***

ცაზე წერია:

არ ამოიხსნას უცნობიანი განტოლებები.

სანამ მიწაზე წვიმად მოვალ,

ნეტა რა იცით გულში რას ვივლებ?…

დაწექით გულაღმა, დახუჭეთ თვალი და არ იფიქროთ –

ფიქრის ყველა გზა სწრაფად მიდის დასასრულისკენ.

თუ გრძნობთ ხეები რა ჩუმად დგანან?

ნეტავი თუ გრძნობთ თავჩაღუნულ უსასრულობას?

წელში გაშლა ილუზიაა

და სამყაროს დიდი ტყუილი.

წვიმა ჩამოვა ნაჯახით ხელში

და ყველა ტკივილს და ყველა ბელტს დაანაფოტებს.

ნეტა რა იცით,

საიდან მოდის გაბურძგნული არეულობა?

ნეტა ვინ იცის, თუ ზურგჩანთის რომელ ჯიბეში ჭუჭყიანი გდია სიკეთე?

როგორ გინდა რომ დააჯერო? – მე არ ვაშავებ.

წვიმა ჩამოდის ნაჯახით ხელში, მადგება მხრებზე

და თმის ბოლოებს სველი წესით ბოლომდე მიჩეხს.

მივდივარ, უკან ვეღარ  ვხედავ,

როგორ ვფანტავ საკუთარი თავის ნაწილებს.

ცაზე წერია:

ვერ ამოიხსნას უცნობიანი ადამიანი.

ცაზე წერია, რომ არც კი ღირს ზემოთ ყურება.

სიცივის სველი ჟრუანტელი ყველაზე რთული განტოლებაა.

მიდი და მხოლოდ ზურგზე შეეხე.

თვალი დახუჭე. არ ამოხსნა.

აღარ ისუნთქო.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12