გაზაფხული. შაბათი. მენდელსონის სამგლოვიარო მარში.

(ნაწყვეტი რომანიდან; დასასრული)

 

ანი-თ დაწყებული ისევე სრულდება ჰოე-თი, როგორც აქამდე გასრულებულა ურიცხვი ამბავი, მაგრამ ანი-ს და ჰოე-ს არსებობა თავისთავად ღაღადებს უზენაესის მაღალ ნებაზეო, – იტყოდა, ალბათ, სვეგამწარებული ლამარიე და ზამთრის უჟმურ, ქუფრიან დილას დიღმის ერთ-ერთ კლინიკაში დაწყებულ ამბავსაც აქვს თავისი დასასრული.
მაისის პირველი შაბათის დღის 11 საათისთვის ალექსანდრეს ბაღში შავკაბიანმა ქალმა შემოაბიჯა; კაბაზე მოხდენილი შავი კოსტუმი ეცვა; მხოლოდ ტუჩ-ნიკაპი უჩანდა, შავ ქუდზე დაშვებული შავი ვუალი სანახევროდ უფარავდა სახეს, შავი ჩანთა შემოედო მარჯვენა მკლავზე, წინდებიცა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც შავი ეცვა. ელეგანტურად გამოიყურებოდა, სხვა ეპოქიდან გამოღწეულს ჰგავდა, ამით იქცევდა ამვლელ-ჩამვლელის ყურადღებას; ინტერესით, ერთგვარი რიდით აყოლებდნენ თვალს, ამას ქალიც გრძნობდა და მის გამართულ, ჯიშიან მსვლელობას მეტი პეწი ეძლეოდა.
ქალბატონმა ალექსანდრეს ბაღი ჩაიარა, ქუჩა გადაკვეთა, კაფეში შევიდა, დახლთან მდგომ გოგონას ფინჯანი ყავისა და ერთი ბოთლი წყლის ამოტანა სთხოვა მეორე სართულზე. კაფეს პირველ სართულზე, მინის კედელთან მსხდომმა ქალ-ვაჟმა და დახლთან მდგომმა გოგონამ თვალი გააყოლეს ქალს, ვინც ყველაზე მიჩუმათებული, შეჩრდილული კუთხე მოძებნა თავისთვის და ამით მეტი იდუმალება აიყოლა კიბეზე.
12-ს ხუთი წუთი აკლდა, როცა თაბუკაშვილის ქუჩაზე ჩამომავალმა მსახიობმა დრამატურგი შენიშნა. მარჯვნივ გაიხედა და რეჟისორსაც მოკრა თვალი. შეხვდნენ, ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ძუნწად, უსიტყვოდ დაუკრეს თავი და ვიწრო ქუჩაზე დაეშვნენ.
ვიწრო ქუჩის პატარა მაღაზიასთან სეირანა იდგა, სიგარეტს ეწეოდა. სეირანამ დაკვირვებული მზერით გაზომა ერთ-ერთ სადარბაზოში შემავალი სამი მამაკაცი.
გაზაფხულის მოღრუბლული დღე იყო, აივნიდან ჩიბი ყეფდა.
რკინის ჭიშკარმა გაიჭრიალა. ჭიშკრიდან ჩორნა ნიკო და გაწლიკული ქალი გამოილანდნენ, ქუჩას გაუყვნენ. სეირანამ თვალი გააყოლა ჩორნა ნიკოს და გაწლიკულ ქალს.
ნევროპათოლოგი გამოვიდა აივანზე, თავზე გადაუსვა ხელი ჩიბის, ჩიბი კუდის გამალებულ ქიცინს შეუდგა, ნევროპათოლოგი კი იდაყვებით დაეყრდნო რკინის მოაჯირს და ბროსეს ქუჩისკენ მიაპყრო მზერა.
ბროსეს ქუჩიდან ტაქსი შემოვიდა, ნევროპათოლოგის სადარბაზოსთან გაჩერდა. მანქანიდან ახალგაზრდა მამაკაცი გადმოვიდა. სეირანამ ყურადღება მიაქცია უცნობ ახალგაზრდას. მას მოყვითალო პირისკანი ჰქონდა, მრგვალჩარჩოიანი სათვალე ეკეთა, საშუალო სიმაღლის იყო, მხრებგანიერი, ნავარჯიშევი ტანი უჩანდა.
– ადამ! ადამ! – ჩამოსძახა ნევროპათოლოგმა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც თავი ასწია, ფართოდ გაუღიმა ნევროპათოლოგს, ტაქსიდან ხელჩანთა გადმოიღო და სადარბაზში შეაბიჯა.
სეირანამ ჯერ მაღლა, ნევროპათოლოგის აივნისკენ აიხედა, შემდეგ, სადარბაზოში შეაყოლა მზერა უცნობ ახალგაზრდას.
ტაქსი უკუსვლით ცდილობდა ვიწრო ქუჩიდან გაღწევას, სეირანა ტაქსისტის ჯახირს მიაცქერდა.
ოთახის ცენტრში კუბო იდგა, კუბოში თეთრკაბიანი მიცვალებული ესვენა სახეზე თეთრი ვუალით. გარდაცვლილის გულზე დაკრეფილ ხელებს გაშლილი თეატრალური მარაო ფარავდა. კედელზე დეას შავ ჩარჩოში ჩასმული ფოტო ეკიდა. კუბოს ირგვლივ სკამები ჩაერიგებინათ. კუბოსთან მდგარ ბროლის ლარნაკში წითელი მიხაკები ეწყო.
