– იოლი სამსახურიაო, – მომიგო. იმ საღამოსვე გამიყოლა მეზობელთან, გამაცნო და კიდეც მოვულხინე მომავალ სასიმამროსთან. თბილი, ყურადღებიანი, გონებამახვილი კაცი აღმოჩნდა ტრულაილა, მოსწრებულად ხუმრობდა, გულღიად იღიმოდა, მაგრამ უთქმელი, არგამხელილი სევდაც ედგა თვალებში. საქმიანი კაცი იყო, რამდენიმე ცეხს უძღვებოდა, ქეიფიც უყვარდა, მაგრამ მთვრალი და ფეხარეული არასდროს მინახავს, ღირსეულად იტანდა და ირგებდა ღვინოს. რაღა ბევრი გავაგრძელო, მოვშინაურდი ტრულაილას ოჯახში, აწგარდაცვლილი ჩემი სიდედრი – თანთული თავზე მევლებოდა, ამასობაში თეონაზეც შემივარდა გული; ვიყავი ასე, – ცალკე ჩემი მასპინძლებისგან, ცალკე – ტრულაილას ოჯახისგან განებივრებული თბილისელი.
დანტისტის ეზო ესაზღვრებოდა ტრულაილას კარგად მოვლილ კარ-მიდამოს. დანტისტს ებრაელი ცოლი ჰყავდა. `პერესტროიკა~ რომ გაჩაღდა საბჭოთა კავშირში, დანტისტი და მისი მეუღლე იზრაელში გადაბარგდნენ, მაგრამ სახლ-კარი არ გაუყიდიათ, დანტისტმა თავის ნათესავს უხმო რომელიღაც შორეული სოფლიდან, მას მიანდო სახლ-კარის პატრონობა. ვატყობ, სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ არ შემიძლია, დანტისტის ნათესავი და მისი ოჯახი არ დაგიხასიათოთ, რადგან ამ ოჯახს პირდაპირი კავშირი აქვს ტრულაილას აღსასრულთან.
კაცს ტარასა ერქვა, მის ცოლს – მზეხა. ხუთი შვილი ჰყავდათ, სამი ვაჟი და ორი გოგონა. ტარასა ქოსა იყო, ამასთან ერთად, თითქმის გამელოტებული, კეფის სიახლოვესღა შერჩენოდა თხელი, მონაცრისფრო თმა. მილეული კაცი იყო, უმნიშვნელო რაღაცნაირი, შეიძლება ისე ამოგდგომოდა მხარში, ვერც გეგრძნო მისი გამოჩენა; ქვემოდან იცქირებოდა, გეგონება, თვალებს მალავსო. მზეხა – ხმელი, შავგვრემანი ქალი, ჭრელი თავსაფრით დადიოდა მუდამ; ცალი თვალი მომწვანო ჰქონდა, მეორე – მუქი ლურჯი. გოგონები მამას ჩამოჰგავდნენ, ორი უფროსი ვაჟი – დედას, ნაბოლარა ზაქრო კი არც დედას, არც მამას ჰგავდა, ზაქრო თავისთავადი იყო, ამ ოჯახიდან ამომსხლტარი, – დაჭორფლილი სახე და ჟღალი თმა ჰქონდა, თვალები – არ ვიცი, გამოლენჩებული ვთქვა, არ ვიცი – თავხედი, მაგრამ მამამისი ტარასასაგან განსხვავებით, ზაქრო არ მალავდა თვალებს და როცა გიცქერდა, ღიზიანდებოდი, წუხდებოდი მისი უტეხი მოჩერებით.
