***

ცხოვრებას თავს ვერ შეაყვარებ.

ვერც ადამიანს.

შეგიძლია, უსარგებლო, ზედმეტ ნივთივით,

აიღო და შენი თავი სადმე შემოდო.

დრო-და-დრო ხელიც გადაუსვა.

დაუყვავო, მიუალერსო.

დაჰპირდე რომ ყველაფერი კარგად იქნება.

ეს, ყელიდან ამოსული ხმელი ბალახიც,

ფიტულებიც, აბლაბუდებიც.

ჟანგიანი ლურსმნებიც და ხის ნაფოტებიც.

კარგად იქნება ყველაფერი სანამ ასე ხარ –

არაფრისგან ამოვსებული,

ყველაფრისგან სიცარიელე –

თავი ცალკე და შენც, მისგან განმარტოებით.

ზიხარ ჩუმად.

სადაც ერთ დროს თავი გქონდა – ნიჩბებივით ხელებს იფარებ,

ერთხელაც რომ ვერ მოუსვი ისე ძლიერად,

გაგეცურა საკუთარი გულის სიღრმიდან –

იქნებ თავი გადაგერჩინა,

ზურგით მდგარი უცხო კაცისგან,

ცხოვრებისგან, ძალითაც რომ ვერ შეგიყვარა

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12