ფიქრია ჩიხრაძე - „ლელოს“ დესტრუქციულობაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია, სამწუხაროდ, არც კი მივიდა პროცესი იქამდე, რომ მხარეებს კომპრომისებზე ესაუბრათ
ფიქრია ჩიხრაძე - „ლელოს“ დესტრუქციულობაზე საუბარი ღიმილისმომგვრელია, სამწუხაროდ, არც კი მივიდა პროცესი იქამდე, რომ მხარეებს კომპრომისებზე ესაუბრათ

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი ფიქრია ჩიხრაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და პასუხისმგებლობის სხვა მხარეს გადატანის მცდელობაზე საუბრობს.

„ეს განცხადებები ალბათ ემსახურება ძალიან ბავშვურ მცდელობას, რომ პასუხისმგებლობა სხვა მხარეს გადაიტანოს. „ლელოს“ დესტრუქციულობაზე საუბარი, მე ვფიქრობ, ძალიან ღიმილისმომგვრელია, ყველამ იცის, რომ, სამწუხაროდ, არც კი მივიდა პროცესი იქამდე, რომ მხარეებს კომპრომისებზე ესაუბრათ.

ფასილიტაციიდან მოდერაციაზე გადასვლა გულისხმობს სწორედ იმას რომ, მხარეები ერთმანეთთან კი აღარ აჯერებენ პოზიციებს, აჯერებენ მედიატორთან. მედიატორმა ვერ შეაჯერა „ქართულ ოცნებასთან“ ის პოზიცია, რომელიც მიშელის მიერ იყო დატოვებული, ცოტა გაღრმავებული და ჩაშლილი იყო სხვადახხვა მხარესთან შეხვედრის დროს მედიატორის მიერ, სწორედ ამის გამო გაჩერდა ეს პროცესი. საერთოდ ვეღარ მივიდა ოპოზიციამდე. ასე რომ, ოპოზიციისკენ ისრის გადმოტანა მათი მხრიდან აბსოლუტრად არარელევანტურია, რადგან მათ ეს პროცესი  საკუთარ მაგიდაზევე გააჩერეს“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ამასთან, ფიქრია ჩიხრაძის თქმით, როგორც ჩანს, მოლაპარაკების რაუნდები გაგრძელდება და ევროპის გარდა, შესაძლოა, პროცესში სხვა მოთამაშეებიც ჩაერთონ.

„ჩვენ ხომ ციდან არ ჩამოგვივარდა ეს პრობლემები, ეს პრობლემები დაგროვდა ამ ხელისუფლების 8 წლის განმავლობაში, შესაბამისად, მათ ასე უცებ რომ არ ეთმობათ ეს ყველაფერი, ამაში მოულოდნელი არაფერია. უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენი ქვეყანა კარგავს ძალიან ბევრ დროს ასეთ ვითარებაში. ჩვენ არ გვქონდა ილუზია, რომ შესაძლოა, ერთ რაუნდში დამთავრებულიყო ყველაფერი, თუმცა გვსურდა ეს ძალიან და ყველაფერს ვაკეთებდით ამისთვის. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და როგორც ჩანს, ეს რაუნდები გაგრძელდება, გაღრმავდება და ევროპის გარდა, შესაძლოა, სხვა მოთამაშეებიც ვიხილოთ ამ პროცესში ჩართული“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

ჩიხრაძის განმარტებით, ყველა პარტიამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა პარლამენტში შესვლას.

„აღარ ვფიქრობ მაგ თემაზე, რადგან ყველა პარტიამ თვითონ გადაწყვიტოს, აპირებს თუ არ აპირებს შესვლას. ჩვენ რატომ ვინერვიულოთ დაუსრულებლად. ახლა, „გირჩს“ ხან უნდა შესვლა, ხან – არა, ხან მიზეზი მოძებნა და ხან ვერ მოძებნა. ეს არ არის ჩვენი სადარდებელი თემა, თვითონ აანონსებენ ასეთ პროცესებს და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, ურჩევნიათ, ამ მოცემულობაში შევიდნენ პარლამენტში, თუ ურჩევნიათ, რომ პარლამენტს გარედან იბრძოლონ“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლაპარაკებებზე გამოიკვეთა სამი პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ და „ლელო“, რომლებიც ძალიან ხისტად მოქმედებდნენ.