შევესწარი მათ ჩამობარგებას მწვანეყვავილაზე. დანჯღრეული საბარგო მანქანით შემორიხინდნენ. მძღოლის გვერდით ტარასა იჯდა, მისი ჯალაბი – საბარგულზე. ტარასა რომ გადმოვიდა მანქანიდან, თეთრი მამალი გადმოიყოლა; მერე ისინიც ჩამოქვეითდნენ საბარგულიდან, ჩამოვიდნენ და ჩამოიყოლეს მწვანეყვავილასათვის აქამდე უცნობი, უცხო, საზიზღრად ყელმოტიტვლებული შავი ქათმები, ორი გამხდარი ღორი და მაღალ ფეხებზე შემდგარი, დაბალბეწვიანი, ნაცრისფერი, ნეკნებამოჩრილი ძაღლი, რომელიც ტარასასავით ქვემოდან იცქირებოდა. ზემოთ მოგახსენეთ, ტარასამ თეთრი მამალი გადმოიყოლა-მეთქი მანქანიდან. უყვარდა ტარასას თავისი მამალი, ჭიპიტოს ეძახდა. ძაღლსაც ჰქონდა სახელი – ძაღლი. ტარასამ ხეზე ჯაჭვით მიაბა ძაღლი; საჭმელს, პრაქტიკულად, არ აჭმევდა და რაღაცას თუ მიუგდებდნენ, ისეთი გავეშებით თქვლეფდა ის საცოდავი ცხოველი, გული მოგიკვდებოდა კაცს. სხვათა შორის, პირველად ვნახე, ძაღლი მკვახე ვაშლს ჭამდეს. ძაღლისკენ ქვასავით გასტყორცნიდა მკვახე ვაშლს ტარასა, მიეჭრებოდა ძაღლი, თქვლეფდა ვაშლს, სიამოვნების ლურთხი ჩამოსდიოდა ლაშზე. მართლაც საცოდავი სანახავი იყო; ერთხელ ვუთხარი კიდეც, – არ გეცოდება-მეთქი შენი ძაღლი, ტარასა? – რატომ უნდა მეცოდებოდესო, – ამომხედა ქვემოდან, – შია-მეთქი, შია! ჩაიცინა, – მშიერი არ დარჩება ჩემი ძაღლი, ახლახან ზღარბების ოჯახი შეჭამა, ტყავები ყრია ხესთან, თუ გინდა განახებო, – მითხრა, მერე ერთგვარი სიამაყით დასძინა, – ზღარბს მგელი ვერ ჭამს, რომ იცოდე, ჩემმა ძაღლმა კი ზღარბების მთელი ოჯახი შეჭამაო. – მაგარი ძაღლი გყოლია, გაგეშვა ტყეში, იქნებ მგელი შეეჭამა-მეთქი. ვერ მიხვდა ირონიას, სერიოზულად მიპასუხა: – მგელს ვერ მოერევა, მაგრამ ტურა კი მიახრჩო, მერე შეჭამაო ტურა.
მწვანეყვავილას უბანსა და ტარასას ოჯახზე საუბრით იმიტომ შეგაწყინეთ თავი, რომ თვალნათლივ გეგრძნოთ კონტრასტი ორ სამყაროს შორის. მწვანეყვავილას ედემი თვალსა და ხელსშუა შეიცვალა, გადასხვაფერდა, მე ვიტყოდი, იმ დღიდან გაჭუჭყიანდა, როცა ტარასას ჯალაბმა ჩაიბუდა ქუთაისელი დანტისტის სახლში. ამ ულამაზესი უბნის რომელ კუთხეში არ გადააწყდებოდით ტარასას და მზეხას წითლად ყელმოტიტვლებულ, მახინჯ ქათმებსა და გამხდარ ღორებს, სულმუდამ საჭმლის ძიებაში რომ იყვნენ; თვალშისაცემი იყო მზეხასა და მისი შვილების აჩქარებული სუნსული და მიწას ხარბად დაშტერებული მათი მზერა. დღენიადაგ დაეძებდნენ რაღაცას, მოღუნული ლურსმანი რაა? – ისიც შინ მიჰქონდათ, გადაყრილსა და უვარგისს აქუჩებდნენ ტარასასთან და ასე დღიდან დღემდე. რაღა ბევრი გავაგრძელო, მათი გამოჩენით პეწი დაეკარგა მწვანეყვავილას.
