– მე მივიყვანე დეა თვითმკვლელობამდე?! ჩემთან – არა, თქვენს ხელში კვდებოდა დეა, ყოველდღიურად ქრებოდა დეა თქვენს ხელში, როგორც თეატრი ქრება თქვენს ხელში ყოველდღიურად, რადგან არც ქალის განცდა გაგაჩნიათ, არც – თეატრის! თქვენ, თქვენ, თქვენ ხომ… – სიტყვა დაება ცრემლმოწოლილ თეატრმცოდნეს და იქ გაისმა მსახიობის დაჭიმული ხმა:
– რა, – ჩვენ, ჩვენ, ჩვენ, შე კინტო?! რა – ჩვენ?! – ქალის და თეატრის განცდა რომ გვქონდეს, ტრაკი უნდა მივცეთ მაინცდამაინც?!
– იდიოტო!!! – გულგვამის რომელიღაც ცხელი წერტილიდან ამოეზიდა დეას მსახიობის მისამართით ნატყორცნი მდუღარე – `იდიოტო!!!~
და – სიჩუმე.
მსახიობი, რეჟისორი და დრამატურგი სამზარეულოსა და მისაღების ზღურბლთან გამოლაგდნენ, აღელვებული თეატრმცოდნე სკამზე ჩამოჯდა ჯერ, იქვე წამოენთო, ისიც გამოვიდა ოთახში, დეას მიაცქერდა.
ხიხიხი – ხახახა! – არ ყოფილა, გარინდება იყო.
დეამ ვუალი აიხადა, ოთხივეს ჩამოატარა მზერა და ჩუმად, ძალიან ჩუმად, მაგრამ მათ გასაგონად, მათი მისამართით აღნიშნა დეამ:
– იდიოტებო!
რეჟისორი კუბოს მიუახლოვდა, დეას ბიუსტს ახადა თეთრი ვუალი, ისევ დაუშვა, მარაოს მისწვდა, ჩაიცინა და თქვა:
– ვიცოდი; შემოვდგი თუ არა ფეხი, იმწამს ვიგრძენი თეატრის სუნი… დეკორაცია ვიგრძენი…
მსახიობი მუხლებზე დაემხო, ჩოჩვით აპირებდა დეასკენ დაძვრას, მაგრამ ქალმა ხელის მოძრაობით შეაყოვნა:
– მოახლოება არ გაბედო, ბოზო!
მსახიობი დაემორჩილა, მუხლებზე დამხობილი კი დარჩა, ცრემლმომდგარი სასოება ედგა თვალებში:
– დეა, დეიკო… – წამოიწყო, როგორც სჩვეოდა, მაგრამ დეამ აქაც აღკვეთა მსახიობი:
– აბრძანდი ფეხზე, აეთრიე, შე ბოზო! – მიმართა დეამ თავის პირველ ქმარს და ისიც მორჩილად დაჰყვა ქალის ნებას; თეატრმცოდნის ხელს დაეყრდნო, წამოდგა, ბავშვური, გულუბრყვილო ღიმილით გადაუნათდა შემთვრალი მზერა და თქვა:
– ააა, იმას გულისხმობ? ეს ხომ სიყვარულით… შენ ხომ იცი?
– რა იყო ახლა, ვის დასცინეთ? – მკაცრად ჩაილაპარაკა დრამატურგმა, იქვე დასძინა, – მე წავედი!
– არავინ წავა, – თქვა კუბოსთან მდგარმა რეჟისორმა, – აქ და ახლა დაიბადა რაღაც ახალი, ეს უნდა აღვნიშნოთ! – თეატრმცოდნეს გამოხედა, შემდეგ დეას, შემდეგ – იკითხა: – რომელმა მოიფიქრეთ?
– მე მოვიფიქრე, ჩემი პერფორმანსია, – თქვა თეატრმცოდნემ.
– ყოჩაღ! – შეაქო რეჟისორმა თეატრმცოდნე.
თეატრმცოდნემ თავი ჩახარა, რათა სახეზე აღბეჭდილი სიამოვნება სახალხოდ არ გამოემზეურებინა.
– მე წავედი! – შემოსასვლელისკენ გაიწია დრამატურგმა.
