ფიქრია ჩიხრაძე - პრეზიდენტის ვეტოზე კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა
დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ მარკერმომარჯვებული პარლამენტის თავმჯდომარის ფუყე თავდაჯერებით სავსე გამოსვლა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით, სადაც თურმე, მან ვერ იპოვა ვერანაირი არგუმენტი და დასაბუთებული წინადადება – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ დღეს მედიასთან გამართული შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.
„სამწუხაროა, რომ ჩვენ ამას ვისმენთ იმ ადამიანისაგან, რომლის ავტორობითაც მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და პრაქტიკულად, მეორე დღესვე თავად დაიწყო მიღებული ცვლილებების ჩასწორება.
დღესაც ის ესაუბრებოდა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს იმაზე, რომ თურმე, მიღებული კანონის შემდეგ, რომელსაც ამდენი ვნებათაღელვა მოჰყვა მიღების პროცესში, ახლა უნდა დაიწყოს გამოთვლები, არგუმენტების აწონ-დაწონა და ისე უნდა იქნას გადაწყვეტილებები მიღებული, რაც თავის დროზე უნდა გაკეთებულიყო და არა პოსტ ფაქტუმ.
ძალიან სამწუხაროა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირისაგან, ჩვენ პერმანენტულად, ყველა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით ვისმენთ ასეთ უარგუმენტო, უპასუხისმგებლო და არაკომპეტენტურ განცხადებებს.
დღეს მოვისმინეთ, რომ თურმე, მმართველი პარტიის ინტერესი არ არის მიღებული კანონების საფუძველზე, რა ვითარება შეიქმნება, მედიაბაზარზე და მას ავიწყდება, რომ მმართველი პარტიის ინტერესი, უპირველეს ყოვლისა, ორიენტირებული უნდა იყოს სახელმწიფოს ინტერესზე და სახელმწიფოს ინტერესია ის, რომ ქვეყანაში არსებობდეს დაბალანსებული მედიაბაზარი, არ ზარალდებოდეს მედიამრავალფეროვნება, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელიც“ იყოს ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობილი, მაგრამ ეს არ უშლიდეს ხელს სხვა მედიასაშუალებების განვითარებაში“, – აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.