იმ რთულ დროს წერდით?

ღამით ვმუშაობდი და დღისით სკოლაში დავდიოდი. ჩვენ სულ ვმუშაობდით. ჩემი ცოლიც სულ შრომობდა, ბავშვებს ზრდიდა და სახლს უვლიდა. სატელეფონო კომპანიაში მუშაობდა. დღისით ბავშვები ძიძასთან იყვნენ. ბოლოს, როცა ჰუმბოლთის სახელმწიფო კოლეჯის დიპლომი ავიღე, ყველაფერი მანქანაში ჩავყარეთ და აიოვაში გადავედით. ჩემმა მასწავლებელმა, დიკ დეიმ აიოვას მწერალთა ვორქშოფის შესახებ ინფორმაცია მომაწოდა. მანვე გაუგზავნა ჩემი რამდენიმე ლექსი დონ ჯასთისს, რომელიც ვორქშოფის ხუთას დოლარიან გრანტს ანაწილებდა.

 

გრანტი ხუთას დოლარს შეადგენდა?

დიახ, სულ ეს იყო, თუმცა მაშინ ბევრი მეჩვენებოდა. მეორე წელს მეტი შემომთავაზეს, მაგრამ ვერ დავრჩი. ჩემი ცოლი მიმტანად მუშაობდა, მე კი ბიბლიოთეკაში, სადაც საათში ერთ თუ ორ დოლარს მიხდიდნენ. დიპლომის ასაღებად კიდევ ერთი წელი მჭირდებოდა და უკან, კალიფორნიაში დავბრუნდით. სამი წელი საავადმყოფოში ღამის სანიტრად ვიმუშავე.  ძალიან კარგი სამსახური მქონდა, მხოლოდ სამი საათი თუ მიწევდა მუშაობა, და რვა საათისას კი მიხდიდნენ. სახლში მეძინა და ვწერდი. ბავშვები ძიძასთან იყვნენ, ჩემი ცოლი კი სამსახურში, კარდაკარ დადიოდა და რაღაცებს ყიდდა. მთელი დღე შემეძლო მეწერა. რაღაც პერიოდი ბევრს ვწერდი, მაგრამ მერე მორიგეობიდან სახლში კი არა, დასალევად დავიწყე სიარული. უკვე 1967  თუ 68 წელი იყო.

 

პირველი მოთხრობა როდის გამოაქვეყნეთ?

მაშინ ჰუმბოლთში ვიყავით. ერთ ჟურნალში მოთხრობა გამოქვეყნდა, მეორეში კი ლექსი. საოცარი დღე იყო!. ერთ-ერთი საუკეთესო ჩემს ცხოვრებაში. მე და ჩემი ცოლი დავდიოდით და ჟურნალებიდან მოსულ წერილებს ყველას ვაჩვენებდით. ამ წერილებმა ჩვენს ცხოვრებას მნიშვნელობა შესძინა.

 

რომელი მოთხრობა და ლექსი იყო?

მოთხრობა სახელად პასტორალი, ის ჟურნალმა Western Humanities Review დაბეჭდა. კარგი ჟურნალი იყო, იუტას უნივერსიტეტი გამოსცემდა. ჰონორარი არ გადაუხდიათ, მაგრამ ეს არ მაინტერესებდა. ლექსს ერქვა თითბერის ბეჭედი. არიზონას ლიტ. ჟურნალმა Targets  დაბეჭდა. იგივე ნომერში დაიბეჭდა ჩარლზ ბუკოვსკი. ამან გამაგიჟა, რადგან მაშინ ბუკოვსკი ჩემი გმირი იყო.

 

რას იტყვით თქვენი სტატიის შესახებ, რომელიც The New York Times Book Review ში დაიბეჭდა, სადაც ხსნით, თუ რატომ არჩიეთ მოთხრობების წერა რომანების წერას.

საკმაოდ გრძელი სტატიაა და თანაც, არის რაღაც საკითხები, რომლის შესახებ საუბარიც ახლა არ მინდა. ამის შესახებ ჩემს ესეში Fires დავწერე, რომელიც Antaeus-ში დაიბეჭდა. იქ ვამბობ, რომ საბოლოოდ, მწერლის შესახებ იმის მიხედვით მსჯელობენ, თუ რა დაწერა. ყოველ შემთხვევაში, ასე უნდა იყოს. მოვლენები, რომელიც მწერლის ირგვლივ ვითარდება, სულ სხვა რამაა და ლიტერატურას არ ეხება. ჩემთვის არავის უთხოვია, მწერალი გახდიო. მაგრამ ვცდილობდი, თუმცა ძალიან ძნელი იყო, ცოცხალიც დავრჩენილიყავი,  გადასახადებიც გადამეხადა, სუფრაზე საჭმელიც მქონოდა, და თან ჩემი თავი მწერლად მიმეჩნია და წერაც მესწავლა. წლების განმავლობაში საშინელ სამსახურებში ვმუშაობდი, ბავშვებს ვუვლიდი და  ვცდილობდი, მეწერა. არანაირი შანსი არ მქონდა,  რომანებს შევჭიდებოდი და ორი-სამი წელი ერთი რამეზე მემუშავა.  ისეთი ნაწარმოები უნდა შემექმნა, რაშიც მაშინვე გადამიხდიდნენ. ასეთი იყო ლექსები და მოთხრობები. რთული იყო, რადგან  თან წერის დაუძლეველი სურვილი მქონდა – აუცილებელი დრო და ადგილი კი არა. ხშირად, მანქანაში განვმარტოვდებოდი ხოლმე, მუხლებზე მედო რვეული და ისე ვწერდი. ეს უკვე მაშინ, როცა ბავშვები წამოიზარდნენ. მე ასე ოცდაათის ვიქნებოდი. ფინანსურად ძალიან გვიჭირდა, არაფერი გაგვაჩნდა  ძველი მანქანის გარდა, დაქირავებულ სახლში ვცხოვრობდით და ახალ-ახალი კრედიტორები გვემატებოდა. უაღრესად დეპრესიული გარემოში აღმოვჩნდით და მე სულიერად არაერთხელ დავცემულვარ. ამასთან, ჩემთვის ალკოჰოლიც პრობლემა გახდა. მთელ დღეებს სმაში ვატარებდი. აი, ესაა, რაზეც ვთქვი, რომ არის საკითხები, რომლის შესახებაც საუბარი არ მინდა.

 

შეიძლება ალკოჰოლზე ვილაპარაკოთ? უამრავი მწერალი, მართალია, ალკოჰოლზე დამოკიდებული არ არის, მაგრამ ძალიან ბევრს სვამს.

ალბათ გაგიკვირდებათ, მაგრამ იგივეს ვიტყოდი სხვა პროფესიის წარმომადგენლებზეც. რა თქმა უნდა, არსებობს მითები, რომ თუ მწერალი ხარ, აუცილებლად ბევრი უნდა დალიო, მაგრამ მე ამას არ ვეთანხმები. მე მწერლობის გამო არ ვსვამდი. სმა მაშინ დავიწყე, როცა მივხვდი, რომ ის გეგმები და ოცნებები, რომელიც ჩემს ოჯახთან და შემოქმედებასთან დაკავშირებით მქონდა, არასოდეს განხორციელდებოდა. უცნაურია. არასოდეს ისახავ მიზნად, რომ ან გაკოტრდე, ან გახდე ალკოჰოლ-დამოკიდებული, ან ქურდი, ან თაღლითი. ან მატყუარა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11