ფიქრია ჩიხრაძე - არჩევნების გადადების მექანიზმი არანაირად არ არის ოპოზიციის ხელში
ფიქრია ჩიხრაძე - არჩევნების გადადების მექანიზმი არანაირად არ არის ოპოზიციის ხელში

არჩევნების გადადების მექანიზმი არ არის არანაირად ოპოზიციის ხელში. ბუნებრივია, თუ ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში და ხელისუფლებას აქვს უპირველესყოვლისა პასუხისმგებლობა ამაზე, ჩვენ მზად ვართ, რომ კონსულტაციებში ჩავერთოთ, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველაფერზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.

„როდესაც სახალხო დამცველი ლაპარაკობს ამ თემებზე, როდესაც ლამის ქვეყანა სასაკლაოდ არის ქცეული, კეთილი უნდა ინებოს ხელისუფლებამ ნაცვლად ცინიზმისა, ნაცვლად გადაბრალებისა, უნდა გადადგან ნაბიჯები თუნდაც იმისთვის, რომ საზოგადოება დაამშვიდონ, რომ რაღაც ხედვა, რაღაც გეგმა გააჩნიათ და პასუხიმგებლობას იღებენ სიტუაციაზე. თუმცა, მე პირადად არანაირი მოლოდინი არ მაქვს არც წარსული გამოცდილებიდან და დღევანდელ რეალობაში, რომ ხელისუფლება აცნობიერებს, რა ვითარებაში ვართ. თვითონ არიან ყველაფერ ამაზე პასუხისმგებელი. სულ მცირე, ჩვენ უნდა ვიცოდეთ საკოორდინაციო საბჭო რას ამბობს შიგნით და რა რეკომენდაციებს გასცემს. ოპოზიციას არ აქვს თვალუწვდენელი რესურსები განსხვავებით ხელისუფლებისგან. ჩვენ უკვე მთელი რესურსი ამოქმედებული გვაქვს და ძალიან ძნელი იქნება ჩვენგან, რომ ეს რესურსი გავაჩეროთ, დავკარგოთ. ოპოზიციას პირიქით ბევრ პრობლემას უქმნის ეს“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

საქართველოს სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შეფასებით, მაშინ, როდესაც ქვეყანას დღის განმავლობაში კორონავირუსისგან 60-70 გარდაცვლილი ჰყავს, უფრო მკაცრი რეგულაციები უნდა იყოს შემოღებული.

ამასთან, ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები უნდა მსჯელობდნენ, ასეთ ვითარებაში შეიძლება თუ არა არჩევნების ჩატარება.

„რატომ არავინ მსჯელობს, შეიძლება თუ არა თუნდაც ასეთ ვითარებაში არჩევნების ჩატარება, რა უნდა ხდებოდეს ქვეყანაში უფრო საგანგაშო, უფრო სავალალო, უფრო ტრაგიკული თუ არა ეს, რაც დღეს ხდება. ანუ რა შემთხვევაში შეიძლება გამოცხადდეს იგივე სააგანგებო მდგომარეობა, ან როდის შეიძლება განვიხილოთ არჩევნების გადადება“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.