ამ დროს გაკრთა შავი ფერის კაბა შემოსასვლელში. თეატრმცოდნე წამოდგა. ოთახში გაეშურა, ერთხანს შეყოვნდა შავკაბიანთან, მაგნიტოფონს მიუახლოვდა, შემდეგ ჩართო, ხმას დაუწია, სამზარეულოს დაუბრუნდა.
ტა-ტა-ტა-ტა, ტა-ტა-ტა-ტა, – ხმადაბლა გაიფონა მენდელსონის სამგლოვიარო მარში დეას ბინაში.
დეა სკამზე ჩამოჯდა.
– უხერხულია, მიდი იმ ქალთან, – მიმართა თეატრმცოდნეს დრამატურგმა, – ვინ არის? – იკითხა შემდეგ.
– მეზობელია, – მიუგო თეატრმცოდნემ დრამატურგს და სკამზე ჩამოჯდა.
– ჩვენ აქ, სუფრასთან, ის – იქ… უხერხულია, მიდი! – გაუმეორა დრამატურგმა.
– საუხერხულო არაფერია, მივიღე სამძიმარი, მოვუბოდიშე კიდეც, იჯდება და წავა, – თქვა თეატრმცოდნემ; შეყოვნდა, შემდეგ დაამატა, – ასე უფრო მალე წავა…
– ჩუუ! – ბაგესთან მიიბჯინა საჩვენებელი თითი დრამატურგმა.
– პირველი სადღეგრძელო მე მომაკუთვნეთ; ჰოდა, ვიტყვი, – თქვა თეატრმცოდნემ და ჭიქას შეავლო ხელი.
`კუბოს ოთხი სახელური აქვს, ესენიც ოთხნი არიან იქ, სამზარეულოში, მე მიგონებენ, მე – საცოდავს~, – ფიქრობს დეა, თეატრმცოდნის თავდაუზოგავ მცდელობაზე იღიმის მერე, – `მეტისმეტი მოგდის, ვატატო~, – ფიქრობს დეა, – `სტუდენტობიდან დაიწყო ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფიის მიმოხილვა ვატატომ; ბროშურის დაწერას რომ აპირებდა ჩემზე და დაფინანსება არ აღირსეს, ესეც აღნიშნა თეატრმცოდნემ~, – ფიქრობს დეა, უსმენს ვატატოს, ვინც ხმას ითრთოლებს სადღეგრძელოს დასკვნით ნაწილში:
– ის უჩვეულო ადამიანი იყო; ძალიან მართალი ცხოვრებაშიც და სცენაზეც! მე ის მიყვარდა. მიყვარს… მუდამ მეყვარება… ჩემი დეა… – დაასრულა თავისი გამოსვლა თეატრმცოდნემ.
ჭიქები გაწკრიალდა.
`კეთილი~, – ფიქრობს დეა, – `ვატატოს სადღეგრძელო ჩავათავეთ, მაგრამ კუბოს ოთხი სახელური აქვს, მეხუთე სადღეგრძელოა საინტერესო, იქ იწყება ჩემი გამოსვლა~, – ფიქრობს დეა; ამჩნევს პატიკოს, რომელიც სამზარეულოდან მობოდიალობს სავსე ჭიქით, დეა თავს ხრის, მსახიობი კუბოს უახლოვდება და დეას თავისი პირველი ქმრის ჩუმი ქვითინი ესმის:
– დეიკო, როგორ მატკინე გული! დეიკო, დეა, დეიკო, შე ბოზო, როგორ მატკინე გული…
`მიცვალებულთან რა შუაშია `ბოზო~, – ფიქრობს დეა, იატაკსაა ჩაცქერილი, – `სანამ პატიკო არ მოკვდება, უნდა ვიცოცხლო; აბა, რა შუაში იყო `ბოზო~ მიცვალებულთან?~ – ფიქრობს დეა; გრძნობს, პატიკო დასდგომია თავზე, პატიკოს ფეხებს ხედავს, მისი ხმა ესმის:
– ბოდიში, ქალბატონო! თქვენი ხელი მიბოძეთ, ერთ მწუხარებაში ვართ!
