მიხეილ გიორგაძე - ბოლო სამი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით უპრეცედენტოდ დიდი თანხა დაიხარჯა
მიხეილ გიორგაძე - ბოლო სამი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით უპრეცედენტოდ დიდი თანხა დაიხარჯა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, რომ აბსოლუტურად უპრეცედენტო იყო ბიუჯეტი, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით დაიხარჯა.

„ბიუჯეტმა 53 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა, სადაც 34 მილიონი „ქართუ ფონდის“ კონტრიბუცია იყო. 500-ზე მეტ ძეგლზე ჩატარდა სარეაბილიტაციო კვლევა, საკონსერვაციო სამუშაოები და აქაც მინდა აღვნიშნო რომ 300 ზე მეტი იყო „ქართუს“ კონტრიბუცია“, – განაცხადა მინისტრმა.

მიხეილ გიორგაძემ, ქვეყნის გარეთ მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა პატრონობის საკითხზეც გაამახვილა ყურადღება.

„აუცილებელია, აღინიშნოს ის მუშაობა, რომელიც მიმდინარეობს ქვეყნის ფარგლებს გარეთ კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვის კუთხით. აქ შესაბამისი ხელშეკრულებები გაფორმდა თურქეთთან, სომხეთთან კვიპროსთან, ინდოეთის რესპუბლიკასთან. ხაზი მინდა გავუსვა თურქეთთან ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულებით, პრაქტიკულად 10-წლიანი გაყინული პროცესი დაიძრა. ის დიდი სურვილი და აუცილებლობა, რომელიც წარმოადგენდა ჩვენი ქვეყნის ჩართულობას თურქეთის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის რეაბილიტაციის პროცესებში მიღწეულია და უფრო მეტიც, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართულებით. პარხალში იყვნენ ჩვენი სპეციალისტები ჩასული და კონკრეტულად ჩართულები იყვნენ მიმდინარე სამუშაოებში. შემდეგი ნაბიჯი ამ მიმართულებით ოშკის რეაბილიტაციის დაწყებაა, სადაც ბუნებრივია, ჩვენი სპეციალისტები იქნებიან ჩართულები“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც რაც მიხეილ გიორგაძემ კომიტეტის სხდომაზე მიმოიხილა, მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი და დაბრუნებული მატერიალური და არამატერიალური ძეგლების საკითხი იყო.

„მსოფლიო მემკვიდრეობის სამი ძეგლიდან – მატერიალურ ძეგლებს ვგულისხმობ, ორი იყო საფრთხის შემცველი ძეგლების ნუსხაში. წელს უკვე ორივე ძირითად სიაშია დაბრუნებული – მცხეთა, გელათი, ჩაჟაში. ამ პროცესში ჩვენ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან დავკარგეთ ბაგრატი, მაგრამ ახალ ნომინაციაზე ვმუშაობთ, ისტორიული ზონის ნომინაციაზე, რომლის ფარგლებში ეს ტაძარი მაინც იქნება იუნესკოში, არა ცალკე ნომინაციიათ. ვმუშაობთ წინასწარულ ნუსხაზე იუნესკოს ექსპერტებთან ერთად, რათა შემდგომი ნომინაციები წარვადგინოთ. ასევე, მნიშვნელოვანია არამატერიალური ნაწილი, წელს ქართული დამწერლობის სამი სახეობის ნომინაცია იყო წარმატებული და ასევე ქართული ჭიდაობის ნომინაციააზწ მიმდინარეობს მუშაობა. ასევე, პირველად ინდუსტრიული მემკვიდრეობის სტატსუსი მქონე ობიექტი გაჩნდა. ეს გახლავთ ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი და ახლა მიმდინარეობს მის გარშემო ინფრასტრუქტურის პროექტირება და ტურისტული მიზიდულობის ცენტრის გაჩენა ამ ნაწილში“, – განაცხადა მინისტრმა.