– აქაც პირიქით?! არ შეუძლიათ რეჟისორებს, ვერ სუნთქავენ, ვერ არსებობენ ამ სიტყვის გარეშე! რას ნიშნავს `პირიქით~, როცა ასე იწერებოდა, ასე იწერება და ასე დაიწერება კიდეც ტრაგიკომედია!.. – დრამატურგმა დეკლამაციურად შემართა ხელი.
– პირიქით უფრო საინტერესო იქნებოდა, – თქვა რეჟისორმა, – ტრაგიკული სიტუაცია შეგვექმნა ჯერ, მერე ჩაფსმამდე გვეცინებინა მაყურებელი, – მსახიობს გახედა, – შენ რას იტყვი? – მიმართა მას.
– საინტერესოა, – თქვა მსახიობმა, მათარა ბაგესთან მიიბჯინა, მოსვა, დრამატურგს გახედა, – საინტერესოა, არა? მე მომწონს.
– თქვენ, მსახიობებს ყველაფერი მოგწონთ, რასაც რეჟისორი ჩაგძახებთ! – ბლანჟიანი სახე მიაცეცხლა დრამატურგმა მსახიობს, კისერი რეჟისორისკენ იბრუნა, მიმართა:
– აი, რეჟისორების თვითმიზნური „პირიქით“ სადამდე მიდის! რატომ უნდა ატირო და ამის მერე ჩაფსმამდე აცინო მაყურებელი? ამიხსენი!
– ჩაფსმამდე სიცილი სასურველია, მაგრამ ღიმილიც ივარგებდა, – დააზუსტა რეჟისორმა.
– ჰო, მაგრამ რატომ, რატომ, ამიხსენი, გამაგებინე! – ჩააცივდა დრამატურგი რეჟისორს.
– იმიტომ, რომ ეს უფრო ღირსეული გამოსავალია, – თქვა რეჟისორმა, – ყველა ადამიანმა იცის, ადრე თუ გვიან გაქრება, ფაფუ! ჩვენი ბოლო ფაფუა, – ეს ვიცით; ჩვენი არსებობა ტანჯვაა, – ესეც ვიცით; ჰოდა, უფრო ღირსეული არ იქნება, სიცილით გავიდეთ დამკაში?
– ეგ რომელიღაც სექტაა, – ხელი აიქნია დრამატურგმა ტუჩამრეზით, – დაბადებას ტირილით ხვდებიან, აღსასრულს – სიხარულით, მითხრა ამანაც რაღაც ახალი!
– სიხარულით-მეთქი არ მითქვამს, – თქვა რეჟისორმა, – სიცილი გითხარი ფინალში.
– რა სხვაობაა სიხარულსა და სიცილს შორის? – იკითხა დრამატურგმა.
– მსოფლმხედველობრივი, – თქვა რეჟისორმა.
– და რა მსოფლმხედველობას გულისხმობ?! – არ მოეშვა დრამატურგი.
– ჩემი თეატრის მსოფლმხედველობას ვგულისხმობ; თუკი უმთავრესი ვიცით; ვიცით, რომ „ფაფუ“ გველის, გავიღიმოთ, გავიცინოთ, ან ჩავიფსათ სიცილში და ისე შევიდეთ „ფაფუში“, – თქვა მან, – სხვათა შორის, სიცილი მრავალგვარია, და იქნებ სიცილით გაჟღერდეს კიდეც ყველაზე მძაფრი პროტესტი; ყოველ შემთხვევაში, წუწუნს სიცილი მირჩევნია, – დასძინა რეჟისორმა.
– არ ვიცი, პირიქით იქნება თუ პირაქეთ, მაგრამ მსახიობი ყველაზე მაგრად ტრაგიკომედიაში კაიფობს, ეს ზუსტად ვიცი! – განაცხადა მსახიობმა, კუბოს მიაცქერდა, ცრემლი მოაწვა თვალებზე, თითი გაიწვდინა მიცვალებულისკენ, – ამანაც იცოდა, იცოდა, დეიკომაც იცოდა, იცოდა!..
