***

მე ვამყნობდი ადამიანებს,

მათგან ყინვაგამძლე ჯიშის გამოსაყვანად.

ვუჭრიდი კანს ყელთან ახლოს

და მერე ხარბად,

სისხლს გამშრალი ენით ვლოკავდი.

მე ვამყნობდი ადამიანებს,

მე ვამყნობდი ცოცხლად დარჩენილთ,

მათგან სიკვდილგამძლე ჯიშის გამოსაყვანად,

ვაზავებდი ჩემს მკვდარ გულთან მათ მოლოდინს,

მათ ცოცხალ ინსტინქტს გადარჩენისას

და იმედით შევყურებდი ყლორტის ამოყრას.

მიწასაც კი ვუფხვიერებდი,

რაც ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.

ქარდამცავ ზოლს ვუშენებდი მილიონი ჩემი ტანისგან.

თან ველოდი გულში, ჩუმად,

სიმღერასავით,

რომ როცა მზე საფეთქლებთან მარწუხს მომიჭერს,

შევალ ბაღში,

მშობლიურ ხეს ამოვიცნობ დაღლილი ზურგით

და სხვა ჩრდილზე აღარ ვიფიქრებ.

 

ხომ ძალიან ადვილია,

კანზე ბასრი ფრჩხილის გადასმა?

ხომ ძალიან ადვილია

ადამიანს ჩაეზარდო მოთმენასავით?

ხომ ძალიან ადვილია არ გიყვარდეს?

ან უფრო მეტიც:  არ გიყვარდეს,

ვიდრე გიყვარდეს?

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12