თეატრმცოდნემ შეგნებულად მოიხმო სიტყვა – `პედერასტი~. `გეი~ ვერ გამოხატავდა პროტესტის იმ ხარისხს, რის გაცხადებასაც საზოგადოების, თუ იმ დროის მიმართ აპირებდა ვატატო, სადაც მას მოუწია ცხოვრება; სადაც ის – ვატატო ადამიანთა მოდგმისგან გარიყულად გრძნობდა თავს, გრძნობდა ზიზღს, მიუღებლობას, დამცინავ მზერას, გრძნობდა შიშს და კოშმარულ თავის სიზმრებში ხედავდა ენის შოლტებს, რითიც იშოლტებოდა ვატატო-პედერასტი! პედერასტი! – ვატატოს ძალისხმევა ასწილად მეტი უნდა ყოფილიყო, რათა საზოგადოების რაღაც სივრცე მოეპოვებინა თეატრმცოდნეს; ეს მოახერხა, – თუმცა, ბავშვობიდან აყოლილ კომპლექსს ვერაფერი მოუხერხა და ახლა სწორედ ამას ეშურებოდა, ამას მიელტვოდა – თავისი პირით გაცხადებულ თავის `მანიფესტს~.
დეა გრძნობს, უხილველადაც ხედავს დეა ვატატოს, ნევროპათოლოგი ახსენდება და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს, – `დღევანდელი ქორწილი თუ შედგა საერთოდ, ნევროპათოლოგია მოსაწვევი~, – `ჰო~, – ფიქრობს დეა, – `ჰო, ნევროპათოლოგი აუცილებელია!~ – ფიქრობს დეა.
დრამატურგმა პირისკენ წაღებული ჩანგალი თეფშს დაუბრუნა, რეჟისორს მაღალვოლტიანი ნათურასავით დამრგვალებული ცალი თვალი კვლავ მიეჭუტა, მსხაიობს პირიქით – გაუფართოვდა თვალები, ფეხზე მდგარ თეატრმცოდნეს შესცქეროდნენ. თეატრმცოდნემ ჭიქა ჩამოდგა მაგიდაზე, სკამზე არ დამჯდარა, მისი გამოსვლა იყო, საავტორო მონოლოგი, რასაც ეს პოზიცია უფრო უხდებოდა და იგრძნობოდა, რომ ტკბება თეატრმცოდნე მძიმე სიჩუმის ყოველი წამით, წინასწარ რომ გაიაზრა, შემდეგ – ეფექტურად გაითამაშა სუფრის წევრებთან.
პაუზა გახანგრძლივდა.
თეატრმცოდნეს მოეჩვენა, რომ შემთვრალი მსახიობი აპირებდა რაღაცის თქმას, ამიტომაც გაიმეორა ისევ:
– ჰო, თქვენს ენაზე პედერასტი მქვია, ვიცი, – შეყოვნდა თეატრმცოდნე; თეატრალურად, საკმაოდ ყალბად, ჩამწარებულად ჩაიცინა და თქვა: – მე თუ არა, ვინ იცის, რას გვეძახიან თქვენს ენაზე, – ეს რომ თქვა, იქვე იგრძნო ყალბი თამაში, შეეცადა, ბუნებრიობა არ გასხლტომოდა ხელიდან, განაგრძო: – მამაჩემი ჩვეულებრივი მამაკაცი იყო, დედაჩემი – ჩვეულებრივი ქალი; თეატრთან არაფერი აკავშირებდათ, მამა – ინჟინერი, დედა – დიასახლისი; ჩემი ძმაც ჩვეულებრივი მამაკაცია, ისიც ინჟინერი, ურთიერთობა აღარ გვაქვს. დედა რომ გარდაიცვალა, მაშინ შევხვდით. როგორღაც ამიტანა ის დღეები. სიმწრით მგუობდა, ეს საგრძნობი იყო, მაგრამ მოახერხა მაინც, ამას თუ ატანა ჰქვია, – მეზობელი ოთახიდანაც მესმოდა ჩემი ძმის კბილების ღრჭიალი. მეზობელი ოთახი რაა, ქუჩიდან რომ შევნიშნავდი სადარბაზოს ბაქანზე გამოსულს, მაშინაც მესმოდა, როგორ აღრჭიალებდა, როგორ ეღრჭიალებოდა კბილები ჩემს ძმას. რომ იცოდეთ, ახლაც მესმის, გიცქერით თქვენ, არც კი ვიცი, სადაა ჩემი ძმა, მაგრამ მაინც მესმის ეს ხმა. ქელეხისთვის ბაზარში წავიდა ორ ძმაკაცთან ერთად, მაშინ გავბედე საწოლ ოთახში შეპარვა, დედაჩემის ტანსაცმელი გამოვიღე კარადიდან და ვიპოვნე ის ლურჯი კაბა… თეთრი ყვავილებით მოხატული ლურჯი… კაბა… დედაჩემის… ვიცვამდი ხოლმე ბავშვობაში… მიყვარდა… დედა მეუბნება – არ შეეიძლება, ვატუკუნა, არ შეიძლება, ვატატო, შვილო, მამაშენმა რომ დაგინახოს, ორივეს მიგვახრჩობს, ვატუკუნა, შვილო! – და მიხუტებს დედა და ცრემლით ევსება თვალები დედას და მიხუტებს, მიხუტებს, ვუყვარვარ დედას და ვეუბნები, – დედა, დედა, თუ ასე ძალიან გიყვარვარ, ჩამაცვი, რა, შენი ლურჯი კაბა… თეთრი ყვავილებით მოხატული… ლურჯი… არა, შვილო, მიგვახრჩობს მამაშენი, ვატუკუნა და დედაჩემის ცრემლიან თვალებში შიში, შიში, შიში… მაშინ გაუგებარი იყო, – რატომ ეს შიში დედაჩემის ცრემლიან თვალებში, როცა ასეთ უბრალო რამეს ვთხოვდი. თანდათან აღმოვაჩინე, სხვანაირი რომ ვარ, არ მიტაცებს ბიჭებთან თამაში, რადგან ბიჭების თამაშები არ მიტაცებს და გოგონებთან მირჩევნია, რადგან გოგონების თამაშები მომწონს. ბავშვობისას ჩემმა ძმამ მცემა რამდენჯერმე. ისიც ბავშვი იყო, – ჩვეულებრივი პატარა ბიჭი, გრძნობდა, მე რომ არ ვარ ჩვეულებრივი და ეს აღიზიანებდა. მამაჩემის მძიმე მოჩერება კოშმარად მომყვება დღემდე. ვიცოდი, უნდა მყვარებოდა მამა, მაგრამ არ მიყვარდა მამა, ის მძიმე მოჩერება მაწუხებდა; დედაჩემს რომ ეჩხუბებოდა – მაწუხებდა, ბიჭურ სათამაშოებს რომ მჩრიდა – ითამაშეო, ითამაშეო, – მაწუხებდა, მაგრამ ვხვდებოდი უკვე, მამაჩემის და ჩემი ძმის დასანახად უნდა მეთამაშა ჩვეულებრივი ბიჭი და ვთამაშობდი კოჭობანას, ჩიკორით ვთამაშობდი, ბურთს ვაგორავებდი, ფეხბურთის გადმოცემას ვუცქერდი ტელევიზორში და – მაწუხებდა, მაწუხებდა, ვიტანჯებოდი, მაგრამ ვიცოდი, – ჩვეულებრივი ბიჭი უნდა მეთამაშა და ამიტომაც ვაკვირდებოდი ჩვეულებრივებს – რას ამბობენ, როგორ ამბობენ, რა ჟესტიკულაცია, სახის რა გამომეტყველებაა საჭირო, ჩვეულებრივ ბიჭად რომ მიგიჩნიონ. მეტნაკლებად მიხერხდებოდა, მაგრამ ვგრძნობდი, მაინც ვგრძნობდი, მათ ეჭვიან მზერასა თუ მათ მძიმე დუმილში ვგრძნობდი, ბოლომდე რომ ვერ ვაჯერებდი ჩვეულებრივ ჩემს არსებობაში. კლასელებიც გრძნობდნენ. კლასელი ბიჭი შემიყვარდა. ჩუმად მიყვარდა, ჩემთვის… მასზე ვფიქრობდი, მაგრამ ვიცოდი უკვე, ამის გამხელა რომ არ შეიძლება და ჩემთვის მიყვარდა. ეტყობა, მანაც იგრძნო. მცემა. უფრო შემიყვარდა, რომ მცემა… მერიდებოდა მერე, ქუჩის რა მხარესაც დამინახავდა, იქით აპურჭყებდა. თეატრი შემიყვარდა. წარმოდგენას არ ვაცდენდი, მსახიობობაზე ვოცნებობდი. მისაღები გამოცდის შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის წინ ვიდექი, ჩემი გამომცდელები რომ შევნიშნე. რეჟისორი და თეატრმცოდნე ერთმანეთთან საუბრობდნენ. რაღაცა ძალამ მიბიძგა მათკენ, მალულად მივუახლოვდი, ხეს ამოვეფარე. რეჟისორი ჩიოდა, – ჯგუფს ვერ ვაკომპლექტებ, გოგონებს არა უშავთ, ვაჟები მიჭირს, ერთი ხომ საერთოდ კატასტროფა იყო, გაცხადებული პედერასტია უკვეო და ჩემი გვარი ახსენა, მერე დააყოლა: – ვაჟს სქესი უნდა ეტყობოდეს, ტვინი წაიღეს ამ პედერასტებმა, თავშესაფრად გაიხადესო თეატრი. მოკლედ – სამსახიობოზე ვერ მოვხვდი იმ წელს, ჯარში გამიწვიეს და იქ, პირველად… ერთი ბიჭი იყო, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს. იყო, რაც იყო და როგორც იყო… მაგრამ გამჟღავნდა… ქართველებმა თავის გვერდით ყოფნა ამიკრძალეს. მერე სხვა ნაწილში