“ღირს, დაწერო მათი ცხოვრების შესახებ,  ვინც წარმატებას ვერ მიაღწია”

 

1983 წ. რეიმონდ კარვერს ესაუბრებიან მონა სიმფსონი და ლუის ბაზბი.

 

რას იტყვით თქვენი ბავშვობის, ამ პირველი წიგნის შესახებ?

მე აღმოსავლეთ ვაშინგტონის პატარა ქალაქ იაკიმაში გავიზარდე. მამაჩემი სამხერხაოში მუშაობდა, დედაჩემს დროებითი სამსახური ჰქონდა ხოლმე, ხან მიმტანად მუშაობდა, ხან გამყიდველად, ხან სახლში დამხმარედ. მახსოვს, როგორ საუბრობდნენ მის პრობლემებზე, რომელიც ნერვებს უკავშირდებოდა. სამზარეულოში ონკანის ქვეშ წამალს ინახავდა და ყოველ დილით სვამდა. მამაჩემის წამალი ვისკი იყო. ვისკის ბოთლს ისიც ონკანის ქვეშ მალავდა. ერთხელ გემო გავუსინჯე და შემეზიზღა. პატარა სახლში ვცხოვრობდით. საერთოდ, ხშირად ვიცვლიდით საცხოვრებელს. მახსოვს, საღამოობით მამას ავტობუსის გაჩერებაზე ველოდებოდი. ის ზუსტად ერთსა და იმავე დროს ბრუნდებოდა. თუმცა, ასე, ორ კვირაში ერთხელ ავტობუსს არ მოყვებოდა და მე შემდეგ ავტობუსს ვლოდებოდი ხოლმე. მაშინ 8-10 წლის ვიქნებოდი. ვიცოდი, დასალევად იქნებოდა წასული და ამას მწარედ განვიცდიდი. კარგად მახსოვს, განწირულობისა და უიმედობის შეგრძნება, ასეთ დღეებში რომ მეუფლებოდა.

 

წერა რატომ დაიწყეთ?

ერთადერთი ახსნა ის იქნება, რომ მამა უამრავ ამბავს მიყვებოდა თავისი ბავშვობის შესახებ, თავის მამაზე და ბაბუაზე. მისი ბაბუა სამოქალაქო ომის მონაწილე იყო და ორივე მხარეს იბრძოდა! ასე იყო. როდესაც მიხვდა, რომ სამხრეთი აგებდა, ჩრდილოეთის მხარეს გადავიდა. მამა სულ იცინოდა, როდესაც მის ამბავს ყვებოდა. ვერაფერს ცუდს ამ საქციელში ვერ ხედავდა, და ვერც მე ვხედავდი. მამა ბევრს მიყვებოდა, მორალის კითხვისა და განსჯის გარეშე, თავის ამბებსაც – როგორ დადიოდა ტყეში, როგორ  მოგზაურობდა მატარებლით. მასთან ყოფნა და მოსმენა მიყვარდა. ზოგჯერ წიგნებსაც მიკითხავდა.  ეს იყო ზეინ გრეის ვესტერნის ისტორიები და ბიბლია. ყოველდღე არა, მაგრამ ზოგჯერ ვხედავდი, როგორ იწვა და ზეინ გრეის კითხულობდა. მაშინ მივხვდი, რომ მართლა აინტერესებდა და მეც ვთხოვდი, ხმამაღლა წაეკითხა.  ცოტა ხნის შემდეგ, მეტყოდა, ჯუნიორო, ახლა წადი და სხვა გასართობი იპოვეო. რა თქმა უნდა, გასართობი ბევრი მქონდა. სათევზაოდ დავდიოდი ხოლმე, ცოტა რომ წამოვიზარდე, იხვზეც ვნადირობდი და სხვა პატარა ცხოველებზეც.  ორივე ძალიან მიყვარდა, ნადირობაც და თევზაობაც. აი, ამან დატოვა ემოციური კვალი ჩემზე და ამის შესახებ მომინდა დაწერა. მე დავწერე თევზზე, რომელიც დავიჭირე და თევზზე, რომელიც ვერ დავიჭირე. დედას ვთხოვდი, დაებეჭდა. დედამ ბეჭდვა არ იცოდა, მაგრამ მაინც წავიდა და საბეჭდი მანქანა იქირავა, ღმერთმა დალოცოს მისი კეთილი გული. მან საშინელი ხარვეზებით აკრიფა  ჩემი მონათხრობი და რამდენიმე ადგილას გააგზავნა. დღემდე მახსოვს ორი ჟურნალის მისამართი. ჩემი მოთხრობა კოლორადოდან უკან დაგვიბრუნდა, მაგრამ მაინც მიხაროდა, რომ დედაჩემის გარდა, კიდევ ვიღაცამ წაიკითხა. შემდეგ, მახსოვს, რომ განცხადება ვიპოვე Writer’s Digest-ში. იქვე იყო კაცის ფოტო, ალბათ წარმატებული მწერლის, რომელიც პალმერის ინსტიტუტის საავტორო პროგრამას აცხადებდა. ზუსტად ჩემთვის იყო ზედგამოჭრილი. წესი ისეთი იყო, რომ ყოველთვიურად თანხა უნდა გადაგეხადა, ისინი კი ყოველკვირეულ საწერ დავალებებს გაძლევდნენ. სულ რამდენიმე თვეში მომბეზრდა და თავი დავანებე, ჩემმა ოჯახმა საფასური აღარ გადამიხადა. ცოტა ხანში პალმერის ინსტიტუტიდან მივიღეთ წერილი, სადაც მწერდნენ, რომ თუ თანხას მთლიანად გადავიხდიდი, ამ კურსის დასრულების მოწმობას გამომიგზავნიდნენ. ოჯახი რაღაცნაირად დავიყოლიე, მოწმობა მივიღე, ჩარჩოში ჩავსვი და კედელზე ჩამოვკიდე. მიუხედავად ყველაფრისა, როგორც წინასწარ იყო გადაწყვეტილი, სკოლის დასრულების შემდეგ სამხერხაოში დავიწყე მუშაობა. მძულდა ის სამუშაო. ექვს თვეში იმდენი ფული მოვაგროვე, რომ მანქანა და ტანსაცმელი მეყიდა, სახლიდან წავსულიყავი და მექორწინა.

