კვირა დღე იყო. ტრულაილამ ეზოში გამოადგმევინა პატარა ტაბლა თანთულის, შემოვუსხედით ტაბლას. თანთულიმ თავზე გადაუსვა ხელი მეუღლეს, მეც მომეფერა, ქუხნაში ვიქნებიო, – დაიბარა და გაგვეცალა. გავემზადე პოლიტიკაზე სასაუბროდ, ვიცი, რას მეტყვის ტრულაილა და ისიც ვიცი, მე რა პასუხს გავცემ, მაგრამ მოულოდნელად სხვაგვარად დატრიალდა ყველაფერი. ტრულაილამ ჩაიფხუკუნა და მითხრა:
– რა არის, თუ იცი შენ… – ისევ ჩაიფხუკუნა ტრულაილამ, ეზოს მოავლო თვალი, დანტისტის კარ-მიდამოსკენ გაიხედა და თქვა: – ჭიპიტო კვერცხს დებს!
`გაგიჟდა ტრულაილა~, – ვიფიქრე მაშინ, მოხუცს დავაკვირდი, მეზობლის ეზოსკენ იცქირებოდა ისევ, მერე გამომხედა. ჩემთვის კარგადაა ნაცნობი ეს ფეთიანი მზერა. `გიჟია, გიჟი, შეიშალა საბრალო მოხუცი~, – ვიფიქრე და შევეცადე, თვალი არ ამერიდებინა მისთვის, მშვიდად მივუგე.
– ჭიპიტო მამალია, ტრულაილა!
მუხლზე დაიკრა ხელი, ხმამაღლა გაიცინა და სიცილ-სიცილში ამოთქვა:
– ვიცი, ვიცი, მამალი როა, მარა დებს კვერცხს ჭიპიტო და მე რა ვქნა, რაფერ ავუკრძალო? – დოქისკენ წაიღო ხელი ტრულაილამ. დოქი ჩამოვართვი, ღვინო დავასხი, მოხუცისკენ გავაპარე თვალი.
გულისყური დანტისტის ეზოსკენ ჰქონდა მიპყრობილი, ტარასა შენიშნა, დაუძახა:
– ტარასა! ტარასა!
ტარასა ღობეს მიუახლოვდა, იქიდან მოგვაჩერდა.
– ბიჭო, ტარასა, მომყიდე შენი ჭიპიტო, რასაც მეტყვი – მომცემი ვარ! – გასძახა ტრულაილამ.
– არ იყიდება-თქვა, არა! – გამოგვძახა ტარასამ და ზურგი გვაჩვენა, წავიდა თავისი მშიერი ძაღლისკენ. ტრულაილა ხომ შეიცვალა და შეიცვალა, ტარასაც აღარ იყო ძველი ტარასა.
– არ მომყიდი და ნუ მომყიდი, – ჩაილაპარაკა ტრულაილამ, – კვერცხს ჩემს ეზოში დებს მაინც… – ჩაუქირქილა ბებრულად.
შემეშინდა; თავს ვძლიე:
– შეუძლებელია, მამალმა კვერცხი დადოს, – ვუთხარი ტრულაილას, იმედს ვებღაუჭებოდი, რომ არც ისე ცუდად იყო მისი საქმე. ვაკვირდებოდი რეაქციას, სახის გამომეტყველებას, თვალებს.
– შეუძლებელი რომაა, მეც ვიცი, – თქვა ტრულაილამ, – შეუძლებელია, მარა ჭიპიტო შობა ამნაირ გაუგებრობას და რას შობი ახლა?! – თუთისკენ გაიწვდინა ხელი ტრულაილამ, – ე, იმ ხის ძირში ჩაიკუნცხება, მოთქვამს და კრიახობს, კრიახობს და მოთქვამს, წამოუყივლებს ხანდახან; მივაქციე ყურადღება, რა საქმე მაქვს მეტი; მივედი, ჭიპიტომ რომ გადაიყივლ-გადაიკრიახა თავისი ამბავი; გადავწიე, ბიჭო, ბალახი, ვხედავ – პატარა კვერცხია, მწყრის კვერცხი გეგონება, მარა თეთრი, სულ თეთრი.
– ესე იგი, დედალი ყოფილა ჭიპიტო, – ვუთხარი ტრულაილას.
– მეც ეგ ვიფიქრე, მარა დედალი არ დებს ასე პატარა კვერცხს, თანაც ჩინჩლავს; დამიჯერე შენ მე, მინახავს, როგორ ჩინჩლავს ჭიპიტო დედალს. დავლიოთ თითო სტაქანი; ღმერთო, შენ გვიშველე! – თქვა ტრულაილამ და ჭიქას მისწვდა. რომ შესვა, გამომხედა; მიცქირა ერთხანს და გასაიდუმლოებული გამომეტყველებით მომიგო: – გავსინჯე… ორჯერ… შუაზე გავტეხე დანით და თოხლოდ… იმოქმედა, მგონი…
– რაზე იმოქმედა, ტრულაილა? – ვკითხე.
