“ბოულინგნზე ხომ არ წამეყვანა?“ ვკითხე ჩემ ცოლს. ის დაფაზე კარტოფილს ჭრიდა. დანა დადო და ჩემსკენ მოტრიალდა.

– თუ გიყვარვარ, შემისრულე სურვილი. თუ არ გიყვარვარ, რაღას ვიზამ. მაგრამ შენი მეგობარი რომ იყოს, ნებისმიერი მეგობარი და ჩვენთან სტუმრად მოდიოდეს, მე თავს მაქსიმალურად კომფორტულად ვაგრძნობინებდი. – მან ხელები ჩაის ტილოზე შეიწმინდა.

– მე არ მყავს უსინათლო მეგობარი. – ვუპასუხე.

– არანაირი მეგობარი არ გყავს. – მითხრა ჩემმა ცოლმა. – და დროსაც ხომ გააჩნია! ჯანდაბა! ახლახანს ცოლი მოუკვდა! როგორ არ გესმის! კაცმა ცოლი დაკარგა!

არაფერი ვუპასუხე. მისი ცოლის შესახებ ის ვიცოდი, რომ ბეულა ერქვა. რა სახელია ბეულა! ფერადკანიანი ქალის სახელი!

– ზანგი ცოლი ჰყავდა? – ვიკითხე.

– გაგიჟდი? შეიშალე თუ რა გჭირს? – მკითხა ჩემმა ცოლმა, კარტოფილს ხელი დაავლო და დავინახე, რომ ის კარტოფილი ჯერ იატაკს დაეხეთქა, მერე კი ქურის ქვეშ შეგორდა. – რა დაგემართა, მთვრალი ხარ? – დაკითხვა გააგრძელა.

და ჩემმა ცოლმა მომაყარა ამბები, რომელიც საერთოდ არ მაინტერესებდა. სასმელი დავისხი და მოსასმენად სამზარეულოს მაგიდასთან დავჯექი. რაღაც დეტალებმა ამბის ცარიელა ადგილები ამოავსო. როგორც აღმოჩნდა, ბეულას უსინათლო კაცთან ჩემი ცოლის შემდეგ დაუწყია მუშაობა. სულ მალე მათ ეკლესიაში ჯვარი დაიწერეს. ძალიან პატარა ჯვრისწერა ჰქონდათ – მხოლოდ სიძე-პატარძალი, პასტორი და მისი ცოლი ესწრებოდნენ. მერე რა, მთავარია, როგორც წესია და რიგია, ისე დაქორწინდნენ, ეკლესიაში. როგორც უსინათლო კაცმა თქვა, ბეულას უნდოდა ასე. მგონი, მაშინ უკვე ჰქონდა ყელის სიმსივნე. რვა წელი განუყრელად ერთად იყვნენ – ჩემი ცოლის საყვარელი სიტყვაა განუყრელად, – მერე კი ბეულას ჯანმრთელობა მკვეთრად სულ უფრო და უფრო უკან წავიდა. ის სიეტლის საავადმყოფოს პალატაში გარდაიცვალა, უსინათლო კაცი საწოლთან ეჯდა და მისი ხელი ეკავა. იქორწინეს, ერთად იცხოვრეს და იმუშავეს, ერთად ეძინათ, ბუნებრივია, სექსი ჰქონდათ და ბოლოს, უსინათლო კაცს უნდა დაემარხა. ისე, რომ არც კი იცოდა, ის ქალი როგორ გამოიყურებოდა. ჯანდაბა. ვერ წარმომიდგენია. ამის გააზრების შემდეგ, უსინათლო კაცის მიმართ თანაგრძნობაც კი გამიჩნდა. მერე, დავფიქრდი, რა საცოდავი ცხოვრება უნდა ჰქონოდა იმ ქალს. საცოდავი არაა ქალი, რომელიც ვერასოდეს დაინახავს საკუთარ თავს საყვარელი ადამიანის თვალებით? ქალი, რომელსაც არასოდეს მიუღია კომპლიმენტი საყვარელი კაცისგან. ქალი, რომლის ქმარიც ვერასოდეს დაინახავს მისი სახის გამომეტყველებას, როცა შეწუხებულია, ან რამე სასიამოვნო აწერია სახეზე? კოსმეტიკას ხმარობდა თუ არა, რა მნიშვნელობა ქონდა მისი ქმრისთვის? შეეძლო თვალები მწვანედ შეეღება, ნესტოში ქინძისთავი გაერჭო, ყვითელი შარვალი ამოეცვა, და ფეხები იისფერ ფეხსაცმელში წაეყო, ვის ადარდებდა! და მერე, საავადმყოფოში წარმოვიდგინე: სასიკვდილოდ განწირული წევს, უსინათლო კაცს მისი ხელი უჭირავს, თვალებიდან ცრემლი სდის, ვხვდები, სიკვდილის წინ რაზეც ფიქრობდა – ცალი ფეხი უკვე სამარეში აქვს, მის ქმარს კი არასოდეს დაუნახავს. რობერტი მცირე სადაზღვევო პოლისითა და ხელში მექსიკური ოცპესოიანის ერთი ნახევრით დარჩა. მეორე ნახევარს საფლავში მას ჩააყოლებენ. რა პათეტიკაა!