– მეც ზუსტად ვიცი, სმას თუ არ მოეშვები, ბომჟის აღსასრული გიწერია ღობის ძირში! – მიაჩერდა რეჟისორი მსახიობს.
– ახლა გაჩერდი! შენ გაჩერდი! შენ – ჩუუ! – მსახიობს აშკარად დაეტყო იაფფასიანი სპირტის ზემოქმედება, დაეტყო წლობით ნაგროვები ბოღმა, რასაც რეჟისორის მიმართ განიცდიდა; საჩვენებელი თითი შეემართა, ალეწილ ნაკვთებსა და მზერაში უკიდეგანო სიანჩხლე უწიოდა.
რეჟისორმა ხანგრძლივი, მძიმე პაუზა დაიჭირა, მოჭუტული თვალები არ მოუშორებია მსახიობისთვის; როცა შეატყო, მსახიობის გაანჩხლება თანდათან ცხრებოდა, მაშინ მიმართა:
– უკვე დათვერი?
– ოოო, – ხელი აიქნია მსახიობმა, რაც დამარცხების აღიარებას ჰგავდა.
– მოდით, რა, გეხვეწებით, აღვასრულოთ დეას ნება! – უკარო სამზარეულოს ზღურბლზე გასაწყლებული სახით იდგა თეატრმცოდნე.
– ჰო, წავიდეთ, წავიდეთ, – თქვა მსახიობმა და სამზარეულოსკენ გააბიჯა.

კაფეს მეორე სართულზე მხოლოდ დეაა, პირველი სართულის ერთ მონაკვეთს ხედავს შავი ვუალიდან. მინის კედელთან მსხდომი ქალ-ვაჟი წავიდა, სხვა მუშტარი არ შემოსულა, ზის დეა მაგიდასთან, ფიქრობს დეა: „რამ მოგაფიქრებინა ეს ფარსი, თუ იაფფასიანი ვოდევილი, ვატატო? რაღაცაშია საქმე, სხვა ზეამოცანა გაქვს, ამას კანით ვგრძნობ, რადგან პერფორმანსის სიუჟეტი ძალიან ისეთია… მართლაც იაფფასიანი… მეზობლად უნდა გავასაღო თავი, სამძიმრისთვის ავიდე ჩემს ბინაში, ისინი ამ დროს სამზარეულოში იქნებიან, ჩემზე ისაუბრებენ, მეხუთე სადღეგრძელოს მერე უნდა გამოვეცხადო ჭირისუფლებს და იქ უნდა გავაჩაღოთ ქორწილი. მეხუთე სადღეგრძელო რატომ, ვატატო? რა აზრი ჩადე მეხუთე სადღეგრძელოში, წამდაუწუმ რომ მიმეორებდი, – არ დაგავიწყდეს, მეხუთე სადღეგრძელოს მერეა შენი გამოსვლა, მეხუთე სადღეგრძელო მეცხრე ტალღასავით იქნებაო“, – ფიქრობს დეა, – „რა შუაშია მეხუთე სადღეგრძელო მეცხრე ტალღასთან?“ – ფიქრობს დეა, – „რაღაც ჩაიფიქრა ვატატომ, სხვაგანაა ვატუკუნას გულისთქმა, სხვაგან ქრიან მისი ფიქრები“, – ფიქრობს დეა; ახსენდება დეას, რა შლეგური აღტკინებით მოიჭრა თეატრმცოდნე, დაუჩოქა, ახალი პერფორმანსის სიუჟეტი შესთავაზა, – ულამაზეს კოსტუმში გამოგაწყობ, ანა კარენინას დაგამსგავსებო, – უმეორებდა ხშირად, – ასე ცდილობდა მსახიობის მოთაფლვას და მოთაფლა კიდეც, რადგან უყვართ მსახიობებს ლამაზი კოსტუმები და დაეთანხმა დეა, ჰო, დაეთანხმა ამ იაფფასიან სიგიჟეს, ფარსს თუ ვოდევილს ბედნიერი დასასრულით და როცა დეას დასტური მიიღო ვატატომ, ტანსაცმლიანად შეიშალა თეატრმცოდნე, ბინიდან გაიჭრა, იმ დღესვე