დეამ წყალი მოსვა, მობილურის საათს დახედა. პირველის ხუთი წუთი იყო. `მაინც რა უნდა ამ გარეკილს, რატომ დაიჟინა მეხუთე სადღეგრძელო? რა ჩაიფიქრა? რომ ჩავეძიე, რატომ-მეთქი მეხუთე სადღეგრძელო? ხუთი ჭიქის მერე შებუჟბუჟებულები იქნებიან, უფრო სახალისო იქნებაო, – მიპასუხა, მაგრამ არ მჯერა, რაღაცაშია საქმე~, – იფიქრა მობილურს ჩაცქერილმა დეამ და თვალის კუთხით შენიშნა კაფეში შემოსული ქალი, რომელიც მილიცას მიამსგავსა.
ქალი დახლს მიუახლოვდა, ყავა შეუკვეთა, გამობრუნდა შემინულ კედელთან მდგარი მაგიდისკენ, ჩამოჯდა სკამზე და მაღლიდან მაცქერალმა დეამ მასში მილიცა ამოიცნო.
მილიცას თუთუნისფერი, მოკლე კოსტუმი ეცვა შინდისფერ კაბაზე. შინდისფერი ხელჩანთა შემოდო მაგიდაზე, გახსნა, ჩანთიდან მობილური ამოიღო, ჩააცქერდა. ფინჯანი ყავა მიართვეს მუშტარს. მილიცამ გამტკბარად გაუღიმა გოგონას, მადლობა გადაუხადა, ჩანთიდან პატარა საფულე ამოიღო, ყავის საფასური გადაიხადა და ისევ გამტკბარად გაიღიმა. `ძალიან გამტკბარად იღიმის მილიცა~, – ფიქრობს დეა, – `ზედმეტად გამტკბარად იღიმის~, – ფიქრობს დეა, მილიცას აკვირდება.
მილიცამ ყავა მოსვა, ფინჯანი ჩამოდგა ლამბაქზე, მიმოიხედა და ისევ ჩააცქერდა მობილურს. დეა მილიცას აკვირდება მეორე სართულიდან, მილიცა მობილურითაა გართული, ცოტა ხნის შემდეგ თავი ანება მობილურს, მაგიდაზე შემოდო, ყავა მოსვა, შემინული კედლიდან გახედა ქუჩას, დახლისკენ გამოიხედა, ჩანთას ადგილი მოუნაცვლა და სამარილეს მისწვდა. `იპარავს, იპარავს!~ – მიხვდა დეა, – `ამიტომაც მეცნო მილიცას გამტკბარი ღიმილი~, – ფიქრობს დეა, მილიცას აკვირდება, მილიცამ გახსნილი ჩანთა დააცერა, მობილურთან ერთად სამარილეც ჩაუშვა ჩანთაში და ისევ გახედა ქუჩას. `ამიტომაც გადაიხადა დანახარჯი წინასწარ, სანადიროდ იყო შემოსული~, – ფიქრობს დეა, მაღლიდან დასცქერის მილიცას, იღიმის თანაც.
მილიცამ ჩანთა დაკეტა, წამოდგა, კაფე დატოვა, გაუყვა ქუჩას. დეამ თვალი გააყოლა ქუჩაზე მიმავალ მსახიობს და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს, თანაც იღიმის: `მილიცა, მილიცა, ამიერიდან მეყვარები, ჩემო მილიცა!~ იცის დეამ, რას განიცდიდა, როცა სამარილეს იპარავდა მილიცა; ამიტომაც იღიმის დეა, გამოიარა დეამ კოშმარი, გადაიხიფათა განსაცდელი, გათავისუფლდა, ან ჰგონია, რომ გათავისუფლდა იმ ვნებისგან, რითიც მილიცაა შეპყრობილი ახლა და ებრალება კონკურენტი მსახიობი, ადამიანს ხედავს მასში; ანდა, მსახიობს, ვისაც ადრენალინი შემოაკლდა სცენიდან და ვნებისგან მართულ, ვნებაზე დამოკიდებულ ადამიანად იქცა და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს: `მილიცა, მილიცა, ამ პერფორმანსს ჩავატარებ და აუცილებლად შეგეხმიანები; შინ მოგიწვევ და ვიჭორაოთ, ვიმეგობროთ, რადგან სულიერი დები ვყოფილვართ, ჩემო საბრალო, გატანჯულო ჩემო მილიცა! აი, ნახავ, როგორ ვიდაქალებთ მე და შენ~, – თბილი ღიმილით გააცილა ქუჩაზე მიმავალი მილიცა დეამ, მობილურის საათს დახედა, – ჩემი გამოსვლის დროაო, – იფიქრა, წამოდგა, ჩანთა გადაიკიდა მკლავზე, კიბეზე დაეშვა, დანახარჯი გაისტუმრა და სანამ კაფედან გავიდოდა, მინის კედლიდან შენიშნა მიწისქვეშეთში ნანახი მწყემსი.