მოკლედ, როცა დრო მოვიდა, ჩემი ცოლი სადგურში წავიდა უსინათლო კაცის დასახვედრად. მე ლოდინის გარდა საქმე სხვა არაფერი მქონდა, რაშიც, რა თქმა უნდა მას ვადანაშაულებდი. ამიტომ სასმელი დავისხი და ტელევიზორს მივუჯექი. სწორედ ამ დროს მანქანამ ჩვენი სადგომისკენ შემოუხვია. დივნიდან ჭიქით ხელში ავდექი და ფანჯრიდან გავიხედე.

დავინახე, რომ ჩემი ცოლი იცინოდა, როცა მანქანას აჩერებდა. დავინახე, რომ მანქანიდან გადმოვიდა და კარი ჩაკეტა. სახეზე ისევ ღიმილი ეფინა. საოცარია პირდაპირ. მანქანას შემოუარა და მეორე მხარეს მივიდა, საიდანაც უსინათლო კაცი გადმოდიოდა. ამ უსინათლო კაცს, კარგად დაიმახსოვრეთ, მკერდზე წვერი ეფინა. უსინათლო კაცი წვერში! მე ვიტყოდი, რომ ნამეტანია! კაცი უკანა სავარძელზე გადაიხარა და ჩემოდანი გადმოათრია. ჩემმა ცოლმა ხელი მკლავზე მოკიდა, მანქანის კარი ჩაკეტა და ლაპარაკ-ლაპარაკით წინა შესასვლელის კიბეზე ამოიყვანა. ტელევიზორი გამოვრთე. სასმელი გამოვცალე, ჭიქა გავავლე და ხელით გავამშრალე. შემდეგ, კართან მივედი.

ჩემმა ცოლმა თქვა:

– გაიცანი, რობერტი. რობერტ, ეს ჩემი მეუღლეა. მის შესახებ ყველაფერი გიამბე. – ჩემი ცოლი ციმციმებდა. ხელი უსინათლო კაცის პალტოს სახელოში ჰქონდა წავლებული.

უსინათლო კაცმა ხელი გამომიწოდა. ჩამოვართვი. ხელი მაგრად მომიჭირა, ცოტა ხანი ეჭირა და მძიმედ გამიშვა.

– ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ერთმანეთს ვიცნობთ. – დაიგრგვინა.

– მეც ასევე. – ვთქვი. არ ვიცოდი, კიდევ რა მეთქვა. მერე დავამატე:

– კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. თქვენ შესახებ ბევრი რამ მსმენია.

მერე მოძრაობა დავიწყეთ, მცირე ჯგუფად, შესასვლელიდან სასტუმრო ოთახში, ჩემი ცოლი ხელმკლავით ატარებდა. უსინათლო კაცს ჩემოდანი მეორე ხელში ეკავა. ჩემი ცოლი რაღაც ამდაგვარ ფრაზებს ისროდა:

– მარცხნივ, რობერტ, ჰო, მანდ. მარჯვნივ, ახლა ფრთხილად, აქ სკამი დგას. ეს დივანია. ორი კვირის წინ ვიყიდეთ.

