***
იმ თოკივით ვარ,
სადაც წვრილია, რომ უნდა გაწყდეს.
ბნელ სარდაფში რომ ეგდო დიდხანს მივიწყებული,
ამოიღეს და – ყველა თოკი თოკიაო –
რკინის მძიმე გული მიაბეს
და ჩაჰკიდეს წყლით ასავსებად.
ყველა ავსებაც ავსებაა –
მაგრამ, ზოგჯერ,
სველი დარტყმის ხმით ჩაიჭრება მუქ ზედაპირში,
სისხლით სავსე გულს ამოქაჩავს მოწყურებული
და ვერ მიაღწევს ვიღაცის ხელებს,
შუა გზაზე ისე ჩაწყდება.