ტარასას ნაფერებ თეთრ მამალზე – ჭიპიტოზე უნდა მოგახსენოთ ახლა. ანდა, მამალი იყო? არ ვიცი, რა იყო, ტარასა მამლად ასაღებდა, მაგრამ ჰგავდა და არც ჰგავდა მამალს. წითელი ბიბილო ხელჩაქნეულად დასთრევდა თავზე, უდროოდ იცოდა ყივილი და ის ყივილიც არ ჰგავდა მამლისას, –ხრინწიანი იყო და სანახევრო, უშნოდ გაწყვეტილი. ხან გვიან ღამით ისმოდა ჭიპიტოს ჯახირი, ხანაც – შუადღისას, უდროოდ იგიჟიანებდა თავს. ყელტიტველა დედლებსაც გამოენთებოდა ხოლმე დასაჩინჩლად, მაგრამ შუა გზაზე ჩამოეხსნებოდა, ფრთებს დაიწვდენდა მიწამდე, იმუქრებოდა თითქოს, ციბრუტივით დატრიალდებოდა ფრთებდაფაფხურებული. ტრულაილას მეტისმეტად აღიზიანებდა ტარასას ჭიპიტო, – რას ჰგავს ეს შეჩვენებული, მამლის არამსგავსი ეს, მაგისი ხორციც არ იჭმევა, ალბათ; თანაც, ახალჩაძინებულზე მაღვიძებს, გეგონება, ჩემს ჩაძინებაზეა დადარაჯებულიო, – ჩიოდა ტრულაილა. შესთავაზა ტარასას, – მომყიდე შენი ჭიპიტოო, მაგრამ, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, ტარასა უარზე დადგა, – არ იყიდებაო ჭიპიტო, – მიუგო ტრულაილას, – დედლებს მოგყიდი, ჭიპიტოს ვერაო, – ტარასამ. მოკლედ, ვერ მორიგდნენ ტრულაილა და ტარასა, დარჩა ცოცხალი და ხელშეუხებელი ჭიპიტო.
1989 წლის 9 აპრილის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ქვეყანაში. არ ვიცი, ეს სისხლიანი თარიღი რაიმე კავშირშია თუ არა ტრულაილას გადასხვაფერებასთან, მაგრამ ტრულაილაც სხვა გახდა. საქმეს ჩამოშორდა, შინ ჩაიკეტა, მობერდა, მოტყდა, გარეგნობასაც აღარ აქცევდა ყურადღებას, – პირგაუპარსავი არ მენახა ადრე; შინ რომ გამოიკეტა, ხანდახან, ისიც თანთულის დაჟინებული თხოვნით, თანთულისავე ხელით თუ მოისუფთავებდა პირისკანს. მახსოვს, უწინდელ ტრულაილას ჩაცმა-დახურვა უყვარდა, იხდენდა კიდეც სამოსს, ამაზეც აიღო ხელი, – სპორტული შარვალი დაიჩემა, ხშირი ხმარებისგან რომ იფლაშება მუხლისთავებთან; თანთული წუხდა, რას გადაეკიდე ამ შარვალს, შარვლის მეტი რა გაქვს, ჩემი სირცხვილია, ასე რომ ენახვები მეზობლებსო, მაგრამ ტრულაილა შეუვალი იყო, – ამ სპორტულ შარვალში ვგრძნობ თავს მყუდროდო. რა თქმა უნდა, ტრულაილას სახეცვლილება თანდათანობით გამომჟღავნდა, მაგრამ შეგიმჩნევიათ, ალბათ, სწორედ წარმოსადეგი, თავმოყვარე მამაკაცების უეცარი დაბერებაა მტკივნეულად თვალშისაცემი. ტრულაილა იმ გონებაგაფანტულ მოხუცად იქცა, წნევის წამალი და გაზეთი რომ აინტერესებს მხოლოდ და ეს ჩემს თვალწინ მოხდა.
დროდადრო შემეხმიანებოდა ხოლმე, – რატომ დამივიწყე, გადმოდი, თითო სტაქანი შევსვათო; თანთულის გააშლევინებდა შინაურულ სუფრას, ვისხედით, ცოტას ვსვამდით, ძირითადად ვდუმდით, ტელევიზორს ვუცქერდით, პოლიტიკაზე თუ ჩავაგდებდით სიტყვას, მაშინ ამჟღავნებდა ცხოველ ინტერესს ტრულაილა, ინტერესს კი იმიტომ ამჟღავნებდა, რომ იმედი ჰქონდა რაღაცის. რაღა – რაღაცის? ქართველი კაცი იყო, იმჟამინდელმა ტელევიზიამ და პრესამ იმედი გაუჩინა, რომ ჰა და ჰა, ჩამოიქცევა სსრკ, ჰა და ჰა, სადაცაა მივაღწევთ ნანინატრსო და ისიც მოეჭიდა ამ იმედს. ეს ეინტერესებოდა, ეს ეფიქრებოდა, მთავარი სასაუბრო თემაც ეს იყო მისთვის.