– მოიცა, გთხოვ! ძალიან გთხოვ! ეს დღე დამითმე, არ წააგებ! – მიაძახა რეჟისორმა დრამატურგს.
დრამატურგი შეყოვნდა, კითხვიანი მზერით მიაცქერდა რეჟისორს.
– მნიშვნელოვანი მოვლენა გათამაშდა ახალი თეატრისთვის, რომელზეც დიდი ხანია ვფიქრობ, – თქვა რეჟისორმა, დეას გამოხედა, მას მიმართა: – დეა, ძვირფასო, სამანიშვილის დედინაცვალი უნდა გათამაშო! ახალი ვერსია, რასაც თომა დაგვიწერს.
– კლდიაშვილზე არასდროს მიფიქრია, შენ ხომ იცი… – წამოიწყო დრამატურგმა, მაგრამ რეჟისორმა არ გაასრულებინა აზრი;
– ვიცი, ვიცი, – თქვა რეჟისორმა, მოჭუტული თვალებიც კი უკიაფებდა, – ვიცი, მაგრამ მენდეთ და მომყევით, სრულიად სხვა ვერსია იქნება; დეა, ხომ ითამაშებ? – ქალისკენ იქცია პირი რეჟისორმა.
– გააჩნია ვერსიას, – თქვა დეამ და გული შეუტოკდა სიხარულით, რადგან რეჟისორის წამონთებული თვალები ნაცნობი და მრავლისაღმთქმელი იყო მისთვის.
– თანამედროვეობაში ვხედავ ახალ ვერსიას; თვითონ ფორმა არაა ახალი, მაგრამ ახლებურად გააზრებული გლობალისტური ეპოქა მჭირდება, ეპოქა, სადაც ყველა მარტოსულია და ყველა მარტოსული ერთად იყრის თავს, და სადაც ბავშვი იბადება; ვინ იბადება ამ ეპოქაში: დედა ვინაა? – რეჟისორმა გამჭოლი მზერა მიაპყრო დეას და დეას ისევ შემოელამუნა სიხარულის მორიგი სიო.
– მამა არ გაინტერესებთ, ბატონო რეჟისორო? – იკითხა პატიკომ და იქვე დააზუსტა, – ბავშვის მამაც ხომ საინტერესოა; ბეკინას ვგულისხმობ, რასაკვირველია!
– მამა იმ შემთხვევაში მაინტერესებს, თუკი ალკოჰოლს არ ეტანება! – უპასუხა რეჟისორმა მსახიობს.
– ჩავიდგამ! ორწლიანს ჩავიდგამ, დედას გეფიცებით, ორწლიანს! – ორი თითი შემართა მსახიობმა მეტი დამაჯერებლობისთვის.
– ჯერ ჩაიდგამ, მერე – ვნახოთ, – იმედისმომცემად ჩაილაპარაკა რეჟისორმა.
`რამდენი ხანია პატიკოსთან არ ვმდგარვარ სცენაზე~, – იფიქრა დეამ, – `ამ `ჰეფი ენდში~ სცენამ პირი იბრუნა ჩემკენ~, – იფიქრა დეამ.
– მაგრამ, პერფორმანსს უნდა მოვუძებნოთ დასასრული! – აღნიშნა რეჟისორმა და ისევ ჩააცქერდა კუბოს.
– ოოო, – გაისმა თეატრმცოდნის უკმაყოფილო ხმა.
– რა მოხდა? – მიაჩერდა რეჟისორი თეატრმცოდნეს.
– ეს ჩემი პერფორმანსია, ვერავინ წამართმევს, ვერავინ! – იჭვიანი მზერა მიაპყრო თეატრმცოდნემ რეჟისორს.
– არავინ გართმევს პერფორმანსს, მაგრამ ნეფე ხარ, შენი ადგილი უნდა დაიკავო პატარძლის გვერდით, – თქვა რეჟისორმა.
– მაშინ გავიდეთ, შემოვუსხდეთ სუფრას, – შეიპატიჟა ნეფე-ვატატომ ოთახში მყოფნი.
– გავიდეთ, გავიდეთ, სუფრას მივუსხდეთ! – თქვა მსახიობმა, დეას გადმოხედა და ისევ თქვა: – დეიკო, დეა, ამას რომ გაეყრები, – თეატრმცოდნისკენ გაიწვდინა თითი, – მე დამიბრუნდი, ქორწინების ახალ წრეზე წავიდეთ!
