***

ნეტაი თქვენ, ადამიანებო,

რა ბედნიერები ხართ.

ჩემგან დავიწყებულები

და ჩემგან მიტოვებულები.

ჩემი მიმტოვებლები

და ჩემი დამვიწყებლები.

ნეტაი თქვენ,

რომ დილით აივანზე ვითომც არაფერი, გამოდიხართ

და მშვიდად სუნთქავთ,

თითქოს ყველა ცოცხალი დარჩა,

თითქოს ვინმე არც კი მომკვდარა.

ეჭვს გარშე მყოფებო და ეჭვის შემჭმელებო,

ყველაფერში დარწმუნებულებო და ფონს გასულებო,

გადაიფინეთ მოხრილ მკლავზე მედიდურობა,

გახამებული, თეთრზე თეთრი თოვლის სიცივე

და ჩამოიარეთ ქუჩა დილიდან.

განა ვინმეს ეგონება, რომ დაივიწყეთ.

განა ვინმე გაიხსენებს რომ გზა გრძელია –

უსასრულო, როგორც სიზმარი.

ათქვეფილი გოგლიმოგლივით ქაფი მოიდეთ,

ყვითელი სიტკბო გაილოკეთ ზანტად ტუჩებზე

და ჩაატანეთ გემო ბოლო დამშვიდობების.

ყელიდან გულში გადასული სისხლის სიბლანტე

გაიფიქრეთ როგორც შემთხვევა,

როგორც ქუჩაში დანახული წყვილი ბორბალი,

ინვალიდის სავარძლით რომ გამშრალ ყელზე გადამიარა,

როცა ვიწექი მტვრით დაფარულ ცხელ ქვაფენილზე და ვფიქრობდი:

ნეტაი თქვენ, ვინც არ დგახართ საკუთარ გულზე.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12