– მე ვიტყვი ახლა, – რეჟისორის ხმა შემოესმა დეას და ყველაზე მეტი გაფაციცებით სწორედ მას მიუგდო ყური.
რეჟისორმა ილაპარაკა დეას გამორჩეულ პროფესიონალიზმსა და ადამიანურ თვისებებზე, ბოლოს ისიც დასძინა, რომ დეასთან ერთად უკვალოდ გაქრება, რაღაც მოკვდება მათი თეატრისათვის.
დეას ესიამოვნა რეჟისორის საკმაოდ ბანალური, არაფრით გამორჩეული სადღეგრძელო, გული გაუთბა, გამთბარმა გულმა მოუწყლიანა თვალები.
`ესეც – სამი~, – ფიქრობს დეა, – `ორიღა დარჩა და გავდივარ სცენაზე~, – ფიქრობს დეა, ხედავს პატიკოს, რომელიც სავსე ჭიქით უახლოვდება კუბოს.
დეამ ისევ ჩახარა თავი, პატიკომაც იმავე ჩუმი ქვითინით მიმართა კუბოში ჩასვენებულს:
– დეა, დეიკო, დეიკო, შე ბოზო, როგორ მატკინე გული, დეიკოო!.. – პატიკომ ცალი მუხლი მოიყარა კუბოსთან, ასე შესვა ღვინო, წამოიმართა, შებორძიკდა, დეასაკენ გამოაბიჯა:
– ბოდიში, ქალბატონო! – დაიხარა პატიკო, – თქვენი ხელი მიბოძეთ, ერთ მწუხარებაში ვართ!
დეამ ხელი გაუწოდა პირველ ქმარს და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს: `გამოგეცხადები ძალიან მალე და მე შენ განახებ ბოზოს, შე მართლა ბოზო! რა უბედურებაა, მიცვალებულზე ამდენი `ბოზო~?~ – ფიქრობს დეა; პატიკოს თავს ხედავს ახლოს, სულ ახლოს; პატიკო მიდის, დეა თვალს აყოლებს ატორტმანებულ მის მსვლელობას და ფიქრობს დეა: `არა, არა, არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოვკვდე პატიკომდე, არ შეიძლება!~
– ის ქალი, იქ როა… – დრამატურგმა ხმა დაიდაბლა და ოთახისკენ მიანიშნა თეატრმცოდნეს.
– რა? – ხმა დაიდაბლა თეატრმცოდნემაც.
– ამდენი ხანი რატომ ზის მარტო? – იკითხა დრამატურგმა.
– რა ვქნა, გავაგდო? ზის და იჯდეს, – მიუგო თეატრმცოდნემ.
– რატომ უნდა გააგდო, მშვენიერი ქალბატონია, – ჰაერში შემოხაზა ქალის სხეულის ფორმა მსახიობმა, – ცერა თითი შემართა, თვალი ჩაუკრა სუფრის წევრებს, – მოვიპატიჟოთო, – დასძინა და ოთახისკენ გასძახა: – ქალბატონო!
– ჩუ, ჩუ, მე გავალ! – თქვა თეატრმცოდნემ, ნაჩქარევად წამოდგა, ოთახში გააბიჯა, ვუალი აუწია დეას, ისევ ჩაუკრა თვალი, მზერით გაამხნევა და სამზარეულოში გამობრუნდა:
– ვთხოვე, არ მოდის, მალე წავალო, – მითხრა, – სუფრის წევრებს ამცნო თეატრმცოდნემ, დრამატურგს შეახსენა, – შენი ჯერია, გვითხარი რამე!
– თანამოაზრეები ვიყავით; არასდროს დამავიწყდება ჩვენი საუბრები ლიტერატურაზე, თეატრზე, ხელოვნებაზე ზოგადად… – დაიწყო თომამ და როგორც სჩვეოდა, დეაზე მეტად თავის თავზე გააბა ლაპარაკი; აღნიშნა, რა საინტერესო სახე შექმნა მის პიესაში დეამ, მერე კი პიესაზე მუშაობის პროცესი გაიხსენა.
