ცნობილი ამერიკელი მწერალი რეიმონდ კარვერი 1938 წლის 25 მაისს ორეგონაში დაიბადა. 1941 წელს მისი ოჯახი ვაშინგტონის პატარა ქალაქ იაკიმაში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ მას საკმაოდ რთული ბავშვობა ჰქონდა მამის ალკოჰოლიზმისა და ოჯახის სიღარიბის გამო, ის მაინც დიდი სიყვარულით იხსენებდა ამ დროს. სწორედ მაშინ ჩაესახა ლიტერატურის მიმართ ინტერესი და მწერლობის სურვილი. „ბავშვობიდან მინდოდა მწერალი გავმხდარიყავი, ბიბლიოთეკაში დავდიოდი და ისტორიულ რომანებს ვკითხულობდი. ვთევზაობდი და სხვა ბიჭებთან ერთად მანქანით დავქროდი, გოგონებს პაემანს ვუნიშნავდი.  წერა ძალიან მინდოდა. ეს ერთადერთი იყო, რაც ჩემი მეგობრებისგან გამომარჩევდა.“

19 წლის ასაკში რეიმონდ კარვერი 16 წლის მერიან ბურკზე დაქორწინდა. ორ წელიწადში ორი შვილი შეეძინათ. წყვილმა ბევრი სირთულე გამოიარა, ორივეს მძიმე სამუშაოების შესრულება უწევდა, თან დაბალი ანაზღაურების ფასად. რაიმონდისთვის გარდამტეხი გამოდგა 1958 წელს ჯონ გარდენერის შემოქმედებითი  კურსის გავლა. გარდენერმა გააცნო  იმჟამინდელი ლიტერატურული პროცესის მთავარი მიმართულებები და ღირებული ტენდენციები. მანვე დაავალა სტუდენტებს წაეკითხათ ჰემინგუეი, ჩეხოვი, ფოლკნერი. შემდეგომში ამ მწერლებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს კარვერის შემოქმედებაზე. გარდნერი დეტალურად განიხილავდა სტუდენტების ნამუშევრებს  და რჩევებს აძლევდა მათ. კარვერი იხსენებს: „ჩემს მოთხრობაში სასვენ ნიშნებს ისე განვიხილავდით, თითქოს ამქვეყნად უფრო მნიშვნელოვანი არაფერი იყო. ან რა უნდა ყოფილიყო ამაზე უფრო მნიშვნელოვანი?“

1960-იანი წლები ძალიან მძიმე იყო კარვერისთვის.  ორი შვილის მამა ერთდროულად სწავლობდა კიდეც, მუშაობდა და წერდა. მალე მთელი ოჯახი კალიფორნიაში გადავიდა საცხოვრებლად. რეიმონდმა ჰუმბოლთის სახელმწიფო კოლეჯი დაამთავრა. მართალია, იმ დროს კარვერი  ლექსებსა და მოთხრობებს უკვე პატარ-პატარა ლიტერატურულ ჟურნალებში ბეჭდავდა, მაგრამ ჯერ მაინც  საკუთარი ხმის ძიებაში იყო.

1967 წელი განსაკუთრებული გამოდგა რეიმონდ კარვერისთვის. ამ წელს მას გარდაეცვალა მამა. ამ წელს გაკოტრდა, მაგრამ  ამ წელსვე გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „თუ შეიძლება, წყნარად იყავით“, რომელიც შევიდა კრებულში „1967 წლის საუკეთესო ამერიკული მოთხრობები“. ამავე წელს მან დაიწყო მუშაობა სახელმძღვანელოების რედაქტორად, სადაც  სამი წელი იმუშავა. ეს იყო მისი პირველი „თეთრსაყელოიანი“ სამსახური. 1970 წელს  ფონდის, National Endowment for the Arts DiscoveryAward ხელშეწყობით, კარვერმა გადაწყვიტა, მთელი დრო წერისთვის დაეთმო. 1971 წელს ჟურნალში Esquire გამოქვეყნდა მისი მოთხრობა „მეზობლები“. ეს ჟურნალის მაშინდელი რედაქტორის გორდონ ლიშის დამსახურება იყო. მართალია, ის მანამდე  მოთხრობებს არ უბეჭდავდა, მაგრამ სთხოვდა, გამოეგზავნა სხვა, შემდგომი ნამუშევრები, რაც, შეიძლება ითქვას, რეიმონდს ერთგვარ სტიმულს აძლევდა და აიძულებდა, უკეთესად ეწერა. როდესაც ჟურნალმა მისი მოთხრობა დაბეჭდა, კარვერი ბედნიერი იყო, თუმცა,  კვლავაც აურაცხელი პრობლემა აწუხებდა. „ერთი მხრივ, თითქოს, მიზანს მივაღწიე, მაგრამ ბავშვები მასავათებდნენ, ცოცხლად მჭამდნენ.  ჩემი ცხოვრება ჩიხში შევიდა, ვერც წინ მივდიოდი, ვერც უკან, თითქოს ცეცხლი მეკიდა და ჩაქრობა კი არ შემეძლო.“ – იხსენებდა ის.

