***

მიღწეულია ორმხრივი შეთანხმება –

უსიტყვო შეთანხმება.

გადაწყვეტილება მიღებულია

განაჩენის სისრულეში მოყვანის:

რომ ყველა უნდა გახდეს უცხო

და ყველაფერი გახდეს სულერთი.

 

დილით ამოვა მზე.

ან არ ამოვა.

წავალთ სამსახურებში,

ან არ წავალთ.

ვისხდებით ჩაბნელებულ ოთახებში,

ნესტიან ოთახებში.

პრაგმატული გულებით,

ამღვრეული თვალებით

და ვიფიქრებთ საკუთარი უფლებების დაცვაზე.

 

რომ გვაქვს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი,

ერთმანეთთან არმიახლოვების მიზანი.

პირადი საზღვრების მკვეთრი ხაზი.

არგახსენება. მავთულხლართები.

 

ერთმანეთის ნდობა სახიფათოა,

ვიღაც ყოველთვის ეძებს სხვა მიწას,

უკეთესი ინფრასტრუქტურით,

უკეთესი გარანტიებით.

რომ გუშინდელი მეკავშირე გადაიქცა ძველ, ფიცრულ ქოხად,

დგას ქათმის ფეხზე და წასვლისას

უპრიანიც კი იქნება, თავს თუ წააცლით.

 

რადგან ყოველთვის არის რისკი,

რომ ხის ქოხი ხტუნვა-ხტუნვით გამოგეკიდოთ,

შემოიჭრას თქვენს საზღვრებში

დაგირღვიოთ კომფორტი და თავისუფლება.

წამოსკუპდეს მაგიდასთან,

სადაც უკვე რა ხანია,

ბჭობენ სულ სხვა ქვეყნის წევრები

და ახალი შეთანხმებაც მიღწეულია.

 

რა ლამაზია, ან საამაყო,

ვის რად უნდა ეს უაზრო სენტიმენტები? –

ზის თქვენი ქოხი უხერხულად, თვალს არ გაშორებთ,

მის კედელზე ცრემლი მოგორავს –

წვიმის დიდი, მლაშე წვეთი.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12