`ეგოისტო თომა, ეგოისტო თომა~, – ფიქრობს დეა, – `ეგეც შენი მეოთხე სადღეგრძელო, ერთიღა დარჩა~, – ფიქრობს დეა, რეჟისორის ხმა ესმის:
– მუდმივად რატომ ისმის მენდელსონი? – იკითხა რეჟისორმა.
– აბა, რა უნდა ისმოდეს? – გაუკვირდა თეატრმცოდნეს.
– მხოლოდ ერთი ჩანაწერი გაქვს?
– რა ვიცი, ეს მომიტანეს, – თქვა თეატრმცოდნემ.
დრამატურგმა ფლავი გადმოიღო თეფშზე, ჩანგალი შეუცურა კერძს, რეჟისორს გამოხედა, კითხა:
– მალე უნდა გავიდე, წამოხვალ თუ დარჩები?
– ცოტა ხანს დავრჩები, – თქვა რეჟისორმა.
– ნუ გეშინია, პიესაზე აღარ დაგელაპარაკები, გავიგე შენი აზრი, აღარ მაინტერესებს, – მიმართა რეჟისორს დრამატურგმა.
– მაინც რა გაიგე? – ჰკითხა რეჟისორმა.
– ვერაფერი გავიგე და სწორედ ეგაა შენი პასუხიც! როგორც გჩვევია ხოლმე, აურ-დაურიე, დაბურდე ყველაფერი; ჰოდა, გასაგებია, რაც მითხარი… სხვა თეატრში წავიღებ პიესას!
– ნება შენია, – თქვა რეჟისორმა, იქვე დაამატა, – მაგრამ გახსოვდეს – არ მითქვამს, არ მომეწონა-მეთქი, პირიქით გითხარი…
– მეყო შენგან მოძღვნილი ამდენი `პირიქით~, ამ პიესას სხვა თეატრს გადავცემ და პროზაზე გადავალ; მომენატრა პროზა, პროზაში რეჟისორიც მე ვარ და მსახიობიც…
– ააარაა, გენაცვალე, ააარაა! – საჩვენებელი თითი შემართა მსახიობმა, – მსახიობს ასე ზერელედ ნუ ახსენებთ, ბატონო დრამატურგო! ვერც პროზაში, ვერც დრამატურგიაში ეღირსებით, მსახიობის ვნება შეიგრძნოთ! დიახ, ასეა!
– და შენ გგონია, ტექსტი თამაშის გარეშე იწერება? ჰაერიდან, პრაქტიკულად არაფრიდან ქმნი სახეებს, მაგიდასთან თუ არ გაათამაშე, არაფერი გამოვა! – თქვა დრამატურგმა.
– მაგიდა, კი – ბატონო, მაგიდა თქვენთვის დამითმია, მაგრამ მსახიობის ვნება სცენის გარეშე არ არსებობს, – აღნიშნა მსახიობმა მრავალმნიშვნელოვანი, შემთვრალი დაბეჯითებით, – იქ, თქვენს სამუშაო მაგიდასთან გგონიათ, რომ – ჰო, ვითომ რაღაც, თამაშობთსავით, ხუშტურს ისწორებთ, რისი `გაპრავებაც~ ჩვენ, მსახიობებს გვიწევს სცენაზე! მაყურებელზე გასვლას ნიშნავს მსახიობი! პირდაღებული, გაქვავებული ზვიგენის ხახასავით შემოგცქერის დარბაზი, სცენიდან უნდა კვებო, თორემ მოგიმუწავს ხახას და მეყოლე მერე კარგად! მსახიობი ზვიგენის ხახასთან პირისპირ მდგომი რაინდია; აი, რას ნიშნავს მსახიობი! – ზეაწეული საჩვენებელი თითი მუჭში შეიკრა მსახიობმა, ვიღაც უხილავს დაემუქრა მუშტით, დოქს მისწვდა შემდეგ, ღვინო ჩამოასხა ჭიქებში, რეჟისორს დაეკითხა თანაც: – თქვენ რა აზრის ხართ, ბატონო რეჟისორო?