დეას გაეღიმა და თავის მხრივ შეიპატიჟა სტუმრები:
– წავიდეთ, – თქვა დეამ, – სუფრასთან აღვნიშნოთ ამ პერფორმანსის დასასრული.
– არავითარი დასასრული! – ხმა გაიმჭექარა რეჟისორმა, – პერფორმანსი ახლა იწყება, კუბოს თავზე უნდა ვიქეიფოთ!
– კუბოს თავზე რა გვინდა, კაცო?! – გულწრფელად შეწუხდა მსახიობი და კუბოს გამოხედა.
– დიახაც, გვინდა! – შეუპოვრად განაგრძო რეჟისორმა, – ამ კუბოს თავზე ვიქეიფებთ და როცა ქორწილს გადავიხდით, სცენის მუშებს დავუძახებ, თეატრის ეზოში დავამარხინებ კუბოს თავისი შიგთავსით, – თეთრი ვუალითა და დეას მარაოთი. ვმარხავთ ძველს და ვიწყებთ ახალს! თავად ეპოქა თხოულობს ამას! წამომყვებით ამ პერფორმანსში?! – ანთებული სახით იკითხა რეჟისორმა.
– ოოო, – გაისმა თეატრმცოდნის მოწუწუნე ხმა, – ეს ჩემი პერფორმანსია! – კვლავაც თავისი დაიჟინა თეატრმცოდნემ და ისეთი გასაწყლებული სახე ჰქონდა, რომ იქ დაიძრა – ხიხიხი-ხახახა! იქ ატკარცალდნენ, იქ აზეიმებდნენ, იქ მოიხელთეს უცნაური მათი ერთობა, თეატრმცოდნეც გააღიმეს, მერე გულით აახარხარეს და იყვნენ ესრე – მხიარულად მოცინარები, სანამ სიცილი არ ჩანავლდა და მერე დეამ განაცხადა:
– მეგობრებო, ნევროპათოლოგი გვჭირდება აშკარად!
ნეფე-ვატატომ მსწრაფლ აიტაცა პატარძალი-დეას აზრი, ხელი-ხელს დაჰკრა, მცირეოდენი ტაში დასცხო და განაცხადა:
– ნევროპათოლოგს მე მოვიწვევ, აქვე ცხოვრობს, მობილურის ნომერიც მაქვს!
შეუდგნენ საქმეს: დრამატურგმა და მსახიობმა კუბო დალუქეს თავსახურით, თეატრმცოდნემ ნევროპათოლოგს დაურეკა, მიზეზი არ გაუმხელია, მაგრამ დეასთან წვევა სთხოვა უმორჩილესად; რეჟისორიც მისწვდა მობილურს, თეატრში დარეკა, განკარგულება გასცა, სცენის მუშებს ორმო გაეთხარათ ეზოში, ტირიფთან; – მაინც რამხელა ორმო გვჭირდებაო, რომ დაეკითხნენ, რეჟისორმა თვალით გაზომა კუბოს სიგრძე-სიგანე; დაახლოებით – ორი მეტრი იყოს სიგრძეში, სიგანეში – ერთი მეტრიც იკმარებს, სიღრმეში – თავს ნუ მოიკლავენ, ნახევარ მეტრზე ჩაწიაღდნენო, დასძინა ბოლოს. უსაქმოდ დეაც არ დარჩენილა, სამზარეულოს მაგიდაზე გაწყობილი სუფრის გადმონაცვლებას შეუდგა კუბოს თავზე.

აივანზე გამოკეტილ ჩიბის წკმუტუნი შემოაწვა, როცა ქუჩაში გამოსული პატრონი შენიშნა.
ნევროპათოლოგმა და ადამმა ერთი-მეორეს მიყოლებით გამოაბიჯეს სადარბაზოდან, გაუყვნენ ქუჩას, ნევროპათოლოგს პოლიეთილენის პარკი ეჭირა.
– `პრივეტ~, ნიკა ექიმო! – მიესალმა მაღაზიასთან მდგარი სეირანა ნევროპათოლოგს და მრგვალჩარჩოიანი ახალგაზრდა მამაკაცი უწინდელი ინტერესით შეათვალიერა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12