***

ერთხელაც ვერ ჩამოითლი საკუთარ თავს.

საკუთარ კანს ვერ მოიმტვრევ, როგორც ხის ქერქს სველი ტანიდან.

როგორ უნდა უთხრა მას, რომ

ჭიქა წყალი არ იქნება საკმარისი მოგწვდეს ყელამდე,

რომ დაგალბოს როგორც პური დაშაქრულ რძეში

და გაგაქროს სითეთრეში, როგორც სითეთრე?

ან რატომ ცდილობ ხმელი თითები ჩამოიფშვნა აივანზე

და უყურო, როგორ ეყრები გაფენილ ზეწრებს,

რომლებზეც, იქნებ, ერთმანეთი ოდნავ უყვარდათ,

ან ერთმანეთი ძალიან სძულდათ?

ეს ჩაკიდული კიბეები საკუთარ ყელში,

ეს საშიში, ნესტიანი ლაბირინთები,

რომ გეშინია ფეხის ჩადგმის –

ჭიქა სიბნელე წყალი არ არის,

ააპირქვავო და ვერ დაგფაროს.

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12