დეა რომ შენიშნა, მამა მამიას შავგვრემან სახეზე უცნაური გამომეტყველება აღიბეჭდა _ გახსნილი ბაგეებიდან ვერცხლის კბილი გამოუბზინდა, ყვრიმალები გაეზიდა, ქუთუთოები შეეჭმუჭნ და გაურკვევლობაში დატოვა დეა, ვერ მიხვდა დეა _ გაუღიმა, თუ პირიქით _ მკაცრად განიკითხა იგი მამაომ.
პროცესიამ ბროსეს ქუჩისკენ ჩაიარა, თვალს მოეფარა.
აივნიდან ჩიბი ყეფდა; მაღაზიასთან არავინ იდგა.
`ქარს გაერიდა სეირანა~, – ფიქრობს დეა, – `უეცრად აიჭრა ამინდი, ნასესხებმა იცის ასე~, – ფიქრობს დეა, – `ყველაფერი იცვლება, ყველაფერი და რა გასაკვირია, რომ აპრილის ქარები მაისში გადმოქარდნენ?~ – ფიქრობს დეა, ნამწვს საფერფლეში ტოვებს, ოთახში ბრუნდება.
კუბოს თავზე მოქეიფეთა მხიარული ყიჟინა შეეგება სახემომღიმარ პატარძალს.
– ძალიან გიხდება ეს შავი კაბა, დეა, მაგრამ შავკაბიან პატარძალს პირველად შევესწარი ქორწილში! – თქვა ნევროპათოლოგმა, როცა პატარძალმა-დეამ კუთვნილი ადგილი დაიკავა ნეფე-ვატატოს გვერდით.
– და ამნაირ ქორწილს რამდენჯერ შესწრებიხარ? – ჩაუღიმილა პატარძალმა-დეამ ნევროპათოლოგს.
– ეგეც მართალია, – გაიცინა ნევროპათოლოგმა.
– და სწორედაც ამითაა ჩვენი ქორწილი ღირსშესანიშნავი, – თქვა თამადა-რეჟისორმა და იქვე დასძინა: – როცა სცენის მუშები მოვლენ, ერთ პროცესიად გავყვებით კუბოს, დავმარხავთ ძველს და მერე რესტორანში გეპატიჟებით!
– ქარი ამოვარდა, – აღნიშნა პატარძალმა-დეამ და აივნის კარისაკენ გაიხედა.
– ვერანაირი ქარი ვერ შემაჩერებს; ჩაფიქრებული უნდა აღსრულდეს, ეგეთი ქარები გადაგვიტანია? – მხნედ დასძინა თამადა-რეჟისორმა, ჭიქას შეავლო ხელი და ნეფე-ვატატოს შეუძახა, რომელიც მეტისმეტად გართულიყო ადამთან საუბრით.
ნეფე-ვატატომ ყურად არ იღო თამადა-რეჟისორის სამართლიანი მოწოდება, რაზეც სუფრის წევრი-მსახიობი აღშფოთდა და ახლა მან მოუწოდა ნეფე-ვატატოს შემდეგი შეძახილით:
– ეეე, ტრულაილავ, გამოგვხედე!
ნეფე-ვატატომ გამოხედა სუფრის წევრ-მსახიობს, ტუჩი აიმრიზა და თავის მხრივ მიუგო:
– ტრულაილას ხმა მესმის! – ამის შემდეგ ისევ იბრუნა პირი ადამისკენ.
– ვინმე იცნობდით ტრულაილას? – მოულოდნელი კითხვა დასვა ნევროპათოლოგმა.
პატარძალ-დეას გული შეუკუმშა ამ კითხვამ, თუმცაღა მაინც იღიმოდა, რადგან პატარძლის ღიმილი შეიცივეს დეას ნაკვთებმა.
– ტრულაილას გარდა ვერავინ მოიფიქრებდა კუბოს თავზე ქეიფს, – განაცხადა თამადა-რეჟისორმა, შემდეგ დაასკვნა, – აქედან გამომდინარე, მე გახლავართ ტრულაილა და ამით ვამაყობ!
– არა, მე იმ ტრულაილაზე მოგახსენებთ, სინამდვილეში რომ იყო, – დააზუსტა ნევროპათოლოგმა, – ტრულაილა ძალიან უცნაურად აღესრულა, ამას თავად შევესწარი, – თქვა შემდეგ.
– სად ცხოვრობდა ტრულაილა? – ჰკითხა დეამ ნევროპათოლოგს და პატარძლის ღიმილი ჩამოიშორა სახიდან.
– ქუთაისში. ქუთაისელი კაცი იყო, – მიუგო დეას ნევროპათოლოგმა.
`მამაჩემი, მამაჩემი~, – ფიქრობს დეა, – `მამაჩემი და მისი აღსასრული~, – ფიქრობს დეა, ნევროპათოლოგს უცქერს, ეკითხება:
– და იცნობდი?
– ჩემი სიმამრი იყო, – უპასუხა ნევროპათოლოგმა.
– `ვაი~, – ფიქრობს დეა, – `ვაი, ინცესტია?~ – ფიქრობს დეა, – `თითქმის ინცესტი~, – ფიქრობს დეა, ნევროპათოლოგს უცქერს, ეკითხება:
– შენი ცოლის – თეონას მამაზე ამბობ?
– ჰო, რა თქმა უნდა, – ჩაიცინა ნევროპათოლოგმა, – სხვა ცოლი არ მყავს, არც მყოლია.
`ნახევარდა, ნახევარდა~, – ფიქრობს დეა; მერე წამოდგა დეა, შეიმართა, გამოაცხადა:
– მეგობრებო, პატარძალი ითხოვს სიტყვას!