რეიმონდ კარვერმა მიაგნო ცეცხლის ჩაქრობის საშუალებას – მან სმა დაიწყო.  ყველაფერი ერთმანეთში გადაიხლართა – ოჯახური გასაჭირი, შემოქმედებასთან დაკავშირებული წნეხი, გენეტიკა. სმამ შეიწირა მისი ქორწინება. მიუხედავად შემოქმედებითი წარმატებისა, მისი ცხოვრება თავდაყირა დადგა. კარვერმა მიიღო სტეგნერის სტიპენდია სტენფორდის უნივერსიტეტში, იწვევდნენ ლექციების წასაკითხად, უბეჭდავდნენ ლექსებსა და მოთხრობებს, 1977 წელს გამოქვეყნდა მისი მოთხრობების კრებული. სმა ხელს უშლიდა წერაშიც და ლექციების ჩატარებაშიც. რაც ყველაზე მთავარია, ალკოჰოლი ვნებდა მის ჯანმრთელობას. ის არაერთხელ მოხვდა საავადმყოფოში.  1977 წლის 2 ივნისი მნიშვნელოვანი თარიღია რეიმონდ კარვერის ცხოვრებაში – მან მკურნალობის კურსის გავლის შემდეგ სმას თავი დაანება.

ამით მისი ცხოვრებისეული სირთულეები არ მოგვარებულა – სიფხიზლემ მას ვეღარ დაუბრუნა ოჯახი და ვერც შემოქმედებით კრიზისი დააძლევინა. აი, პოეტ ტეს გალაჰერის გაცნობამ კი მისი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. ტესი გახდა მისი ცხოვრების თანამგზავრი ყველგან და ყველაფერში.. „ჩემი ცხოვრება მკვეთრად შეიცვალა იმ დღეს, როდესაც ტესი გავიცანი.“ – ამბობს ის.

1979 წლიდან ისინი ერთად ცხოვრობდნენ. ტესი არა მხოლოდ მეუღლე და მეგობარი, არამედ ლიტერატურული კრიტიკოსიც იყო, როგორც თავად აღნიშნავს, „მკაცრი კრიტიკოსი“.

1981 წელს გამოქვეყნდა მოთხრობების კრებული – „რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ“, რომელმაც კარვერს საყოველთაო აღიარება მოუტანა. მას მინიმალისტ მწერალს უწოდებდნენ, თუმცა თავად თავს პრეციზიონისტად თვლიდა.

წიგნი აერთიანებს მცირე ზომის მოთხრობებს, რომლებიც დაუსრულებლობის შთაბეჭდილებას ტოვებენ. მოთხრობების ენა და სტრუქტურა მარტივია. სიტყვებს უკან თითქოს მწვავე ნიჰილიზმი იგრძნობა. მიუხედავად წარმატებისა, კარვერი მიიჩნევდა, რომ რედაქტორი გორდონ ლიში ზედმეტად ჩაერია წიგნის საბოლოო ვერსიის შემუშავებაში. არავინ იცის, ეს სიმართლეა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ მოთხრობების ნაწილი მოგვიანებით განსხვავებული რედაქციით დაიბეჭდა.

უდავოა, რომ კარვერსა და ლიშს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობდა, რადგან ცნობილია კარვერის წერილი ლიშისადმი: „მე ვერ მივიღებ ამპუტაციასა და ტრანსპლანტაციას. ….. გთხოვთ, იმუშავეთ წიგნზე, როგორც კარგმა რედაქტორმა, და არა ჩემმა აჩრდილმა.“ საქმე ეხება კარვერის კრებულს „კათედრალი.“

„კათედრალი“ რეიმონდ კარვერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოთხრობაა, რომელიც ამავე სახელწოდების 1983 წელს გამოქვეყნებულ კრებულში შედის. ამ კრებულისთვის კარვერი 1983 წელს ნომინირებული იყო პრემიაზე National Book Critics Circle Award,  1984 წელის კი პულიცარის პრემიაზეც.

1983 წელს გამოქვეყნდა მისი წიგნი Fires, რომელშიც შედის ესეები, მოთხრობები და ლექსები. რეიმონდ კარვერმა უამრავი ლიტერატურული ჯილდო, პრემია და მკითხველთა და კრიტიკოსთა აღიარება დაიმსახურა. კარვერი ბედნიერი უნდა ყოფილიყო მიღწეულით – ფინანსური მდგომარეობითა და შემოქმედებითი წარმატებებით, მაგრამ აღიარება მისთვის გადაულახავი წნეხი აღმოჩნდა. მან თავი დაანება უნივერსიტეტში მუშაობას და ტესის სახლში, პორტ ანგელესში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მშვიდად შეეძლო წერა.

1985 წელს გამოქვეყნდა კარვერის პოეტური კრებული Where Water Comes Together with Other Water, ხოლო 1986 წელს Ultramarine.

რეიმონდ კარვერი 1988 წლის 2 აგვისტოს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. ამ დროს ის მხოლოდ 50 წლის იყო და  შემოქმედებით მწვერვალზე  იმყოფებოდა. მისი წიგნები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდებოდა. რეიმონდ კარვერს „მინიმალიზმის მამას“,  „ბინძური რეალიზმის“ პიონერს“, „ცისფერი საყელოს სასოწარკვეთილ ხმას“ უწოდებენ. მისი, ერთი შეხედვით, მარტივი მოთხრობები და ლექსები ღრმააზროვან ქვეტექსტს შეიცავს. კარვერი არის მწერალი, რომელმაც 1970-იანებში ამერიკული ლიტერატურის სტილი შეცვალა. მისი უკიდურესი გულწრფელობით, რეიმონდ კარვერი მკითხველს ადამიანური კეთილშობილების რწმენას შთააგონებს.

მთარგმნელისგან

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11