კათედრალი

 

ის უსინათლო კაცი, ჩემი ცოლის ძველი მეგობარი, ჩვენთან მოდიოდა ღამე დასარჩენად. ცოლი სულ ცოტა ხნის წინ მოუკვდა და ახლა კონექტიკუტში ცოლის ნათესავებთან იყო სტუმრად. ჩემ ცოლს იქიდან დაურეკა. ყველაფერი დავგეგმეთ. უსინათლო კაცი მატარებლით ჩამოვიდოდა, სულ ხუთი საათი უნდა ემგზავრა, და ჩემი ცოლი სადგურში დახვდებოდა. ათი წელის წინ იყო, ერთი ზაფხული რომ მასთან, სიეტლში მუშაობდა. მას შემდეგ ერთმანეთი არ ენახათ. რეგულარულად კი ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს. წარამარა ხმოვან ჩანაწერებს აკეთებდნენ და ერთმანეთს მეილით უგზავნიდნენ. მისი ვიზიტი დიდად არ მსიამოვნებდა. იმ კაცს არ ვიცნობდი. მისი სიბრმავეც მძაბავდა. უსინათლოების შესახებ ჩემი წარმოდგენა ფილმებიდან მქონდა შექმნილი. ფილმებში ისინი ძალიან ნელა მოძრაობენ და არასოდეს იცინიან. ზოგჯერ ძაღლებიც ჰყავთ. უსინათლო ადამიანის მასპინძლობა ნამდვილად არ იყო სასიხარულო ამბავი.

იმ ზაფხულს სამსახური სჭირდებოდა. გროში არ ებადა. კაცი, რომელსაც აგვისტოს ბოლოს ცოლად მიჰყვებოდა, ოფიცერთა მომზადების სკოლაში სასწავლო კურსს გადიოდა. ფული არც მას ჰქონდა, მაგრამ ქალს უყვარდა და კაცსაც უყვარდა ის ქალი და ა.შ, როგორც საერთოდ ხდება ხოლმე. გაზეთში განცხადება ნახა, სადაც ტელეფონის ნომერი და ტექსტი ეწერა: “უსინათლო მამაკაცს ესაჭიროება დამხმარე, რომელიც მას წაუკითხავს“. დარეკა, მივიდა და მაშინვე აიყვანეს. იმ კაცთან მთელი ზაფხული იმუშავა. უკითხავდა ანგარიშებს, კვლევებს და სხვა ასეთ რამეებს. ქალი ადგილობრივი საზოგადროებრივი მომსახურების დეპარტამენტშიც წაუკრავდა ხოლმე ხელს – პატარა საოფისე საქმეების მოწესრიგებაში ეხმარებოდა. ასე დამეგობრდნენ ჩემი ცოლი და ის უსინათლო კაცი. ბოლო დღეს კაცმა სახეზე შეხების უფლება სთხოვა. ჩემი ცოლი დათანხმდა. მან მითხრა, რომ კაცი თითებით სახის ყველა ნაწილზე შეეხო, ცხვირზე და ყელზეც კი და ეს შეხება არასოდეს ავიწყდება. მან ამის შესახებ ლექსის დაწერაც კი სცადა. ლექსების წერას ყოველთვის ცდილობდა. წელიწადში ერთ ან ორ ლექსს, როგორც წესი, მაშინ წერდა, როცა მართლა მნიშვნელოვანი მოხდებოდა მის ცხოვრებაში.

როდესაც შეხვედრები დავიწყეთ, თავისი ლექსი წამიკითხა. იმ ლექსში ის ახსენებდა თითებს, რომელიც მის სახეს სწავლობდა. აღწერდა, თუ რას გრძნობდა და რა აზრები მოსდიოდა თავში, როდესაც უსინათლო კაცი ცხვირზე და ტუჩებზე ეხებოდა. მახსოვს, მაშინ იმ ლექსით დიდად არ დავინტერესებულვარ. რა თქმა უნდა, ეს მისთვის არ მითქვამს. შესაძლოა, პოეზიის ბევრი არაფერი გამეგება და იმიტომ. გულახდილად ვიტყვი, რომ თუ რამის წაკითხვა მინდა, პოეზიას ნამდვილად არ ვირჩევ.