ეროვნული მოძრაობის გამოცოცხლება თავისებურად აისახა ტარასას ოჯახზეც. ტარასა, მზეხა და მათი ხუთი შვილი ქუთაისის ცენტრს მოედნენ, რადგან ქალაქის შუაგულში იმართებოდა ხოლმე ყველაზე ხალხმრავალი მიტინგები. ნაბოლარა – ზაქრო აქტიურობდა განსაკუთრებით, ხშირად მინახავს მხარზე გადებული ტრანსფარანტით, ძალიან საქმიანი გამომეტყველებით რომ მიეშურებოდა ქალაქისკენ. ჯერ კიდევ ბავშვი ეთქმოდა ზაქროს, მაგრამ, არ ვიცი, რა დამსახურების გამო, მანქანით აკითხავდნენ შინ, სადღაც მიჰყავდათ, მერე – მოჰყავდათ. თავხედური თუ გამოლენჩებული მზერა ქედმაღლური გაუხდა ზაქროს, ტარასამაც ამომართა მიმალული თვალები, მხოლოდ ზაქროსთან ჩაუდაბლებდა ხოლმე მზერას, და-ძმებიც და დედამისი – მზეხაც ქვემოდან შესცქეროდნენ ნაბოლარას, რომელიც უფროსად იქცა ტარასას ოჯახში. სამხედრო ფორმა გაიჩინა ზაქრომ, მერე გადაიკარგა სადღაც, მისი ოჯახის სხვა წევრები კი ძველებურად აკითხავდნენ ქუთაისის ცენტრს, დაჰქონდათ ტრანსფარანტები, ჭიპიტოსავით ხმაჩახრინწულად გაჰკიოდნენ – გაუ! გაუ-ს! მათ ცვლილების სიახლოვე იგრძნეს და როგორც ექიმი, გეუბნებით – არაფერია ისე სახიფათო, როგორც სოციუმის ეს დამშეული, მზერაჩადაბლებული ფენა, რომელიც ცვლილების სიახლოვეს გრძნობს და ბრმად კი არ მიჰყვება ვიღაცას, არამედ თავად იწყებს თავისი ინსტინქტების გამომზეურებას. ეს ფონი შეიქმნა ქვეყანაში იმჟამად. ტარასას ჯალაბის მსგავსი ბევრი გამოჩნდა; ისინი იყვნენ რადიკალურები და ხმაურიანები, რადგან რადიკალიზმი და ხმაური იყო მათი სათამაშო მოედანი. ემოცია სჭარბობდა გონს; სჭარბობდა – არა, ემოცია ჩაგრავდა გონს და ამას გადამდები ეფექტი ჰქონდა.
ტრულაილას ფორიაქი იმით გამოიხატა, რომ ხშირად იდგა ხოლმე ჭიშკართან, ჩემს გამოჩენას ელოდა; დამინახავდა თუ არა, ხელს დამიქნევდა, – მოდი, მოდი, ვილაპარაკოთო, – დამიძახებდა და თითო სტაქანი, თითქო სტაქანიო, – დაამატებდა სასწრაფოდ. ვიცოდი, პოლიტიკაზე საუბარი რომ სურდა მოხუცს, ესღა რომ შერჩენოდა ყველაზე სასიამოვნო დროსტარებად. სიმართლე გითხრათ, გული აღარ მიმიწევდა ტრულაილასთან სალაყბოდ, მაგრამ უარს ვერ შევკადრებდი, თანაც თეონა მეგულებოდა შინ; ჰოდა, როგორც წესი, დიდი ენთუზიაზმის გარეშე, გულსგარეთ, მაგრამ მაინც მივყვებოდი მოხუცის ნებას.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12