეს. 1,3 მილიარდი წლის შემდეგ, ნახშირორჟანგის გამოლევის გამო, დედამიწაზე სრულად შეწყდება ეუკარიოტული სიცოცხლე, გადარჩება მხოლოდ პროკარიოტული. მზის მზარდი სიკაშკაშის გამო, 1,5-1,6 მილიარდი წლის შემდეგ, ჩვენი ვარსკვლავის სასიცოცხლო ზონა მისგან უფრო შორს გადაიწევს. მარსის ატმოსფეროში ნახშირორჟანგის დონის მომატების გამო, წითელი პლანეტის ზედაპირის ტემპერატურა იმ დონემდე მოიმატებს, რაც დედამიწაზე იყო გამყინვარების ეპოქაში.

 

2 მილიარდი წლის შემდეგ

დედამიწის ბირთვის გარე ნაწილი გაიყინება. ამ თხევადი საფარის გარეშე, გაქრება ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი და მზისგან მომდინარე დამუხტული ნაწილაკები დედამიწას თანდათან გააცლიან ატმოსფეროს. დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 149 °C-ს მიაღწევს. ამ მომენტისთვის, საბოლოოდ ამოწყდება მიკროგარემოებში გადარჩენილი ერთუჯრედიანი სიცოცხლის ფორმები.

 

3 მილიარდი წლის შემდეგ

არსებობს დაახლოებით 100 000-დან 1 შანსი, რომ შემხვედრმა ვარსკვლავმა დედამიწა ვარსკვლავთშორის სივრცეში გატყორცნოს. გარდა ამისა, არის 3 მილიონში 1 შანსი, რომ ჩვენი პლანეტა სხვა ვარსკვლავმა დაიჭიროს.

 

4 მილიარდი წლის შემდეგ

ანდრომედას გალაქტიკა ირმის ნახტომს შეეჯახება და წარმოიქმნება ერთი გიგანტური გალაქტიკა, რომელსაც ასტრონომები ხშირად „მილკომედას“ სახელით იხსენიებენ. სავარაუდოდ, ეს შეჯახება არ იმოქმედებს მზის სისტემის პლანეტებზე.

 

5 მილიარდი წლის შემდეგ

ბირთვში წყალბადის საწვავის ამოწურვის გამო, მზე დატოვეს მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავთა რიგებს და დაიწყებს წითელ გიგანტად გადაქცევას.

 

7 მილიარდი წლის შემდეგ

დედამიწა და მარსი, სავარაუდოდ გრავიტაციულად ჩაიკეტება, ანუ მათი ერთი მხარე მუდმივად მზისკენ იქნება მოქცეული, მეორე კი პირიქით. არსებობს დიდი ალბათობა, რომ დედამიწა და მთვარე მზეში ჩავარდეს. წითელ გიგანტად გადაქცევისას, მზის რადიუსი ამჟამინდელზე 256-ით მეტი იქნება. ამ დროისათვის, სატურნის მთვარე ტიტანზე შესაძლოა, ტემპერატურამ იმ დონემდე მოიმატოს, რომ შეიქმნას სიცოცხლისთვის ხელსაყრელი გარემო. წითელი გიგანტის ფაზის მიწურულს, სრულად იქნება განადგურებული მერკური და ვენერა, დიდი ალბათობით, დედამიწა და მარსიც.

 

8 მილიარდი წლის შემდეგ

ჩვენი მზე ნახშირბად-ჟანგბადის თეთრ ჯუჯა ვარსკვლავად გადაიქცევა. მისი მასა ამჟამინდელის მხოლოდ 54,05% იქნება. თუ დედამიწა როგორღაც გადარჩა, ამ დროისთვის პლანეტის ზედაპირზე ტემპერატურა სწრაფად დაეცემა, რადგან თეთრი ჯუჯა მზის მიერ გამოსხივებული ენერგია დღევანდელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები იქნება.

მომზადებულია boredpanda.com-ის მიხედვით.