 

და შემდეგ კოლეჯში ჩააბარეთ. თქვენი ცოლის იდეა იყო? მაშინ რამდენი წლის იყავით? თქვენი მეუღლე ალბათ ძალიან ახალგაზრდა იქნებოდა.

მე თვრამეტის ვიყავი, ჩემი ცოლი კი თექვსმეტის, თან ფეხმძიმედ იყო. მან გოგონათა საეკლესიო კერძო სკოლა დაამთავრა, სადაც ჩაის  ფინჯნის სწორად დაჭერა ასწავლეს. მართალია, ის სკოლა რელიგიური განხრისა იყო, მაგრამ  ფსიქოლოგიას, ლიტერატურას და უცხო ენებსაც ასწავლიდნენ. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე იმან, რომ  ლათინური იცოდა. ლათინური!  ცდილობდა, კოლეჯში ჩაებარებინა, მაგრამ მაშინ ეს ძალიან რთული იყო. რთული იყო, თან  ოჯახიც შეგექმნა, თან ფულიც არასოდეს გქონოდა. არასოდეს. ის ღატაკი ოჯახიდან იყო. იმ კერძო სკოლაში სტიპენდიით ჩაირიცხა. დედამისს ვძულდი. მის ქალიშვილს შეეძლო ვაშინგტონის უნივერსიტეტის სტიპენდია მოეპოვებინა, მე კი ის დავაფეხმძიმე. ჩვენ დავქორწინდით და ერთად დავიწყეთ ცხოვრება. ჩვიდმეტი წლისას  პირველი შვილი შეეძინა, თვრამეტი წლისას – მეორე. რა მეთქმის ამის შესახებ? ჩვენ არ გვქონია ახალგაზრდობა. იმ როლში აღმოვჩნდით, რომლის თამაშიც არ ვიცოდით.  თავს არ ვზოგავდით. მან მაინც დაამთავრა კოლეჯი და დიპლომიც აიღო ქორწინებიდან თორმეტი თუ თოთხმეტი წლის შემდეგ.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11