მოიყვანა ვიღაც ახალგაზრდა, საყურიანი გეი; საყურიანმა ცვილის მოზრდილი გუნდა მოიყოლა, დეას ბიუსტის ძერწვას შეუდგა, მერე – ხელებიც გამოძერწა ცვილისგან. – როგორ გგავსო, როგორ გგავსო, – უხაროდა ვატატოს, წრიალებდა, ადგილს ვერ პოულობდა, მირბოდა, მორბოდა, შემოქმედებითი ფაღარათი შეეყარა; თავისი თაობის ულვაშიანი გრიმიორი მოიყვანა, გრიმიორიც გეი იყო, მაგრამ საყურეს არ ატარებდა, შეუდგა გრიმიორი დეას ბიუსტისა და ცვილის ხელების გრიმირებას, დაამსგავსა დეას ბიუსტი მიცვალებულ დეას და შეაწუხა დეა მიცვალებული დეას ბიუსტმა, თვალს არიდებდა, ეხამუშებოდა, მაგრამ ჩაერთო თამაშში, – „უკვე გვიანია“, – ფიქრობს, – „უკვე გვიანია“, – ფიქრობს, – „რადგან ჩავერთე ამ თამაშში, უნდა გავასრულო კიდეც“, – ფიქრობს; ვატატო ვერ ისვენებს, მირბის, მორბის, შეშლილს ჰგავს, დაანტენებულ თმებზე ედება ცეცხლი, მანეკენის ტანი მოათრია საიდანღაც, კუბო შეუკვეთა, მეზობლების ყურადღება რომ არ მიექცია, გვიან ღამით ამოატანინა მუშებს, თავისი ხელით ჩაასვენა მანეკენის ტანი კუბოში, ცვილის ბიუსტი მიადგა ტანს, ხელები დაუკრიფა გულზე, ხელებს დეას მარაო გადააფინა, ბიუსტს – თეთრი ვუალი; წუხდა ვატატო, – ვაიდა, შეატყონ, ცვილისგან რომაა, ხომ ჩაგვეშლება პერფორმანსიო და თავი დაიზღვია თეატრმცოდნემ, იქვე მოიფიქრა, რა და როგორ ეთქვა, თუკი კითხვა გაუჩნდებოდა დეას ცხოვრების რომელიმე მამაკაცს; გამართლება რომ მოუძებნა მარაოსა და თეთრ ვუალს, თავისივე გამჭრიახობით შეიძრა ვატატო, – გენიოსი ვარ, გენიოსიო! – იმეორებდა ხშირ-ხშირად, მხატვარივით დაშორდებოდა ხოლმე თავის ქმნილებას, ტკბებოდა მისი ცქერით. ტანსაცმლის მაღაზიაში წაიყვანა დეა, ძვირფასი სამოსი შეიძინა. – რამდენ ფულს ფანტავ, ვატატო! როგორ იხარჯები, ჩემი ბიჭი! – წუხდა დეა, თუმცა ძალიან მოსწონდა კოსტუმი, რითაც უნდა ეთამაშა ვატატოს პერფორმანსში; – არაფერია, – ამშვიდებდა ვატატო, – არაფერია, ჩვეულებრივი ქორწილი რომ გადამეხადა, მეტი დაჯდებოდა და რაც მთავარია, ღირს, ღირს, პერფორმანსს სჭირდება ასე! – და ისევ სირბილი, გაწამაწია ვატატოსი, – გენიოსი ვარ, გენიოსი! – ხშირი შეძახილები ვატატოსი, დეა კი ფიქრობს, ფიქრობს დეა: „ჩემი პაწაწას კანონიერი არსებობის საზღაურია, ჩემი პაწაწას კანონიერი არსებობის საზღაურია“, – რაღაც მჭირდება მეტი დამაჯერებლობისათვის, – წუხს ვატატო, – ადგილს ვერ პოულობს, პერფორმანსის დამაჯერებლობისთვის ზრუნავს ვატატო, ჩაქუჩით მიძვრება კიბეზე, ჭერს უკაკუნებს ჩაქუჩს, უკაკუნებს, უკაკუნებს: – რას შვრები, ვატატო! რას შვრები, ვატატო! – ბზარებია საჭირო დამაჯერებლობისთვის, დამაჯერებლობისთვის! ჭერი ნუ გეფიქრება, მაინც გასარემონტებელია ეს ბინა; გავაკეთებ რემონტს, ყველაფერს გავაკეთებ, ახლა ასეა საჭირო დამაჯერებლობისთვის, დამაჯერებლობისთვის! – და უკაკუნებს ჩაქუჩს, უკაკუნებს, უკაკუნებს, მერე ეშვება იატაკზე, ქვემოდან შესცქერის ჭერს და ისევ მიძვრება კიბეზე: – ჭაღი უნდა მოვბრიცო, თუკი აქ ჩამოიხრჩვე თავი, ჭაღსაც უნდა დაეტყოს, დამაჯერებლობისთვის, დამაჯერებლობისთვის! – და წერილის ტექსტზე ფიქრობს მერე, ფიქრობს დიდხანს და გულდასმით, სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობს, თანაც ეკითხება დეას: – შენ როგორ დაწერდი, რას დაწერდი, თავს რომ იკლავდე? – მე არაფერს დავწერდი, ტექსტის გარეშე მოვიკლავდი თავს; ანდა, ცარიელ ქოთანთან ერთად გადავეშვებოდი მეხუთე სართულიდან, – ეუბნება დეა ვატატოს, მაგრამ ვატატოს არ აინტერესებს ცარიელი ქოთანი, არ სჭირდება ვატატოს ეს უმაქნისი, არაფრისმთქმელი ცარიელი ქოთანი, ტექსტი სჭირდება თეატრმცოდნეს; დეას ხელით დაწერილი, დამაჯერებელი ტექსტი სჭირდება ვატატოს, სადაც დეა უკანასკნელ ნებას განუცხადებას თავისი ცხოვრების სამ მამაკაცს, მათ უნდა სთხოვოს დეამ, რომ აქ, დეას ბინაში, მიცვალებული დეას სიახლოვეს შეიყარონ, მცირე სუფრასთან ახსენონ ქალი, ვინც უყვარდათ და ვინც აღარ წერია ცოცხლებში. ვინც ზღაპარივით იყო და არა იყო რა, ვისაც მათ გარდა ნათესავი და მოკეთე არ დარჩენია; ჰოდა, როგორმე შეიწუხონ თავი, აღასრულონ უბედური თვითმკვლელის უკანასკნელი სურვილი, თხოვნა, თხოვნა – არა, თხოვნა ცოტაა, აღასრულონ დეას მუდარა, შეიყარონ დეას ბინაში, მიცვალებული დეას სიახლოვეს, მცირე სუფრასთან ახსენონ ქალი, ვინც უყვარდათ, ვინც აღარ არის და აი, პერფორმანსის მოსამზადებელი ბოლო აკორდი – ვატატო მობილურით სათითაოდ უკავშირდება სამივეს, დეას თვითმკვლელობის ამბავს ამცნობს დამწუხრებულად, გადასცემს დეას დანაბარებს, ახსენებს წერილს, თვითმკვლელმა რომ დატოვა; არ უჯერებენ, მაგრამ აჯერებს, ვაივიშობენ და თეატრმცოდნეც ვაივიშობს, ოღონდ ზომიერად, გულჩათუთქულად სიტყვაძუნწობს ელდაცემულ თავის ტკივილში და მერე ისევ ახსენებს, რა დაიბარა უბედურმა; ახლა მათი ნებაა, უნდათ – მოვლენ, უნდათ – არ მოვლენ, მაგრამ თუ მოვლენ – მხოლოდ ეს სამნი, მასპინძელი კი ვატატო იქნება, თეატრმცოდნე აღასრულებს ცოლის ნებას, ვისთან ქორწილიც ვერ ეღირსა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12