დეა ხელს იწვდის, პატიკოს თავს ხედავს ახლოს, სულ ახლოს. პატიკო ხელზე კოცნის დეას, ერთხელაც უბოდიშებს, სამზარეულოსკენ მიემართება, დეა თვალს აყოლებს: `გამართულად ცდილობს გავლას, უკვე კარგადაა~, – ფიქრობს დეა, სამზარეულოდან ესმის მსახიობის შემთვრალი ლაპარაკი; პატიკო დეას იგონებს, იმ ბედნიერ დროს იხსენებს, როცა პარტნიორები იყვნენ სცენაზე, როცა ცხოვრებას ფერი ჰქონდა, გემო და აზრი.
ჭიქების წკარუნი.
`ეს – ორი~, – ფიქრობს დეა, – `კიდევ სამი დარჩა~, – ფიქრობს დეა და რეჟისორის ხმა ესმის:
– როლი უნდა შემეთავაზებინა დეასათვის…
`ოხ, შენი~… – ფიქრობს დეა, – `შეგეცი!~ – ფიქრობს დეა, სმენას იმახვილებს.
– რა როლი? – შეეკითხა თეატრმცოდნე რეჟისორს.
– ახლა რაღა აზრი აქვს, – თქვა რეჟისორმა და სოკო გადაიღო თეფშზე, გასინჯა, – გემრიელიაო, – აღნიშნა.
– მაინტერესებს! მითხარი, რა! – არ მოეშვა თეატრმცოდნე.
– `სამანიშვილის დედინაცვალი~, ადაპტირებული ვერსია, – თქვა რეჟისორმა, – ინსცენირებაში დედინაცვალზე გავამახვილებდი აქცენტს, მაგ როლზე მინდოდა დეა.
`შეგეცი, შეგეცი!~ – ფიქრობს დეა, – `მოულოდნელად დავფეხმძიმდი და ამიტომ, არა?! შეგეცი!~ – ფიქრობს დეა.
– ინსცენირებას ვინ გიკეთებს? – იკითხა დრამატურგმა.
– შენ არ გააკეთებდი? – კითხვა დაუბრუნა რეჟისორმა დრამატურგს.
– მეე? მე ხომ…
– აბსურდში მუშაობ, ვიცი, – დაასწრო რეჟისორმა, – იყოს აბსურდი, შენ გგონია, კლდიაშვილიდან ვერ ამოიწევა აბსურდი?
– აბსურდი სოფოკლეს `ოიდიპოსშიცაა~, – თქვა თეატრმცოდნემ და რეჟისორს გახედა.
– გეთანხმები, – თავი დაუქნია რეჟისორმა თეატრმცოდნეს.
– არ ვიცი, – თქვა დრამატურგმა, – არ მიფიქრია კლდიაშვილზე…
`შენ მხოლოდ ნობელიანტებზე გეფიქრება, თომა, ნობელიანტებთან იდენტიფიცირებულო ჩემო მეგობარო~, – ფიქრობს დეა, პატიკოს ხმა ესმის:
– დამიწერე ერთი ტრაგიკომიკური მონოპიესა, მე ვიცი, მერე! – მიმართა მსახიობმა დრამატურგს.
`აუჰ~, – ფიქრობს დეა, – `აუჰ, თავისთვის შექმნილი მონო მოუნდა ბიჭს; რაც მე მაგისთვის ძალა და ნერვები დავხარჯე თომასთან, ამან აქვე, ჩემს პანაშვიდზე მომინდომა საქმის გაჩარხვა~, – ფიქრობს დეა, თეატრმცოდნის ხმა ესმის:
– ახალი სისხლი, ახალი ფორმა, ახალი პერფორმანსი სჭირდება თეატრს, თუნდაც ახალი სატყუარა მაყურებლისათვის, რაღაც ახალი!.. – თეატრმცოდნეს თვალები აუკიაფდა, სუფრის წევრებს მოავლო მზერა და ერთხელაც დასძინა: – ჰო, ჰო, ახალი პერფორმანსი!