ასეა თუ ისე, ის მომავალი ოფიცერი, პირველმა რომ მიიპყრო ჩემი ცოლის ყურადღება, მისი ბავშვობის შეყვარებული იყო. რა უჭირს მერე. იმას ვამბობ, რომ ის ზაფხული დასრულდა, ჩემმა ცოლმა ნება მისცა უსინათლო კაცს სახეზე შეხებოდა, დაემშვიდობა, მერე თავის ბავშვობის შეყვარებულს, რომელიც უკვე არმიის ოფიცერი გახდა, ცოლად გაყვა, სიეტლიდან წამოვიდა და ა.შ., თუმცა, ერთმანეთთან ურთიერთობა არ გაუწყვეტიათ. მას და იმ უსინათლო კაცს. ჩემი ცოლი პირველად სადღაც ერთი წლის მერე შეეხმიანა. ღამით დაურეკა ალაბამას სამხედრო – საჰაერო ბაზიდან. დალაპარაკება უნდოდა. ილაპარაკეს. კაცმა სთხოვა, ჩანაწერი გაეკეთებინა და თავისი ცხოვრების შესახებ ეამბნა. ისიც ასე მოიქცა. ჩანაწერი გაუგზავნა. იმ ჩანაწერში უსინათლო კაცს შესჩივლა, რომ ქმარი კი უყვარდა, მაგრამ არ მოსწონდა ადგილი, სადაც ცხოვრობდნენ და არც ის, რომ მისი ქმარი სამხედრო ინდუსტრიის ნაწილს წარმოადგენდა. რომ დაწერა ლექსი, სადაც ის იგულისხმებოდა. კიდევ უთხრა, რომ წერდა ლექსს, სადაც სამხედრო საჰაერო ოფიცრის ცოლობას აღწერდა. უსინათლო კაცმა ხმოვანი ჩანაწერი გაუგზავნა. ქალმაც გააკეთა ჩანაწერი. ასე გაგრძელდა წლები. ჩემი ცოლის ოფიცერი ბაზიდან ბაზაზე გადაყავდათ. ის ფირებს აგზავნიდა მაცგუარიდან, მაკკონელიდან და ბოლოს, ტრავისში, საკრამენტოს ახლოს თავის საშინლად მარტოსულად და ყველა იმ ახლობელი ადამიანისგან მოწყვეტილად იგრძნო, რომლებსაც აქეთ-იქით წოწიალში თანდათან კარგავდა. უკვე გრძნობდა, რომ შემდგომ გადაბარგებას ვეღარ გაუძლებდა. სახლში შევიდა, ყველა აბი და კაფსულა, რაც წამლების ყუთში ნახა, ერთად გადაყლაპა და მთელი ბოთლი ჯინიც დააყოლა. მერე ცხელ აბაზანაში ჩაწვა და გაითიშა.

მაგრამ სიკვდილის ნაცვლად, მუცლის გვრემა დაეწყო. ყველაფერი ამოარწყია. მისი ოფიცერი – რა საჭიროა სახელი? – მისი ბავშვობის შეყვარებული იყო და სხვა დეტალები რა აუცილებელია? – დაბრუნდა სახლში საიდანღაც და სასწრაფოში დარეკა. შემდეგ ჩემმა ცოლმა ეს ყველაფერი ფირზე ჩაწერა და უსინათლო კაცს გაუგზავნა. წლების განმავლობაში ყველაფერს ფირზე წერდა და უგზავნიდა. უგზავნიდა ყოველ წელს დაწერილ ახალ ლექსსაც. მგონი, ეს მისი განტვირთვის ძირითადი საშუალება იყო. ერთ ჩანაწერში იმ უსინათლო კაცს უთხრა, რომ რაღაც დროით თავისი ოფიცრისგან შორს ცხოვრება გადაწყვიტა. მეორე ფირზე თავისი განქორწინების წვრილმანებს აცნობდა. როდესაც ჩვენ შეხვედრები დავიწყეთ, რა თქმა უნდა, ჩემ შესახებაც უამბო.როგორც ვხვდები, ჩემი ცოლი არაფერს უმალავდა, ან თითქმის არაფერს. ერთხელ მკითხა, სურვილი ხომ არ მქონდა, უსინათლო კაცის გამოგზავნილი ფირისთვის მომესმინა. ეს ერთი წლის წინ იყო. ის კაცი ჩემზე ამბობდა რაღაცას, ასე მითხრა ჩემმა ცოლმა. ჰოდა, კარგი, მოვისმენ-თქო, დავთანხმდი. სასმელი დავასხი და სასტუმრო ოთახში დავსხედით. მოსასმენად მოვემზადეთ. ჩემმა ცოლმა ფირი ფირსაკრავში ჩადო და პარამეტრები გაასწორა. მერე გაუშვა. ფირმა გაიწრუპუნა და ვიღაცამ ხმამაღლა დაიწყო ლაპარაკი. ჩემმა ცოლმა ხმას ჩაუწია. უსაგნო ბოდიალის შემდეგ, უცნობი ადამიანის, იმ უსინათლო კაცის პირიდან, რომელსაც არც კი ვიცნობდი, ჩემი სახელი გავიგონე! და მერე ეს: „იმის საფუძველზე, რაც მის შესახებ მიამბე, მხოლოდ ის შემიძლია დავასკვნა, რომ…“ და მოსმენა შეგვაწყვეტინეს, კარზე დააკაკუნეს, თუ რაღაც ამდაგვარი მოხდა და უსინათლო კაცის გზავნილს აღარ მივბრუნებივართ. იქნებ არც იყო საჭირო. რაც მინდოდა, ის მოვისმინე.

სწორედ ეს კაცი იყო, ამაღამ რომ ჩემ სახლში აპირებდა ღამის გათევას.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11