რაღაცის მოყოლა მინდოდა ჩვენი ძველი დივანის შესახებ. მიყვარდა ის ჩვენი ძველი დივანი. მაგრამ არაფერი მითქვამს. მერე მინდოდა, ცოტა რამ სხვაზეც მეთქვა, მაგალითად, ჰუდსონზე გასეირნებაზე, ან ნიუ-იორკში წასვლაზე – რომ თუ ნიუ-იორკში მიდიხარ, მატარებელში მარჯვენა მხარეს უნდა დაჯდე, და თუ იქიდან აქეთ მოდიხარ, მარცხენა მხარეს.

– როგორ იმგზავრეთ? – ბოლოს ვკითხე. – ისე, მატარებელში რომელ მხარეს იჯექით?

– რა შეკითხვაა, რომელ მხარეს? სულ ერთი არ არის? – გაგიჟდა ჩემი ცოლი.

– უბრალოდ, ვიკითხე. – ვუპასუხე მე.

– მარჯვენა მხარეს. – თქვა უსინათლო კაცმა. – თითქმის ორმოცი წელია, მატარებელში არ ვმჯდარვარ. ბავშვობის შემდეგ. ჩემს ოჯახთან ერთად დავდიოდი. რა ხანი გავიდა. ლამის დამავიწყდა, რა შეგრძნებაა. წვერი გამითეთრდა უკვე. ასე მითხრეს. კარგად გამოვიყურები, ძვირფასო? – ჰკითხა უსინათლო კაცმა ჩემ ცოლს.

– ძალიან კარგად გამოიყურები, რობერტ. – უთხრა ჩემმა ცოლმა. – როგორ მიხარია, შენი ნახვა, რობერტ.

როგორც იქნა, ჩემმა ცოლმა უსინათლო კაცს თვალი მოაშორა და შემომხედა. როგორც ჩანს, არ მოეწონა, რაც დაინახა. მხრები ავიჩეჩე.

მანამდე არასოდეს მინახავს, და არც არავის ვიცნობდი, ვისაც მხედველობის პრობლემა ჰქონდა. ეს კაცი იყო ლამის უკვე ორმოცდაათს მიღწეული, ჩაფსკვნილი, შემელოტებული და მხრებში ისე მოხრილი, თითქოს დიდ სიმძიმეს ატარებდა. ყავისფერი შარვალი ეცვა, ყავისფერი ფეხსაცმელი, ღია ყავისფერი პერანგი, ბეჟი ჰალსტუხი ეკეთა და ყავისფერი სპორტული ქურთუკი ეცვა. ელეგანტური. გრძელი წვერიც ეფინა. არც ხელჯოხი ეჭირა, არც მუქი სათვალე ეკეთა. მე კი სულ მეგონა, რომ შავი სათვალე აუცილებელი ატრიბუტი იყო უსინათლოებისთვის. რაც მართალია, მართალია – მერჩივნა, სათვალე კეთებოდა. ერთი შეხედვით, მისი თვალები არაფრით გამოირჩეოდა ან განსხვავდებოდა. მაგრამ თუ დააკვირდებოდი, რაღაც უცნაურს დაინახავდი. თითქოს გარსი ძალიან თეთრი ჰქონდა და თან, გუგები ისე უტრიალებდა, რომ თითქოს თვითონ ამის შესახებ არ იცოდა და ვერც გააჩერებდა. ამაზრზენი! როდესაც სახეზე დავაშტერდი, დავინახე, რომ მარცხენა გუგა ცხვირისკენ ჩამოუვიდა, მეორე გუგა კი შეეცადა, თავის ადგილზე დარჩენილიყო. მხოლოდ შეეცადა, რადგან ადგილზე ტრიალი დაიწყო. ბოლოს ვიკითხე:

– რას დალევთ? რა გესიამოვნებათ? ცოტ-ცოტა ყველაფერი გვაქვს. დალევაზე უარს არ ვამბობთ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11