– პრინციპში, გეთანხმები, – მოკლედ მიუგო რეჟისორმა, მსახიობს მიაცქერდა, – მითქვამს მე შენთვის, შეეშვი არაყს, დაგღუპავს, თუ უკვე არ დაუღუპიხარ!
– ახლა ხომ ღვინოს ვსვამ, – ბავშვივით იმართლა თავი მსახიობმა, ჭიქას მიეტანა, – ერთს ვიტყვი, – თქვა შემდეგ, გაემზადა სადღეგრძელოსთვის, მაგრამ თეატრმცოდნემ დაასწრო:
– არა, – თქვა თეატრმცოდნემ, – რიგი დავიცვათ, მეხუთე სადღეგრძელო მე მეკუთვნის, – თქვა მან, წამოდგა, ჭიქა შემართა, პაუზა დაიჭირა, გალიცლიცებულ ჭიქას ჩააცქერდა და მერე თქვა: – თქვენ ენაზე პედერასტი მქვია, თუ არ ვცდები…
დრამატურგის პირისკენ დაძრული ჩანგალი ჯერ შეყოვნდა, შემდეგ გაშეშდა. რეჟისორის მოჭუტული ცალი თვალი უკიდურესად გაიზარდა და დამრგვალდა, მეორე თვალი მოჭუტულად შერჩა სახეზე. მსახიობს ორივე თვალი მოეჭუტა, ხოლო კუბოსთან მჯდომმა დეამ წამისწამში გააცნობიერა ამ პერფორმანსის მთავარი ჩანაფიქრი: `აი, ვატატო, რა გინდოდა, თურმე, ვატატო; აი, მიზანი, რაც დაისახე, თურმე, ვატატო!~ – ფიქრობს დეა, – `როგორ გაუტანჯიხარ, როგორ დაუთრგუნიხარ კომპლექსს, ბავშვობიდან რომ ეზიდები და ეს ქორწილიც შენი კომპლექსისგან გასათავისუფლებლად ჩაიფიქრე, ეს გჭირდებოდა – საკუთარი პირით გაცხადება, რაც ისედაც ცხადია, მაგრამ – არა, შენ უნდა ამოგეთქვა, სახალხოდ კი არ გეღიარებინა, მანიფესტივით წარგედგინა, რათა გათავისუფლებულიყავი და გეგრძნო შვება, ვატუკუნა!~ – ფიქრობს დეა, – `და მეც ამიტომ გჭირდებოდი მეხუთე სადღეგრძელოს შემდეგ; შოკი გჭირდებოდა, რაღაცას რომ გადაეფარა, შეერბილებინა სახალხოდ ამოთქმული შენი სიტყვები და მერე – ხიხიხი, ხახახა, – გჭირდებოდა, ცუღლუტო ბიჭო, ვატატო; მაგრამ არ მიცნობ, ვირეშმაკობისთვის უნდა დაგსაჯო, ვატუკუნა! მიდი, ამოთქვი, გათავისუფლდი, მაგრამ ნაწილობრივ მაინც იგრძენი ის კოშმარი, მიწისქვეშეთში რომ გამოვიარე; ახლა შენ გშია კომპლექსისგან გათავისუფლება, – ჰოდა, მიდი; ჰოდა, ამოთქვი; მე მოგისმენ!~ – ფიქრობს დეა და ვატატოს ტკივილების, შიშებისა თუ გაბოროტების, ვატატოს შეპყრობილობის, მისი ფიქრების პალიტრას ხედავს დეა, გრძნობს ვატატოს: