რეჟისორმა სამზარეულოსკენ გაიხედა, თეატრმცოდნის ზურგს მოჰკრა თვალი.
– და… – შემოესმა დრამატურგის ხრინწმორეული ხმა.
– რა-და? – გამოხედა რეჟისორმა დრამატურგს.
– და, თუ მეგობრობა იგულისხმება ჩვენს შორის, რატომ არ მითხარი შენი აზრი? მაინცდამაინც უნდა მახვეწნინო და დამამცირო? ხომ იცი, ამ დროს ნემსებზე ვზივარ…
– ვიცი, – განაცხადა რეჟისორმა და ურცხვად დადუმდა.
სამზარეულოში დანა-ჩანგალი გაწკარუნდა.
რეჟისორი არ ჩქარობდა თავისი აზრის გამოთქმას.
– და, რა აზრის ხარ? – ტანჯვით ამოთქვა დრამატურგმა.
– პირიქით უნდა გაგეკეთებინა, – თქვა რეჟისორმა.
– აჰ, აი, რაში ყოფილა საქმე! – ჩაგუბებულ ემოციას კარი გაუხსნა დრამატურგმა, – პირიქით რომ გამეკეთებინა, მაინც მეტყოდი, – პირიქით უნდა გაგეკეთებინაო!
– მაშინ არ გეტყოდი, – პირიქით უნდა გაგეკეთებინაო, რატომ გეტყოდი, არ გეტყოდი, – მხრები აიჩეჩა რეჟისორმა.
– მეტყოდი; პროფესიული დაავადება გჭირს, რეჟისორი ხარ და აუცილებლად მეტყოდი, – პირიქით უნდა გაგეკეთებინაო, – წამოდგა დრამატურგი, – ესე იგი, არ მოგწონს! ჰოდა, გეთქვა აქამდე, რომ არ მოგწონს, – აივნისკენ გადადგა ნაბიჯი დრამატურგმა.
– მე გითხარი, არ მომწონს-მეთქი?! ძალიანაც მომწონს, სცენაზე გადამუშავდება, – სიტყვა გაადევნა დრამატურგს რეჟისორმა.
დრამატურგი შეყოვნდა, რეჟისორს გამოხედა:
– ესე იგი, დადგამ პიესას? – მიაჩერდა რეჟისორს.
– ვნახოთ, – უმისამართოდ ჩაილაპარაკა რეჟისორმა.
დრამატურგმა რაღაცის თქმა დააპირა, გადაიფიქრა, აივანზე გავიდა.
აივნიდან მსახიობმა შემოაბიჯა, კუბოს მიუახლოვდა, ჩაწითლებული თვალებით ჩააცქერდა მიცვალებულს.
– მიდი, აბა, ვუალი ახადე! – მიმართა რეჟისორმა მსახიობს.
– რატომ? – შიშნეულად იკითხა მსახიობმა.
– ამოცანა გაქვს ასეთი, ვუალი უნდა ახადო მიცვალებულს; აუწიე, ნუ! – ხმაში ბრძანება გაირია რეჟისორმა.
მსახიობი დაემორჩილა, თითის წვერებით, ლამის ფრჩხილებით დასწვდა ვუალის კუთხეს, ფრთხილად ააცოცა, რეჟისორს გამოხედა თვალმოცრემლილმა:
– როგორ გალურჯებულა! რა უწვალია უბედურს, ამას! დეიკო, დეიკო, – გლოვის ახალი ტალღა დაეძგერა მსახიობს, მაგრამ ვუალი არ დაუშვია, რეჟისორს დაეკითხა:
– დავუშვა ვუალი?
რეჟისორი ერთხანს დუმდა:
– დაუშვი, – თქვა შემდეგ და როცა მსახიობმა თეთრი ვუალი დაუშვა მიცვალებულის გალურჯებულ სახეზე, ისევ იმავე ბრძანებითი ტონით მიმართა მას: – ახლა მარაო ასწიე!
მსახიობი რეჟისორს მიაჩერდა.
– ასწიე, ნუ! – მიუგო რეჟისორმა მსახიობს.
– კაბაც ხომ არ ავუწიო? – ბრაზი გაერია მსახიობის გამომეტყველებას.
– გითხარი, კაბა აუწიე-მეთქი? მარაო ასწიე, რა დაგემართა?! – თვალები მოიჭუტა რეჟისორმა.
მსახიობმა უკმაყოფილო მზერა აარიდა რეჟისორს, მარაოს დააცქერდა, თითის წვერებით მისწვდა, ასწია, რეჟისორს გამოხედა.
– რას ხედავ? – ჰკითხა რეჟისორმა მსახიობს.
– დეას გალურჯებულ ხელებს ვხედავ, – თქვა მსახიობმა.
– დაუშვი მარაო, – მიუგო რეჟისორმა.
მსახიობმა გაშლილი მარაო დაუშვა მიცვალებულის გალურჯებულ ხელებზე, ჯიბიდან მათარა ამოაძვრინა, თავსახური მოხსნა, რამდენიმე ხარბი ყლუპი გადაჰკრა, მათარას თავი დაუცო, ჯიბეში შეინახა, შეაჟრჟოლა.
– აკი, აღარ ვსვამო? – მიმართა რეჟისორმა მსახიობს.
მსახიობმა ხელი ჩაიქნია:
– დღეს როგორ არ დავლიო, დეას დაუბარებია… დღეს ვსვამ!
– ჰო, მართლა, იმას დაუძახე ერთი; რა წერილი დატოვა, წამაკითხოს!
სამზარეულოდან თეატრმცოდნე გამოვიდა, ფურცელი ეჭირა, რეჟისორს გაუწოდა.
რეჟისორმა სათვალე გაიკეთა, რამდენჯერმე გადაიკითხა წერილი, თეატრმცოდნეს დაუბრუნა.
– რესტორნიდან ამოვზიდე რაღაცები, გავიდეთ სამზარეულოში, – თქვა თეატრმცოდნემ და სამზარეულოსკენ მიმავალმა ჩაილაპარაკა თავისთვის: – არ შემიძლია, არ შემიძლია…
აივნიდან დრამატურგმა გამოაბიჯა:
– „ვნახოთ“, რას ნიშნავს?! – მიმართა რეჟისორს, – ან ისე მითხარი, ან – ასე! სხვა თეატრში წავიღებ სულაც, პიესას რატომ მიჩერებ?..
– იმიტომ, რომ ვფიქრობ, – მიუგო რეჟისორმა.
– მაინც, რაზე ფიქრობ? – იკითხა დრამატურგმა.
– ჟანრზე, – უპასუხა რეჟისორმა.
– მე აბსურდში ვმუშაობ, ხომ იცი… – თავის ბლანჟეს მისწვდა დრამატურგი.
– გაატრაკა საქმე ამ აბსურდმა, ტრაგიკომედია მომენატრა, – თქვა მსახიობმა და ისევ ამოაძვრინა ჯიბიდან მათარა.
სამზარეულოდან თეატრმცოდნის მუდარანარევი ხმა გაისმა:
– ნუ ბილწსიტყვაობ მიცვალებულთან, გეხვეწები! არ შეიძლება!..
მსახიობმა ხელი აიქნია სამზარეულოს მიმართულებით, გაღიზიანება ემჩნეოდა სახეზე და ამასთან ერთად ისიც ემჩნეოდა, რომ არ უყვარს თეატრმცოდნე.
– ტრაგიკომედია მეც მომენატრა, – განაცხადა რეჟისორმა.
– რომელ საუკუნეში ცხოვრობთ?! რა ჟანრებზე მელაპარაკებით, გაახილეთ თვალი, გახედეთ, რა ლიტერატურული პროცესია იქ, დასავლეთში! საგოიმეთია, რა!!! – დრამატურგმა ოთახში გაიარა, გამოიარა და ისევ გაიარა.
მსახიობმა თვალი გააყოლა დრამატურგის ნერვიულ მსვლელობას:
– ისე, რომ იცოდეთ, ბატონო დრამატურგო, მსახიობი ტრაგიკომედიაში ცურავს ყველაზე საკაიფოდ… ეს თქვენთვის… ისე… – თქვა მსახიობმა.
დრამატურგმა უკმაყოფილო გრიმასა დაახვედრა მსახიობისგან დადევნებულ სიტყვას, მიდი-მოდიოდა ჯერ კიდევ, რეჟისორის ხმა რომ გაიგო:
– შენ როგორ დაწერდი ტრაგიკომედიას? – ჰკითხა რეჟისორმა დრამატურგს.
– რას ნიშნავს, როგორ დავწერდი?! – მიუბრუნდა დრამატურგი რეჟისორს, – ტრაგიკომედიაში არ ვმუშაობ, შენ ხომ იცი…
– გასაგებია, რა ჟანრშიც მუშაობ, მაგრამ გეკითხები, მაინტერესებს, რა ხერხში გააკეთებდი ტრაგიკომედიას? – მოჭუტული თვალებით ახედ-დახედა დრამატურგს რეჟისორმა.
– ჰიჰ, – ირონიულად ჩაიცინა დრამატურგმა, – ჩამჭრელი კითხვა დამისვი? კომიკურ სიტუაციას შევქმნიდი თავიდან, ბოლოსკენ დავამძიმებდი, ტრაგიკულ ნოტამდე ავიყვანდი, ტრაგიკომედია ასე იწერება; გიპასუხე?!
– ვერა, – თქვა რეჟისორმა.
– ვითომ – რატომ? – გულწრფელად დაინტერესდა დრამატურგი.
– პირიქით აჯობებდა, – თქვა რეჟისორმა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12