რელიგიური ხართ?

არა, მაგრამ სასწაულებისა და მკვდრეთით აღდგომის კი უნდა მწამდეს. ამაში ეჭვიც კი არ მეპარება. ყოველ დილით, როცა ვიღვიძებ, ბედნიერი ვარ. ამიტომ მიყვარს ადრე გაღვიძება. როდესაც ვსვამდი, კანკალით მეღვიძებოდა.

 

როგორ იქცევით,როდესაც თქვენი მეგობარი წერს ისეთ ნაწარმოებს, რომელიც არ მოგწონთ?

არაფერს ვამბობ თუ თავად არ მკითხავს, დიდი იმედი კი მაქვს, რომ არ მკითხავს. თუ მკითხავს, მაშინ ისე უნდა ვუპასუხო, რომ ჩვენს მეგობრობას არაფერი დააკლდეს. გინდა, რომ შენმა მეგობარმა წარმატებას მიაღწიოს, კარგად წეროს, მაგრამ ზოგჯერ ასე არ ხდება და გეშინია, რომ შენ ვერაფრით დაეხმარები.

 

ლექსებს ისევ წერთ?

დიახ, მაგრამ ბევრს არა, მინდა უფრო მეტი ლექსი ვწერო. თუ ულექსოდ დიდი დრო გავა, ასე, ექვსი თვე, ვნერვიულობ ხოლმე, მაქვს განცდა, რომ ლექსების წერას გადავეჩვიე და შიში მიპყრობს. მერე ვჯდები და ვცდილობ, ლექსი დავწერო.ჩემს წიგნში Fires შედის ყველა ის ლექსი, რომელიც ჩემთვის ძვირფასია.

 

როგორ შეიცვალეთ მას მერე, რაც ცნობილი მწერალი გახდით?

ამის გაგონება უხერხულ მდგომარეობაში მაგდებს. როდესაც  წერა დავიწყე, ბევრს არაფერს ველოდი. აბა, როგორ შეიძლება, შორს წახვიდე მოთხრობების წერით? რას უნდა მიაღწიო? ამასთან, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენაც არ მქონია, განსკუთრებით, თუ სმის ამბებსაც გავიხსენებთ. ამის გათვალისწინებით, სულ მიკვირს ჩემი მწერლად აღიარება. წიგნის რაზე ვლაპარაკობთ, როცა სიყვარულზე ვლაპარაკობთ  წარმატების შემდეგ თვითრწმენა მომემატა. ყოველი წარმატება მიძლიერებს სურვილს, რომ მეტი და უკეთ ვიმუშაო და ძალასაც მმატებს. ხომ ხვდებით, რასაც ვამბობ? აღიარება – მოდით ვთქვათ – უფრო სწორად, ჩემს მიმართ ინტერესი და ყურადღება – ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. მე შევიძინე საკუთარი თავის რწმენა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ამ წიგნის წარმატების შემდეგ პირველი მოთხრობა, რომელიც დავწერე, იყო კათედრალი, რომელიც, მე მგონი, კონცეფციითა და შესრულებით სრულიად განსხვავებულია ყველა იმ მოთხრობისგან, რაც მანამდე დამიწერია. ერთ-ერთმა კრიტიკოსმა მინიმალისტი მწერალი მიწოდა, რაც ძალიან არ მომწონს. მას უნდოდა, ჩემთვის კომპლიმენტი ეთქვა, მაგრამ ვფიქრობ, ეს ტერმინი ხედვისა და წერის ტექნიკის სიმწირეს გულისხმობს და ამიტომ ვერ მივიღებ. ჩემი მოთხრობების მეორე კრებული კათედრალი თვრამეტ თვეში დავწერე.

 

თქვენი მოთხრობები გავლენას ახდენს ადამიანებზე? როგორ ფიქრობთ, თქვენი წიგნები შეცვლის ვინმეს? 

