მრგვალჩარჩოიანმა იგრძნო სეირანას დაჟინებული მზერა, კეთილმოსურნედ გაუღიმა ქალს.
– ჩემი სიძეა, სეირან, ადამი ჰქვია, მესტუმრა, – გააცნო ახალგაზრდა კაცი ნევროპათოლოგმა.
სეირანამ ხელი გაუწოდა ადამს, ადამმა იმავე კეთილმოსურნე ღიმილით შეაგება ხელი.
– ვაჰ, რა კარგია, – თქვა სეირანამ, – შენი გოგოც ჩამოსულა? – დაეკითხა ნევროპათოლოგს.
– არა, ჩემი ცოლი და ქალიშვილი იქ დარჩნენ, მარტო მესტუმრა, – თქვა ნევროპათოლოგმა, – ადამს მხარზე შემოჰკრა ხელი, გზა გააგრძელეს.
სეირანამ თვალი გააყოლა სიძე-სიმამრს.
მამაკაცებმა დეას სადარბაზოში შეაბიჯეს, კიბე აიარეს, დეას ბინის კართან შეყოვნდნენ. ბინიდან მენდელსონის სამგლოვიარო მარში ისმოდა.
ადამი ნევროპათოლოგს მიაცქერდა, ნევროპათოლოგი – ზარის ღილაკს. კარი გაიღო; სახეგაბადრული თეატრმცოდნე შეეგება სტუმრებს: – მობრძანდით, მობრძანდით, – შეიპატიჟა და იქვე დასძინა, – არ გაგიკვირდეთ, ქორწილი-პერფორმანსი გვაქვსო.
შევიდნენ, შემოსასვლელი გაიარეს, უცნაური სანახაობა დაუხვდათ მისაღებში: ოთახის ცენტრში თავდახურული კუბო ესჩვენა. კუბოს თავზე პურ-მარილი იყო გაშლილი, მოპურმარილენიც იქვე ბრძანდებოდნენ, კუბოს შემოსხდომოდნენ აქედან თუ იქიდან, მათ შორის იყო პატარძალი-დეა, ვისაც შავი კაბა ეცვა. დეა იღიმოდა. ფეხზე წამოუდგნენ, ომახიანი – `მობრძანდით! მობრძანდით!~ – შეაგებეს შემოსწრებულებს.
ნევროპათოლოგმა სუფრიდან კედლისკენ გადაიტანა მზერა. დეას შავ ჩარჩოში ჩასმული ფოტო ეკიდა კედელზე. კედელსმიბჯენილი მზერა სუფრას დაუბრუნა ნევროპათოლოგმა, მერე იკითხა:
– რა ხდება?
– ქორწილია! – მხნედ მიუგო კუბოს თავთან მდგომმა თვალმოჭუტულმა მამაკაცმა ნევროპათოლოგს, იქვე განუმარტა: – ნუ შეკრთებით; ამ წარმოდგენით, სიმბოლურად ვასამარებთ ძველ ეპოქას და ახალ ეპოქაში პირველ ქორწილს ვზეიმობთ!
– აჰა, – თქვა ნევროპათოლოგმა, სიძეს გახედა. ადამის ქვედა ბაგე დაახლოებით ორი სანტიმეტრით დაშორებოდა ზედა ბაგეს, ადამის მრგვალჩარჩოიანი სათვალის შუშები შეორთქლილად გამოიცქირებოდნენ, შენისლული შუშების მიღმა, გეგონება, საშველს ეძებენო, წამდაუწუმი სისწრაფით მიმოქროდნენ ადამის შავი გუგები, ადამის მოყვითალო პირისკანს კი მონაცრისფრო გადაჰკრავდა.
ნევროპათოლოგმა დროული ჩარევა მიიჩნია საჭიროდ, რაღაცა ჩასჩურჩულა სიძეს, რის შემდეგაც, ადამის სახემ უცნაური გამომეტყველება მიიღო და მასზე მოწამლული ღიმილი აისახა.
როგორც ჩანს, თეატრმცოდნემაც იგრძნო ხიფათი, ახლა მან სცადა სტუმრის დამშვიდება, მაგრამ ნევროპათოლოგისგან შეიტყო, რომ ადამი არ ფლობს ქართულ ენას.
– `ნოუ პრობლემ~, – გამხიარულდა თეატრმცოდნე და იქვე მოიხმო ინგლისური, რა ენაზეც საკმაოდ გაწაფული რაკარუკით განმარტა, რომ ეს სანახაობაა, ერთგვარი თეატრია, ერთგვარი პერფორმანსი.
ადამის პირისკანმა მოყვითალო ფერი დაიბრუნა, მოწამლული ღიმილი შემწყნარებლურმა ღიმილმა ჩაანაცვლა.