ტრულაილამ თვალები ჩახარა კალთისკენ, ჩაეცინა.
დავიბენი.
– მგონი, იმოქმედებს… ჯერ არ ვიცი, – თქვა ტრულაილამ და ისევ ჩაეცინა.
მაშინ მივხვდი, რაზეც მიმანიშნებდა და ვიფიქრე, არაფერი ეშველებოდა საბრალო მოხუცს, ვისაც ჭიპიტოს კვერცხმა გაუჩინა იმედი, რომ მამაკაცური ღირსება აღიდგინა.
იმ კვირა დღეს დარწმუნებული ვიყავი, სამკურნალო რომ იყო ტრულაილა; ვფიქრობდი, როგორ შევაპარო-მეთქი ეს ამბავი თანთულისა და თეონას, გულით მებრალებოდა კაცი, ვისაც თავის დროზე მთელი ქუთაისი სცემდა პატივს. მწარე ფიქრმა დიდხანს არ დამაძინა; ახალჩაძინებულს ჩამესმა ჭიპიტოს ხრინწიანი წამოყივლება. მერე კრიახი შემომესმა, კრიახი და წამოყივლება, კრიახი და წამოყივლება, ბოლოს მიჩუმდა იქაურობა, როგორღაც ჩამეძინა.
სამსახურში წასასვლელად გავემზადე დილით, ჭიშკრიდან გამოვდგი თუ არა ფეხი, ტრულაილას ხმა მომწვდა:
– მოდი! მოდი! – ხელითაც მიხმობდა მოხუცი.
მივედი. ტრულაილამ ბებრული, გაანცებული ნიშნისმოგებით გამომხედა, თუთის ხესთან ჩაიხარა, ბალახები გადასწია, ერთი ბეწო თეთრ კვერცხზე მიმითითა და მითხრა:
– ე, რას შობა ჭიპიტო! – ხელში მოიქცია კვერცხი ტრულაილამ, ისევ გამომხედა, – შენ არ გეჯერებოდა და ჭიპიტომ იცის თავისი საქმეო, – მისაყვედურა, წამოიწია, – ერთ წუთს მომიცადეო, – დამიბარა, მოჩქარებულად გაცუხცუხდა ქუხნისკენ, დანა გამოიტანა, ფრთხილად ჩაჰკრა კვერცხს და ხარბად, ერთ ყლუპად შეისუნთქა კვერცხის შიგთავსი; თვალები მიელულა ანაზდეულად, ერთხანს ასე იყო, რომ გამომხედა, მითხრა, – ეს მესამე კვერცხია, ყელამდე ვარ ჭიპიტოს პატივისცემითო, – და ჩაეცინა, მერე გამიღიმა და პოლიტიკაზე სასაუბროდ შემიპატიჟა.
– არ მცალია, ტრულაილა, სამსახურში უნდა წავიდე, – ვუთხარი მოხუცს, ჭიშკრისაკენ გავიწიე, მაგრამ ხელმკლავი გამომდო, ფეხი შემანელებინა, გზადაგზა მელაპარაკებოდა ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, ოპტიმისტურად იყო განწყობილი; ვატყობდი, შეგნებულად რომ უნელებდა ნაბიჯს, გზადაგზა ჩერდებოდა, მეც მაყოვნებდა, უნდოდა, რაც შეიძლება გაეხანგრძლივებინა ჩემთან ყოფნა, – განეხილა საერთაშორისო პოლიტიკური ამინდი, რომელიც, მისი აზრით, სასიკეთოდ აისახებოდა საქართველოზე. ჭიშკარს რომ მივუახლოვდით, ტრულაილას ბაგეზე შეაცივდა სიტყვა, დადუმდა, ყვრიმალები შეეფერადა, თვალები ჩახარა და თქვა:
– ე, იმოქმედა, – გამომხედა მერე, შეტრიალდა, სახლისკენ გაემართა.
– თანთული! თანთული! – ორჯერ დაუძახა ცოლს გზადმიმავალმა ტრულაილამ, ხელი შემართა სახლისკენ, მთვარეულივით გააბიჯა და უეცრად მოიცელა, პირქვე დაემხო.
მივიჭერი, გადმოვატრიალე, მაჯაზე მივწვდი; პულსაცია აღარ ჰქონდა, უკვე მკვდარი იყო, მაგრამ ყველაზე უცნაური ისაა, უცნაურიც – არა, ყველაზე გაუგონარი ის გახლავთ, რომ სპორტულ შარვალზე აშკარად ემჩნეოდა ერექცია. არც სამედიცინო ლიტერატურაში, არც ამბად გამიგია, მკვდარ მამაკაცს ერექცია შერჩენოდეს, მაგრამ ამის ცოცხალი მოწმე ვარ, არ ვტყუი და არც ვფანტაზიორობ, გაუგონარი ფაქტის შემსწრე გავხდი და ეს გაგიზიარეთ, მეგობრობო; აი, ასე აღესრულა კაცი, სახელად ტრულაილა, –
თქვა ნევროპათოლოგმა და კუბოს ირგვლივ თავშეყრილ საზოგადოებას შეავლო თვალი.