არ ვიცი. ეჭვი მეპარება. ცვლილება პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, ალბათ. შესაძლოა, ადამიანის ან მისი ცხოვრების ცვლილება ამ გზით საერთოდ არანაირად არ ხდებოდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ხელოვნება ხომ გართობის საშუალებაა შემქმნელისთვისაც და მომხმარებლისთვისაც, როგორც ბილიარდი ან ბოულინგი, მაგრამ ისინი უფრო მაღალი  ხარისხის გართობის ფორმაა. არ ვამბობ, რომ მათში სულიერი საზრდო არ არის, რა თქმა უნდა, არის.  ბეთჰოვენის კონცერტის მოსმენა, ვან გოგის ტილოს თვალიერება, ბლეიკის ლექსების კითხვა და ბრიჯისა და ბოულინგის თამაში სხვადასხვა რამაა, მაგრამ ხელოვნება გართობასაც მოიცავს.  ვცდები? არ ვიცი. მახსოვს, როდესაც სადღაც, ოციდან ოცდაათ წლამდე ვიყავი, სტრინდბერგის პიესებს, მაქს ფრიშის რომანსა და რილკეს პოეზიას ვკითხულობდი, ბარტოკის მუსიკას მთელი ღამე ვუსმენდი, მიქელანჯელოსა და სიქსტის კაპელას შესახებ სპეციალურ ტელეგადაცემებს ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ ჩემი ცხოვრება უნდა შეცვლილიყო. რა თქმა უნდა, ხელოვნების ნიმუშებს ჩემი ცხოვრება არ შეუცვლია, უბრალოდ, შანსი არ იყო, რომ მათი გავლენით  სხვა ადამიანი არ გავმხდარვიყავი. ძალიან მალე აღმოვაჩინე, რომ ხელოვნებასთან ზიარებით ჩემი ცხოვრება არ შეიცვლებოდა, ყოველ შემთხვევაში, მე ამის დანახვა არ შემეძლო.  მერე  მივხვდი, რომ ხელოვნება იყო ის, რასაც უნდა გავყოლოდი, როცა ამის დრო და საშუალება მექნებოდა. ხელოვნება ჩემთვის იყო ფუფუნება და ის ვერც მე და ვერც ჩემს ცხოვრებას ვერ შეცვლიდა. მგონი, მე ვარ  მაგალითი, რომ თავად ხელოვნება ცხოვრებისეულ მოვლენებს არ ცვლის. მე წამითაც კი არ მჯერა შელიანის  აბსურდული განცხადების, რომ პოეტები ამ სამყაროს არაღიარებული კანონმდებლები არიან. ეს რა განცხადებაა!  ისაკ დინესენმა ერთხელ თქვა, რომ ის ყოველდღე წერდა, არც დიდი იმედით და არც სასოწარკვეთით. ეს მომწონს. არ ვიცი, თუ ოდესმე ყოფილა, მაგრამ ის დრო წავიდა, როდესაც რომანს, პიესას ან პოეზიას შეეძლო სამყაროს ან ადამიანის შესახებ წარმოდგენა შეეცვალა. იქნებ, საჭიროა იმ განსაკუთრებული ადამიანებს შესახებ წერა, რომლებსაც განსაკუთრებული ცხოვრება აქვთ, რათა ცხოვრების კონკრეტული ასპექტები უკეთ გავიგოთ. მგონი, სულ ესაა, რასაც მოვახერხებთ. არ გამოვრიცხავ, რომ პოეზიას უფრო დიდი გავლენა აქვს ადამიანზე. ტესი (ტეს გალაჰერი, რეიმონდ კარვერის მეუღლე) იღებს მკითხველთა წერილებს, სადაც ზოგიერთი ამბობს, რომ მისმა ლექსებმა ისინი თვითმკვლელობას გადაარჩინა. ეს სხვა რამ უნდა იყოს. კარგ ლიტერატურას ნაწილობრივ, ახალი ამბები ერთი სამყაროდან მეორეში გადააქვს. თუმცა, არა მგონია, გლობალური ცვლილებები ლიტერატურის საშულებით ხდებოდეს. არა მგონია, ვინმემ პოლიტიკური მრწამსი შეიცვალოს, ან პოლიტიკური სისტემა შეცვალოს, ან ვეშაპები გადაარჩინოს, ან ბუნება დაიცვას. არა. და არც ის მგონია, რომ ეს ხელოვნების მოვალეობა იყოს. ჩვენ გვჭირდება ლიტერატურა იმ უდიდესი სიამოვნებისთვის, რასაც მწერალი წერის, ხოლო მკითხველი კი კითხვის დროს განიცდის, რადგან ლიტერატურა მარადიულია და მშვენიერია.

 

ინგლისურიდან თარგმნა დალილა გოგიამ

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11