გადამიყვანეს. იქაც იყო… არ გამჟღავნებულა… როგორც იყო, მოკლედ… ჩამოვედი, თეატრმცოდნეობაზე ჩავაბარე. თავი არ დამიზოგავს, რადგან არ შემიძლია თეატრის გარეშე, თქვენ გაქვთ ბინა, სადაც ისვენებთ, თქვენთვის თეატრი პროფესიაა, ჩემთვის თეატრია ბინა, რადგან ჩემს ბინაში ჩემი ძმის კბილების ღრჭიალი მესმის მეზობლის ბინიდან და ამიტომაც გეუბნებით, – მიმიღეთ ისეთი, როგორიც ვარ! დედაჩემის თეთრი ყვავილებით მოხატული ლურჯი კაბით გამოვიტანჯე ჩემი არსებობა და ჩემი საქმით დავიმსახურე მცირე კუთხე თეატრში, სადაც კბილების საზარელი ღრჭიალის ხმა არ უნდა მესმოდეს, რადგან მეც ადამიანი ვარ და როგორც ადამიანი გეუბნებით – დეასადმი სიყვარული რომ იწონებოდეს, დეას ცხოვრების სამი მამაკაცის ერთად აღებულ სიყვარულს გადასწონიდა ჩემი სიყვარული! – თეატრმცოდნემ ჭიქა აიღო მაგიდიდან, ერთი ნაბიჯით დაიხია, დეასაკენ გამოიხედა, მიანიშნა, შენი გამოსვლის დროაო, ჭიქა ბაგესთან მიიტანა, სულმოუთქმელად დაცალა ღვინო და ისევ გამოიხედა დეასაკენ.
დეამ მზერა აარიდა თეატრმცოდნეს, იატაკს ჩააცქერდა: `აი, როგორ ამიხსნა სიყვარული ვატატომ~, – ფიქრობს დეა, – `როგორც ვატატოს შეეძლო, ისე ამიხსნა სიყვარული ვატატომ, მაგრამ ვირეშმაკულად მომექცა მეგობარი, პერფორმანსის მთავარი ჩანაფიქრი დამიმალა, ხიხიხისა და ხახახა-სთვის ვჭირდები ახლა, რათა გადაფაროს თავისი მონოლოგი და თუ ამისთვის გჭირდები, მეგობარო-ვატატო, შენი კომპლექსის ტყვეობაში ყოფილხარ ისევ; ამიტომ, თავად გამოძვერი სიტუაციიდან; ვნახოთ, რას იტყვი, რას და როგორ გაათამაშებ, როცა პარტნიორი გღალატობს სცენაზე~.
– და, ესე იგი… – შემოესმა დეას პატიკოს ხმა, სამზარეულოსკენ გაიხედა, თეატრმცოდნის მუდარანარევ მზერას გადააწყდა, მაგრამ ადგილი არ უცვლია. ვატატოს მეტად გაუსაწყლდა სახე.
– მომხედე აქეთ, – მიმართა მსახიობმა თეატრმცოდნეს, – თეატრის ხალხი ვართ, შენი ორიენტაციით ვერავის გააკვირვებ აქ, სხვა რამე მიკვირს – ამაზე, როგორც წესი, არ ლაპარაკობენ ხოლმე და შენ რა ბზიკმა გიკბინა, დეას პანაშვიდზე შიგ შუბლში რომ დაგვახალე მონოლოგი?! აი, ეს არ მესმის, `ედრენო მატ~, – კვლავ მოიხმო რუსული გინება მსახიობმა.
– იმიტომ, რომ სამყარო უსამართლოდაა მოწყობილი, – უეცრად გაცხარდა თეატრმცოდნე, – იმიტომ, რომ არქაული შტამპებით ცხოვრობთ და არქაული შტამპებით რყვნით თეატრს! დიახ! დიახ! – გაცხარება გაწიწმატებაში გადაეზარდა ვატატოს, – რყვნით, სწორედაც თქვენ რყვნით თეატრს, რადგან არ გსურთ, არ შეგიძლიათ, ფართო დიაპაზონით დაინახოთ ცხოვრება! იქ უამრავი ფერებია, თქვენ კი ათასჯერ გადაღეჭილი ჭეშმარიტებებით აქლიავებთ მაყურებელს! ჭეშმარიტება იმაშია, რომ მეც ვარსებობ! ისეთი ვარ, როგორიც ვარ! – და ეს გითხარით! – თეატრმცოდნე სუფრის წევრებს მიმართავდა, მაგრამ რჩებოდა შეგრძნება, რომ ბრმად მოჩხუბარი კაცი იქნევდა ხელებს.
– მოიცა, მოიცა, – მსახიობის ხმას სიფხიზლე დაეტყო, – კარგი, ეგ გავიგე, შენ შენებურად ხედავ, მე – ჩემებურად, გავიგე ეგ, მაგრამ ასე თუ იყო შენი საქმე, დეას რას ერჩოდი?! თვითმკვლელობამდე მიიყვანე ქალი!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12