თვალებდაფუღუროებულ მწყემსს ყურებიანი ქუდი ეხურა, კეტს მოარაკუნებდა ქვაფენილზე, შავ-თეთრად დაკოპლილი, ყურებწაჭრილი ძაღლი მოჰყვებოდა საბელის გარეშე, საბელი წყვილი თეთრი კრავისთვის გამოება კაცს; უცნაური სანახაობა იყო ქალაქის შუაგულისთვის, მაგრამ მწყემსს, როგორც ჩანს, ნაკლებად ადარდებდა ამვლელ-ჩამვლელთა შემოცეცებული მზერა და დაბეცებული მათი ღიმილი, აუჩქარებლად მიდიოდნენ მწყემსი და ძაღლი, წყვილ თეთრ კრავს მიიყოლიებდნენ გზად.
„ააა“, – ფიქრობს დეა, – „ააა, მივხვდი, მივხვდი! გადაინასესხა უკვე, მწყემსი ახალ ფარას გაიჩენს წყვილი კრავისგან და ასე იქნება ნასესხებიდან ნასესხებამდე, მარადიულად იქნება ასე!“ – ფიქრობს დეა; კაფედან გადის, მიეშურება შინისაკენ და ფიქრობს დეა: `გავასრულებ ამ იდიოტურ პერფორმანსს, გადავიხდი პაწაწას კანონიერი არსებობის საზღაურს და ჩემს `ჰეფი ენდში~ დავისვენებ~, – ფიქრობს დეა, ალექსანდრეს ბაღში მიაბიჯებს.

– სამზარეულოს მაგიდაზე სამარხვო სუფრა გაეწყო თეატრმცოდნეს.
_ მართალია, არ იყო ეკლესიური, მაგრამ ასე გადავწყვიტე მაინც, – მიუგო ვატატომ სუფრის წევრებს, როცა მაგიდას შემოუსხდნენ.
თეატრმცოდნის ხელმარჯვნივ დრამატურგი ჩამოჯდა, ხელმარცხნივ – მსახიობი, რეჟისორი და თეატრმცოდნე პირისპირ უცქერდნენ ერთმანეთს.
– გასვენებას როდის ფიქრობ? – იკითხა რეჟისორმა.
– სამშაბათს, – უპასუხა თეატრმცოდნემ, – დედამისის გვერდით, – დაამატა შემდეგ.
– თეატრალურ საზოგადოებაში არ იციან? – ჰკითხა რეჟისორმა.
– თქვენს გარდა არავისთვის შემიტყობინებია; აღვასრულებთ დეას ნებას, მერე გავაგებინებ, – თქვა თეატრმცოდნემ.
– დროზე უნდა გააგებინო, დაგეხმარებიან! თეატრში გამოვაკრავთ განცხადებას. სალაროდანაც შეიძლება ფულის აღება, თეატრიც დაგიდგება მხარში, პატარა ხარჯი არ გექნება…
– გმადლობ, – თქვა თეატრმცოდნემ, – გმადლობ…
– მე თეატრის ხალხთან დავდებ ფულს, – თქვა დრამატურგმა და იქვე თქვა, – გემრიელი სოკოა, კარგად შეუწვავთ…
– სანაპიროზე რომ რესტორანია, იქიდან ამოვიტანე; აბა, მე რისი თავი მქონდა… – თქვა თეატრმცოდნემ.
მსახიობმა ღვინო ჩამოარიგა ჭიქებში.
– ფლავიც რესტორნიდანაა? – იკითხა დრამატურგმა.
– ყველაფერი, – მოკლედ მიუგო თეატრმცოდნემ.
– მეცოდინება, – თქვა დრამატურგმა, – მიყვარს ფლავი.