ერთ-ერთ სკამზე თეატრმცოდნე იჯდა, თავი ჩაექინდრა, იატაკს ჩასცქეროდა.
რეჟისორი, დრამატურგი და მსახიობი ერთიმეორეს მიყოლებით შემოეწყვნენ ოთახში, ჯერ კუბოს მიაცქერდნენ, მერე – თეატრმცოდნეს, მერე – ჩამოსხდნენ.
თეატრმცოდნემ თავი ამომართა, გაბრუებული მზერა მოავლო მათ, – ააა, მოხვედითო, – თქვა და ისევ ჩაქინდრა თავი.
– და რა მოხდა, გამაგებინე! – თქვა მსახიობმა, ვისაც სახე შეშუპებოდა ლოთობით, მაგრამ ახლა ფხიზელი ჩანდა.
თეატრმცოდნემ ჭაღისკენ აიშვირა თითი, იატაკს ჩასცქეროდა კვლავაც:
– ჩამოეკიდა… იქ… შემოვედი და… მე ჩამოვხსენი… – ნაწყვეტ-ნაწყვეტ, დიდი ძალისხმევით ამოთქვა თეატრმცოდნემ.
ჭერს, სადაც მონგრეულად ეკიდა ჭაღი, ბზარები გასჩენოდა.
– იქ როგორ აძვრა, „ედრენო მატ“, – რუსულად შეიკურთხა ჭერს აცქერილი მსახიობი.
– ნუ ბილწსიტყვაობ მიცვალებულთან, გთხოვ… – ცრემლი გაერია თეატრმცოდნის ხმას, – კიბით… კიბით ასულა საცოდავი, – თქვა შემდეგ.
– დეიკო… დეიკო, დეა… – მოუწყლიანდა თვალები მსახიობს, წამოდგა, აივანზე გავიდა.
მობილურის ზარი გაისმა. დრამატურგი მობილურს ჩააცქერდა, დაბალი ხმით უპასუხა:
– გადმოგირეკავ მერე, პანაშვიდზე ვარ, – მობილური გამორთო, მანაც მიაშურა აივანს.
რეჟისორი თვალმოჭუტულად შესცქეროდა თეატრმცოდნეს, იკითხა:
– მარაო რა შუაშია?
– უყვარდა; არ გახსოვს, როგორ უყვარდა?! ჩაყვეს, წაიყოლოს… – წაუქვითინა თეატრმცოდნემ.
– მარაო… ჰო, მახსოვს, უყვარდა, – თქვა რეჟისორმა, მოჭუტული თვალები მოატარა ოთახს, ისევ იკითხა: – და თეთრი ვუალი რაღა შუაშია?
– ქორწილს ვაპირებდით დღე-დღეზე; მინდა, ასე დამამახსოვრდეს – თეთრი კაბით, თეთრი ვუალით… თანაც გალურჯდა, სულ გალურჯდა; მიდი, ნახე, რა დღეშია ჩემი დეა, – თქვა თეატრმცოდნემ, ნაჩქარევად წამოდგა, სამზარეულოსკენ გაიჭრა, – ვერ ვუყურებ, არ შემიძლია, არ შემიძლია!
რეჟისორმა მზერით გააცილა თეატრმცოდნე, კუბოს მიაცქერდა.
ოთახში დრამატურგი შემოვიდა, რეჟისორის გვერდით ჩამოჯდა.
– რაღაც… – თქვა რეჟისორმა, მაგრამ წინადადება აღარ დაასრულა.
– რა, რაღაც? – ჰკითხა დრამატურგმა.
– რაღაც ის არის… – გამოხედა რეჟისორმა დრამატურგს, – მიდი, აბა, ვუალი ახადე!
– რატომ? – შეცბუნდა დრამატურგი.
– მიდი, რა დაგემართა? – ხელი წაკრა რეჟისორმა.
დრამატურგს სახე წამოენთო, გრძელი კისერი მეტისმეტად დაუგრძელდა, ხმაურიანი ნერწყვი გადაყლაპა და თქვა:
– თუ ასე გაინტერესებს, შენ ახადე ვუალი!
– მე არ მსიამოვნებს, – თქვა რეჟისორმა.
– არც მე მსიამოვნებს, – თქვა დრამატურგმა.
– გეშინია? – მიაცქერდა რეჟისორი დრამატურგს.
– შიში რა შუშია, შენი ტონი არ მსიამოვნებს; რას ნიშნავს, – მიდი, ვუალი ახადე?! საერთოდ, რა დამოკიდებულებაა, არ მესმის!..
– კარგი, ბატონო, პატიკო ახდის ვუალს, – თქვა რეჟისორმა და აივნისკენ გაიხედა.
– არა, არა, მომისმინე, – ბლანჟე ჩამოიწიწკნა დრამატურგმა, – ჯერ არ დამისრულებია…
რეჟისორმა თვალები გაუჭუტა დრამატურგს.
– როდის მოგიტანე პიესა, გახსოვს?! – რეჟისორისკენ წაიგრძელა კისერი დრამატურგმა.
– მერე, – იკითხა რეჟისორმა, – მაინცდამაინც აქ და ახლა გინდა პიესაზე საუბარი?
– წაიკითხე, საერთოდ? – დაინტერესდა დრამატურგი.
– როგორ არ წავიკითხე, – თქვა რეჟისორმა.
თეფშებმა გაიწკარუნეს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12