ნეფე-ვატატომ ბოლო წინადადებაც უთარგმნა ადამ კოზმას, რომელმაც ხმამაღლა გაიცინა და ინგლისურ ენაზე განაცხადა რაღაც. ნეფე-ვატატო ერთობ მხიარულად შეხვდა ადამის სიტყვებს, შემდეგ ქართულად თარგმნა კიდეც:
– ადამი ამბობს, რა მაგარი ვინმე ყოფილა ტრულაილა, მეც მინდა ვიყოტრულაილაო!
დეა კი ფიქრობს, ფიქრობს დეა: `აი, თურმე, როგორ აღესრულე საბრალო მამაჩემო, ახლა ხომ გიცნობ! ახლა ბევრი რამ შეიცვალა, მამა; შენ გაგიცნი, ოჯახიც შევიძინე, `ჰეფი ენდში~ ვარ. წარმატებულმა მათხოვარმა დამლოცა, – ღმერთმა ამრავლოს შენი ოჯახიო; ჰოდა, ამიხდა. თეონა ჩემი ნახევარდაა, თეონას ქალიშვილი დისშვილად მეკუთვნის, ადამი – სიძედ, ნევროპათოლოგიც სიძედ მეკუთვნის, მაგრამ მოხდა, რაც მოხდა, – ყველა ოჯახში ხდება რაღაც ისეთი, რაზეც არ ღირს ლაპარაკი და აი, ნევროპათოლოგი ჩემი მომავალი შვილის ბიოლოგიური მამაა, ჩემი ქმარი ვატატოა, არც ისე ცოტანი აღმოვჩნდით ოჯახში; ყველაფერი კარგად იქნება – თომა ახალ პიესას დაგვიწერს, პირგაპარსული ყარაბას ბარაბასი დადგამს, მე და პატიკო ვითამაშებთ, რაღა უნდა ვითხოვო ცხოვრებისგან, როცა მარტოხელა ქალმა ოჯახიც შევიძინე და საყვარელი საქმეც დავიბრუნე; ახლა ამ მდგომარეობაში ვარ, მამავ; `ჰეფი ენდის~ მდგომარეობა ჰქვია, ქარი მაწუხებს მხოლოდ, მაგრამ ამ ქარსაც გადავიქარებ, ახლა მე ვიცი~, – ფიქრობს დეა, აივნის კარისკენ იცქირება.
აივნის კარს მხრით შემოაწვა, შემოეზუზუნა ქარი.

თამადა-რეჟისორმა აივნისკენ გაიხედა და აღნიშნა:
– რაც ჩავიფიქრეთ, უთუოდ დღეს უნდა აღსრულდეს; კუბოს დავმარხავთ, მერე – რესტორანში ვაგრძელებთ!
– ჰო, ჰო, რესტორანში! – განაცხადა სუფრის წევრმა-მსახიობმა, – იქვე დაამატა, – თავაწყვეტილი ქორწილია!
– ქორწილი ქარში, – თითის აწევით დააზუსტა თამადა-რეჟისორმა, – ქორწილი ქარში! – გაიმეორა ისევ და სუფრის წევრ დრამატურგს გადახედა, – სათაურად არ მოგწონს `ქორწილი ქარში~? – დაეკითხა მას.
– სათაურად არაუშავს, – თქვა სუფრის წევრმა-დრამატურგმა, უბის წიგნაკი ამოიღო გულის ჯიბიდან. ჩაინიშნა სავარაუდო სათაური.
კარზე ზარი აჟღრიალდა.
ნეფე-ვატატო შემოსასვლელისკენ გაეჩქარა და სცენის ოთხ მუშას შემოუძღვა ოთახში.
– ახლავე, ბიჭებო, ახლავე! ორმო ხომ გათხარეთ? – მიმართა სცენის მუშებს თამადა-რეჟისორმა, რაზეც დადებითი პასუხი მიიღო, კმაყოფილი დარჩა და თითო ჭიქის შესმა სთხოვა შემოსწრებულებს.
დეამ პატარძალი-დეას ღიმილი შეიცივა სახეზე, უცქერს დეა სცენის მუშებს, ქარისგან აწეწილი თმის დალაგებით რომ არიან გართულნი და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს: `საინტერესოა, ძალიან, ძალიან საინტერესოა, როგორი ტრულაილა იქნება ადამი?~ – მერე აივნის კარისკენ იცქირება დეა, ქარის ზუზუნთან ერთად კუბოს თავზე მოქეიფეთა მხიარული გნიასი ესმის, მენდელსონის სამგლოვიარო მარშის მელოდიაც ესმის დეას და ფიქრობს დეა: `გადავიქარებთ, გადავიქარებთ, `ჰეფი ენდში~ ვარ~, და ისევ ის კითხვა უბრუნდება დეას, – `ნეტა როგორი ტრულაილა იქნება ადამი?~ – და მზერა მისი – აივნისკენ, ოთახში – ხმები.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12