ნეფე-ვატატომ დროებით ანება თავი ადამს, დეას ამოხედა, კუბოს თავზე მოქეიფეთა შორის სიჩუმემ დაისადგურა.
– ძალიან გთხოვთ, – თქვა დეამ, – ძალიან გთხოვთ, – გაიმეორა, – ტრულაილას აღსასრულის ამბავი მაინტერესებს, სიჩუმე იყოს, მოვისმინოთ, – დეა ნევროპათოლოგს ჩააცქერდა, მას მიმართა: – ხომ მოგვიყვებით ტრულაილას აღსასრულზე?
– პატარძლის ნებას სად წაუვალ, – თქვა ნევროპათოლოგმა, – ნეფე-ვატატოს მიუბრუნდა, – თუ არ შეწუხდებით, ჯერ აუხსენით ადამს, რას ნიშნავს ქართველებისთვის ტრულაილა, შემდეგ უთარგმნეთ ეს უცნაური ისტორია!
– სიამოვნებით, სიამოვნებით! – ტაში შემოჰკრა ნეფე-ვატატომ, ბაგეები ადამის ყურს მიუახლოვა, მოკლედ აუხსნა საქმის არსი, პირი იბრუნა ნევროპათოლოგისკენ, – ჩვენ მზად ვართო, – მიუგო მას.
დეა ჩამოჯდა, სმენად იქცა.
– კეთილი, – თქვა ნევროპათოლოგმა, იქვე დასძინა, – ეს ამბავი ცოტა შორიდან უნდა დავიწყო, რათა უკეთ შეიგრძნოთ კოლორიტული ქართული ქალაქის იმჟამინდელი ატმოსფერო. ამის გარეშე აწგანსვენებული ჩემი სიმამრის ბუნებას ვერ ჩაწვდებით და მისი აღსასრულიც არ დაგაინტერესებთ, – თქვა ნევროპათოლოგმა, წამით ჩაფიქრდა და განაგრძო, – თუმცა, სამედიცინო თვალსაზრისით, ადამიანური ასპექტითაც, ეს ისტორია მრავალმხრივ საინტერესო მეჩვენება; ჰოდა, მოვყვები, მრავალსიტყვაობისთვის წინასწარ გიხდით ბოდიშს.
– საბოდიშო არაფერია, დაიწყე, – ნევროპათოლოგს მიმართა დეამ.
– მაშ, ასე! – თქვა ნევროპათოლოგმა, ჩაფიქრდა და ისევ თქვა: –

ტრულაილას აღსასრული

არ ვიცი, მოხვედრილხართ თუ არა ქუთაისის იმ უბანში, მწვანეყვავილას რომ ეძახიან. წალკოტი, ედემი, – სხვა ეპითეტს ვერ მოვიხმობ. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირია, დავამთავრე სამედიცინო ინსტიტუტი, ქუთაისში გამანაწილეს და მეც წავედი, ტაქსის მძღოლს მივმართე, – ბინის ქირაობა მინდა, ხომ არ გეგულება-მეთქი სადმე. მწვანეყვავილას უბანში მაშინ მოვხვდი პირველად.
მძღოლმა კერძო სახლთან მიმიყვანა, მასპინძლები გამაცნო. შუახნის ცოლ-ქმარი დამიხვდა; სასიამოვნო წყვილი იყო, შვილი როსტოვში გაეშვათ სასწავლებლად, მარტონი შერჩენოდნენ ერთმანეთს, ჰოდა, შვილივით მიმიღეს. სახლიც მომეწონა, სახლის პატრონებიც და კოხტად მოვლილი კოინდარიც მათ ეზოში. მწვანეყვავილაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია, მიწიერ სამოთხეში ამოვყავი თავი; მოკლედ – კარგად მოვეწყვე; უბნის ატმოსფერო სალბუნად მედება, სულს მიმშვიდებს, დიასახლისი ყოველ დილით ხაჭაპურს მიცხობს, თავზე მევლებიან და იმდენი ტაქტიც გააჩნიათ, ზედმეტად არ შემაწუხონ, მოკლედ – კარგად ვარ. ივნისის თვე იყო, 1988 წელი. ერთი საღამოცაა და ეზოში ვსხედვართ მე და ჩემი მასპინძლები, ვსაუბრობთ ჩვენთვის. მოპირდაპირე სახლთან მანქანა გაჩერდა, მანქანიდან წამოსადეგი გარეგნობის ხანდაზმული მამაკაცი გადმოვიდა და დინჯად შეაბიჯა თავის ეზოში.
– ე, მოვიდა ტრულაილა, – თქვა დიასახლისმა და ჩაეცინა. გაეღიმა მის ქმარსაც.
– რატომ გეცინებათ? – ვკითხე მასპინძლებს.
– ამან გითხრას, – მეუღლისკენ მიმითითა ქალმა და გაგვერიდა, სახლისაკენ გააბიჯა.
კაცმა უცნაური ისტორია მიამბო ტრულაილაზე.
მაგისი გაუკეთებელი საქმე ამ ქალაქში არ არსებობსო, – მითხრა, ყველა იცნობს, პატივს სცემენ და პატივსაცემი კაციცაა, მაგრამ ბიჭოიაა ერთი, ტრულაილას ბავშვობის მეგობარი, ქუთაისში იმისგან გავარდა ხმა, – ტრულაილას ქელეხი გადაუხდია თავისი საოხრისთვისო, – ეს რომ თქვა, ისევ ჩაიცინა ჩემმა მასპინძელმა. მეც გამეღიმა ამ ანეკდოტურ ისტორიაზე, მაგრამ დავფიქრდი შემდეგ, პროფესიული ინტერესი აღმეძრა, ვთხოვე, – იქნებ გამაცნო-მეთქი ტრულაილა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12