– ამდენი რამე როგორ მოასწარი? – დაეკითხა რეჟისორი.
– რას გულისხმობ? – კითხვას კითხვა შეაგება თეატრმცოდნემ.
– სასახლე, მიცვალებულის გაპატიოსნება, ფოტო კედელზე, ეს პურ-მარილი, – ფოკუსნიკი ხარ?
– რა მოსწრება უნდა, მიხვალ `ჰერმესში~, გადაიხდი ფულს და ყველაფერს გიგვარებენ, – თქვა თეატრმცოდნემ, ცრემლი გაერია ხმაში, – იმ უბედურმა იკითხოს, თორემ…
– დეა, დეიკო, დეიკო… – მოეცრემლა თვალები გალიცლიცებულ ჭიქას მიცქერილ მსახიობსაც.
– გვითამადე! – მიმართა რეჟისორმა თეატრმცოდნეს, – თამადობა შენ გეკუთვნის.
– არა, – ხელები გაასავსავა თეატრმცოდნემ, – თამადა ნუ იქნება ამ სუფრაზე; მორიგეობით მოვიგონოთ დეა; დეას ქმრების ქელეხი იყოს თამადის გარეშე, უბრალოდ ვისაუბროთ მასზე…
– მე ქმარი არ ვყოფილვარ, – შენიშნა რეჟისორმა, – მეგობრები ვიყავით…
– მაშინ დეას კაცების ქელეხი დავარქვათ; რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია, მისი ნება აღსრულდეს!
– ჰოდა, დაიწყე, ბოლოს შენთან იყო, შენ ხელში მოკვდა, – თქვა რეჟისორმა.
– რაც სავსებით ლოგიკურია… – მიაცქერდა მსახიობი თეატრმცოდნეს და ისევ მოიხმო რუსული: „ედრენო მატ“, _ ამის შემდეგ მოარიდა გაბოროტებული მზერა თეატრმცოდნეს.
სუფრასთან მძიმე სიჩუმე ჩამოწვა.
– მე მაბრალებთ დეას თვითმკვლელობას?! – იკითხა ხმაათრთოლებულმა თეატრმცოდნემ, პასუხი ვერ მიიღო, სიმტკიცე გაირია ხმაში და მომთხოვნი ტონით განაცხადა: – და ძალიან გთხოვთ, ბილწსიტყვაობის გარეშე ამ სუფრასთან!
– არავინ არაფერს გაბრალებს, – შემრიგებლურად შეაპარა რეჟისორმა თეატრმცოდნეს, – ფაქტი აღვნიშნე მხოლოდ, – ბოლო ქმარი იყავი და პირველი სადღეგრძელო შენ გეკუთვნის, ქვრივი კაცი ხარ, – თქვა რეჟისორმა და თვალმოჭუტულად ახედ-დახედა თეატრმცოდნეს.
– ძალიან გთხოვთ… ძალიან… ნერვები დაწყვეტაზე მაქვს, სიტყვა მოზომეთ! – თქვა თეატრმცოდნემ.
– მართალია ეს კაცი, – თეატრმცოდნეზე მიანიშნა რეჟისორმა მსახიობს, – პატიკო, შენ დათვერი უკვე, – მიმართა მას და ლობიო გადმოიკაკუნა თეფშზე.
– ვინმეს თუ ჰგონია, მე ნაკლებად მაქვს ნერვები დაწყვეტაზე, ძალიან ცდება! – საჩვენებელი თითი ჩამოჰკრა მაგიდის ძგიდეს მსახიობმა, – დეა ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარული იყო, გაანათლოს ის საცოდავი! – თქვა მსახიობმა, გალიცლიცებულ ჭიქას მისწვდა, სულმოუთქმელად დაცალა, სასმისი მაგიდაზე ჩამოდგა, მიმოიხედა გულუბრყვილოდ, ცოტა შემთვრალად, თეატრმცოდნეზე შეაჩერა მზერა და ვითომც არაფერიო, ისე ჰკითხა: – რა კარგი ღვინოა, ესეც რესტორნიდან?
– ჰო, – თქვა თეატრმცოდნემ, – რესტორნიდან, მაგრამ ეს ჭიქა არ ითვლება; რადგან ქვრივი ვარ, მე დავიწყებ.
– ჰო, ჰო, დაიწყე, – მიუგო რეჟისორმა თეატრმცოდნეს.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12