ნევროპათოლოგმა და ადამმა თეატრმცოდნის თანხლებით შეაბიჯეს ოთახში. სიძე-სიმამრი საპირისპირო კუთხეებიდან მიუსხდნენ კუბოს.
შემდეგნაირად განაწილდნენ: იქ, სადაც ჩვეულებისამებრ მიცვალებულის თავია დასვენებული, თამადა-რეჟისორი დაბრძანებულიყო; თამადა-რეჟისორის ხელმარცხნივ – სუფრის წევრი-მსახიობი, სუფრის წევრი-დრამატურგი და ნევროპათოლოგი ისხდნენ, ხელმარჯვნივ, თამადის სიახლოვეს – პატარძალი-დეა, პატარძლის გვერდით – ნეფე-ვატატო, ვის გვერდითაც ადამს მიუჩინეს ადგილი.
პატარძალი-დეა სამზარეულოში გაეჩქარა, – თეფშები, ჭიქები, დანა-ჩანგალი გაუწყო კუბოზე ნევროპათოლოგს და ადამს, ნევროპათოლოგმა თავისი სიძე წარუდგინა დამსწრე საზოგადოებას.
– იცნობდეთ, – განაცხადა ნევროპათოლოგმა, – ჩემი სიძეა, ადამ კოზმა!
– სასიამოვნოა, სასიამოვნოა! – გაისმა აქედან და იქიდან.
ადამმა კეთილმოსურნე ღიმილი დაიბრუნა, თავი დაუკრა სუფრის წევრებს, ნეფე-ვატატომ ნიგვზიანი ბადრიჯანი შესთავაზა სტუმარს, ღვინო დაუსხა ჭიქაში და ჰკითხა:
– კოზმა სადაური გვარია?
ადამმა მხრები აიჩეჩა, სიმამრს გამოხედა.
ნევროპათოლოგმა თქვა:
– ადამმა ზუსტად არ იცის თავისი გვარის წარმომავლობა, მაგრამ ვარაუდობს, რომ ეს გვარი მესამე თაობის პაპიდან ერგო. სამხრეთ აფრიკელი ყოფილა.
– შავკანიანი? – დაინტერესდა თეატრმცოდნე, ადამს გაუღიმა, ახლა მას ჰკითხა ინგლისურად.
ადამმა საპასუხო ღიმილი დაახვედრა ნეფეს და თანხმობის ნიშნად დაუქნია თავი.
ნევროპათოლოგი პოლიეთილენის პარკს მისწვდა:
– მე და ადამი უსაჩუქროდ არ მოვსულვართ, – ვისკის ბოთლი შემოდგა კუბოზე ნევროპათოლოგმა.
– ოოო! – გაისმა სუფრის წევრი-მსახიობის ხმა, – ოოო, ვისკი! შეიძლება ახლოს მოვიდგა?
– ინებეთ! – ნევროპათოლოგმა ბოთლი გადასცა მას.
– ეს შენ პირადად ჩემგან, დეა! – მიმართა პატარძალს ნევროპათოლოგმა და ნევროპათოლოგის ჩაქუჩი ამოაძვრინა ამჯერად.
– რა ძვირფასი საჩუქარია, – გაუხარდა პატარძალ-დეას.
– ეს კი ადამისგან, – თქვა ნევრორპათოლოგმა და ეიფელის კოშკის სუვენირი გამოაჩინა.
– გმადლობ, გმადლობ, – სახეგაცისკროვნებული პატარძალი-დეა კუბოს გამოეცალა, მორთმეული საჩუქრები თაროზე შემოდო და ისევ დაუბრუნდა კუბოს, თანაც იკითხა:
– ეიფელის კოშკი პარიზიდან ხომ არ არის?
– პარიზიდან გახლავს, იქიდან ჩამოფრინდა ადამი.
– პარიზელია? – დაინტერესდა სუფრის წევრი-დრამატურგი.
– არა, – თქვა ნევროპათოლოგმა, – პარიზელი არ არის, ლიონში კი ხშირად უწევს ყოფნა, მარსელშიც აქვს რაღაც ბიზნესი; გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ დედა პოლონელი ჰყავს, მამა – ნორვეგიის მოქალაქეა, თუმცა არ არის ნორვეგიელი, – თქვა ნევროპათოლოგმა, ჯერ ადამს შესცინა, შემდეგ პატარძალს გაუღიმა და უთხრა: – ადამი ჩიბივითაა, ბევრი სისხლი ურევია; ასე რომ, თამამად შეიძლება ითქვას, – ჩემი სიძე მსოფლიო მოქალაქეა!
ნეფე-ვატატომ სიხარული ვერ დამალა, ტაში შემოჰკრა, – რა კარგია, რა საინტერესოაო, – შემოსძახა და ადამს გაუღიმა.
– შენი ცოლი და ქალიშვილიც ჩამოვიდნენ? – ჰკითხა ნევროპათოლოგს პატარძალმა-დეამ.
– არა, არა, – ხელები გაასავსავა ნევროპათოლოგმა, – იმათ იქიდან რა გამოტიკნის; რაც შეეხება ადამს, – ადრეც ყოფილა საქართველოში, ძალიან მოსწონს აქაურობა, ქათმების ფერმა უნდა გავაშენოო, – ინტერნეტით უნახავს მიტოვებული ფერმა წყნეთში, იმის შესყიდვა უნდა.
– რა კარგია, რა საინტერესოა, აქ დარჩება? – ნეფე-ვატატომ კვლავაც შეჰღიმა ადამს, შემდეგ ინგლისურად დაეკითხა.
– ვნახოთ, – ინგლისურად მიუგო ადამმა, – აქ კარგია, – დასძინა შემდეგ და რატომღაც ისევ აიჩეჩა მხრები.
ნევროპათოლოგმა ჭიქა შემართა, ნეფე-პატარძალს გამრავლება და ჯანის სიმრთელე უსურვა, ღვინო შესვა, მოიწონა და უეცრად თქვა: – ჩემი ოჯახის მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, ხალხთა კლინიკური გადაადგილება შეინიშნება სამყაროში, – როგორც პროფესიონალი, ისე გეუბნებით ამას.
– დიახ, – დაეთანხმა თამადა-რეჟისორი ნევროპათოლოგს, – ახალი სამყაროს ნაშიერები ვართ! საქმე ისაა – ამ სინამდვილეს როგორ ვხვდებით? მე ღიმილს ვარჩევ, – დასძინა შემდეგ.
– ჰო, – თქვა ნევროპათოლოგმა, – ჰო, გარდაუვალს ვაივიშით ვერ შეაჩერებ, ღიმილი სჯობს! დეა, რატომ მოიწყინე? – მიმართა პატარძალ-დეას ნევროპათოლოგმა და გაუღიმა.
– არა, არა, რას ამბობთ, – იუარა პატარძალმა-დეამ, – ჩავფიქრდი უბრალოდ; ერთი წუთით დაგტოვებთ, უკაცრავად! – მოუბოდიშა სუფრის წევრებს, აივანზე გავიდა, კარი მოიხურა, გადამალულ სიგარეტს გაუკიდა და ფიქრობს დეა, დეა ფიქრობს: `ნეტა ამ ქორწილზე რა აზრისაა ნევროპათოლოგი, როგორც პროფესიონალი?~ – ფიქრობს დეა, – `ვატატო ზედმეტ ყურადღებას იჩენს ადამის მიმართ; ვატატუნა, დღეს მაინც მოთოკე თავი, ვატატუნა; თუმცა, რა მნიშვნელობა აქვს?~ – ფიქრობს დეა, – `არა, არა, ზედმეტი ფიქრი ტვინს ამირევს, კარგზე ვიფიქროთ, მხოლოდ – კარგზე~, – ფიქრობს დეა, – `სცენამ პირი იბრუნა ჩემკენ; ყველაფერი კარგად იქნება, დეა; აი, ნახავ, – ბავშვსაც გააჩენ, გაზრდი პაწაწას, სცენაზეც ითამაშებ, ყველაფერი კარგად იქნება, გეკუთვნის, დეა, `ჰეფი ენდი~! გადახდილი გაქვს საზღაური, – მიწისქვეშეთის კოშმარით და ამ პერფორმანსით გაასწორე ყველა ანგარიში, დეა; გადახდილი გაქვს საზღაური, გადახდილი გაქვს საზღაური~, – ფიქრობს დეა, თავის ქუჩაზე ჩამომავალ პროცესიას ხედავს შემდეგ: თაბუკაშვილის ქუჩიდან მამა მამიამ ჩამოაბიჯა ვიწრო ქუჩაზე. წმინდა გიორგის ხატს მოაბრძანებდა მღვდელი, შავ ანაფორას მოუფრიალებდა ქარი, ერთ მწკრივად ჩარიგებული თავსაფრიანი ქალები მოჰყვებოდნენ, – მწკრივის ბოლოში წარმატებული მათხოვარი მოდიოდა, ჯორკო მოჰქონდა.
მამა მამიას დეას აივნისკენ გამოექცა თვალი და იმ უცაბედ მზერაში, თვალის იმ გამოპარვაში იგრძნო დეამ, მიხვდა დეა, რომ ეს აივანი ნაცნობი იყო მამაოსთვის, რაღაცას ნიშნავდა მამა მამიასთვის დეას ბინის აივანი, სადაც დეამდე დეას დედა ცხოვრობდა და ჰო, მიხვდა დეა, იგრძნო დეამ, სულერთი რომ არ იყო ეს აივანი მღვდლისთვის.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12