`ამან ხომ ტვინი წაიღო თავისი პერფორმანსით…~ – ფიქრობს დეა, – `როგორმე მიაღწიეთ მეხუთე სადღეგრძელომდე და დავასრულოთ ეს პერფორმანსიც~. – ფიქრობს დეა, პატიკოს ხმა ესმის:
– შენ, საერთოდ, რატომ ლაპარაკობ?! – გამომწვევად მიმართა მსახიობმა თეატრმცოდნეს.
– რას ქვია, რატომ ვლაპარაკობ?! – შემცბარი მზერით გადახედა თეატრმცოდნემ რეჟისორსა და დრამატურგს.
– იმათ რას უყურებ, მე მომხედე აქეთ! – მსახიობი მკლავზე მოეჭიდა თეატრმცოდნეს, – შე კინტო, გგონია, დამავიწყდა ის წერილი?!
– რა წერილი? – დაიბნა თეატრმცოდნე.
– ძალიან კარგად იცი, რა წერილიც! არადამაჯერებელი სახე შექმნაო, – ჩემზე რომ დაწერე! არაფრის ბაიბურში არ ხართ ეს თეატრმცოდნეები, უბერავთ რაღაცას, მსახიობს უკლავთ გულს და იმდენიც არ იცით, რომ თეატრში მსახიობია პირველი კაცი!..
– საინტერესოა, დრამატურგი მერამდენე კაცია თეატრში, – თავის ბლანჟეს მისწვდა დრამატურგი.
რეჟისორმა მსახიობთან კამათი არ მიიჩნია საჭიროდ, თვალები კი გაუჭუტა მას.
– ჰოო! – ტრაგიზმით აღსავსე მოძრაობით შემართა ხელი თეატრმცოდნემ, – თეატრმცოდნემ, თურმე, არაფერი იცის თეატრზე! თეატრმცოდნე, თურმე, არ სჭირდება თეატრს! კინტოს მეძახის აქ!.. უსინდისო!..
– შენ, ბიჭო, ტრაკი დააყენე! არ `გამიბლატავდა~ ესჩემის ტრულაილა, ესა! – მსახიობი მეორედ წაეტანა თეატრმცოდნის მკლავს; თეატრმცოდნემ თავისი მკლავი გამოსტაცა მსახიობს, სკამიდან წამოიჭრა, – უნამუსო ხარ, უნამუსოო! – მიაძახა, ოთახისკენ გამოეშურა, ვუალი აუწია დეას, თვალი ჩაუკრა, ერთ-ერთ სკამზე ჩამოჯდა და თავი ჩაქინდრა.
`ტრულაილას სახელი მიწისქვეშეთშიც მომწვდა და ჩემს ბინაშიც, საკუთარ პანაშვიდზე~, – ფიქრობს დეა, – `ეს პანაშვიდი მიწისქვეშეთის კოშმარის გამოძახილი ხომ არ არის?~ – ფიქრობს დეა; თეატრმცოდნეს უცქერს, სამზარეულოდან მსახიობის ხმა ესმის:
– თეატრის აზრზე არაა და რა პერფორმანსზე მელაპარაკება ეგ კინტო!
– უცხო ადამიანია ოთახში, სირცხვილია… დავიშალოთ ადამიანურად, – მიმართა დრამატურგმა მსახიობს, მზერით რეჟისორს სთხოვა დახმარება.
– რა არის ახლა ეს, ვერ გავიგე… – ჩაილაპარაკა რეჟისორმა, – თავს თუ ვერ თოკავ, წავალთ და ის იქნება, – დაამატა შემდეგ.
თეატრმცოდნე წამოდგა, სამზარეულოში გავიდა:
– დღეს ყველა შეურაცხყოფას ავიტან დეას ხათრით; მაგრამ გთხოვთ, აღვასრულოთ მისი უკანასკნელი სურვილი! – დიდსულოვნად განაცხადა თეატრმცოდნემ და სკამზე ჩამოჯდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12