ჩვენ ისევ ტელევიზორს მივაჩერდით. ჩემმა ცოლმა ისევ დაამთქნარა.

– ლოგინი გაშლილია და როცა გინდა, შეგიძლია დაწვე, რობერტ. დღეს გრძელი დღე გქონდა. როცა დაწოლა მოგინდება, მითხარი. მკლავზე მოქაჩა. – რობერტ?

უსინათლო კაცი თითქოს გონზე მოვიდა და ამოთქვა:

– ძალიან კარგია თქვენთან. მაგნიტოფონის ჩანაწერზე უფრო სუფთაა, არა?

– ახლა შენი რიგია, რობერტ. – ვუთხარი და ხელში სიგარეტი ჩავუდე. შეისუნთქა, ბოლი კარგა ხანს შეიკავა და მერე ამოუშვა. ისე გამოუვიდა, თითქოს ცხრა წლიდან სულ ასე ეწეოდა.

– დიდი მადლობა, ძმაო. – ხმა ძლივს ამოიღო. – მგონი, მეყოფა, უკვე გაჭრასავით. – და ჩემ ცოლს გადააწოდა.

– მეც მეყოფა. მატრიალებს. – სიგარეტი გამოართვა და გადმომაწოდა. – ცოტა ხანი აქ ვიჯდები, თქვენს შორის, კარგი? ყურადღებას ნუ მომაქცევთ. თუ ხელს გიშლით, მითხარით, არ მოგერიდოთ, თორემ, იცოდეთ, თვალდახუჭული ვიჯდები აქ, ვიდრე არ დაწვებით. შენი ლოგინი გაშლილია, რობერტ, შენი ოთახი ჩვენი ოთახის გვერდითაა, ზუსტად კიბის თავში. ჩვენ აგიყვანთ, როცა მოინდომებ. თუ ჩამეძინა, გამაღვიძეთ. – თქვა, თვალები მილულა და მიეძინა.

ახალი ამბების გადაცემა დასრულდა. წამოვდექი და ტელევიზორი გადავრთე. ჩემ ცოლს თავი დივანის ზურგზე ედო და პირდაღებულს ეძინა. ნეტა, არ დაეძინა! ძილში ოდნავ მიბრუნდა, ხალათი გადაეხსნა და ხორციანი თეძო გამოუჩნდა. დავიხარე და ხალათი გავუსწორე, თან თვალი უსინათლო კაცისკენ გავაპარე. ღმერთო ჩემო, მაინც რამ გამომაშტერა! ხალათი ისევ გავუხსენი.

– რიჩარდ, თუ მარწყვის ტარტი გინდა, არ მოგერიდოს. – მივმართე უსინათლო კაცს.

– რა თქმა უნდა. – მიპასუხა.

– ხომ არ დაიღალე? დასაძინებლად ხომ არ აგიყვანო? – ვკითხე.

– არა, ჯერ არა. შენთან ერთად ვიქნები აქ, ძმაო. თუ წინააღმდეგი არ ხარ. ვიდრე შენ არ დაიძინებ, მეც აქ დავრჩები. მე და შენ ორი სიტყვაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მთელი საღამო ჩემს ამბებს ვყვებოდი. – წვერი აიწია და მკერდზე დაიგდო. მერე სიგარეტს და სანთებელას დაწვდა.

– კი ბატონო, როგორც იტყვი, მე ძალიან მსიამოვნებს შენთან ყოფნა. – ვუთხარი.

სიმართლე ვთქვი. ყოველ საღამოს ვეწეოდი ბალახს და გვიანობამდე არ ვიძინებდი. მე და ჩემი ცოლი ერთდროულად თითქმის არასოდეს ვწვებოდით. როგორც კი ჩამეძინებოდა, ერთსა და იგივე სიზმრებს ვნახულობდი, ზოგჯერ, გულამოვარდნილს გამეღვიძებოდა ხოლმე.

ტელევიზორში რაღაც გადაცემა მიდიოდა შუა საუკუნეების ეკლესიებზე. ასეთ რამეებზე არ ვგიჟდებოდი. აქეთ-იქით გადავრთე, მაგრამ საინტერესოს ვერაფერს წავაწყდი. ისევ უკან გადმოვრთე და ბოდიში მოვიხადე.

– არაფერია, ძმაო, – მითხრა უსინათლო კაცმა. – რაც გინდა, ის დატოვე, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე ყველაფრიდან რაღაცას ვსწავლობ. სწავლის პროცესი უსასრულოა. ახალი ინფორმაცია არ დამაზარალებს, სმენა კარგი მაქვს.

ცოტა ხანს ჩუმად ვისხედით. ის ჩემსკენ გადმოხრილი იჯდა, მარჯვენა ყური ტელევიზორისკენ ჰქონდა მიშვერილი. ეს კაცი რაღაცნაირად მაბნევდა. შიგადაშიგ თვალებს ნაბავდა და ახელდა. შიგადაშიგ, წვერს იღებდა და მკერდზე იგდებდა, თითქოს დააფიქრა იმან, რასაც ისმენდა.

ეკრანზე გრძელ, ქუდიან მოსასხამებში გამოწყობილ ადამიანებს ჩონჩხისა და ეშმაკის ფორმებში გადაცმული ხალხი აწამებდა. მათ ეშმაკის ნიღბები ეკეთათ, თავზე რქები ედგათ, უკან გრძელი კუდები ჰქონდათ მიმაგრებული. მშვენიერი კარნავალი მოიფიქრეს. ინგლისელი მთხრობელი ამბობდა, რომ ასეთი ამბავი ესპანეთში წელიწადში ერთხელ ხდებოდა. ვეცადე, უსინათლო კაცისთვის ამეხსნა, რაც ტელეეკრანზე ჩანდა.

– ჩონჩხი? ვიცი რაც არის ჩონჩხი. – თავი დამიქნია.

ტელევიზორში დიდი საკათედრო ტაძარი გამოჩნდა. შემდეგ მეორე ტაძარი აჩვენეს. კადრები ნელა, დიდხანს ენაცვლებოდა ერთმანეთს. ბოლოსთვის მოიტოვეს პარიზის მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული კათედრალი დიდებული მფრინავი საყრდენებითა და ღრუბლებში გასული გუმბათებით.ტელეკამერამ უკან დაიხია და გამოჩნდა, როგორ კვეთდა კათედრალი ცის კაბადონს.

დრო და დრო გადაცემის წამყვანი ენას ჩაიგდებდა ხოლმე და საშუალება მეძლეოდა, ხედებით დავმტკბარიყავი, როცა კამერა ტაძარს გარს უვლიდა. ამას გარდა, აჩვენებდნენ სოფლის ხედებს და კაცებს მინდვრებში, გუთანში შებმულ ხარებს უკან რომ მიყვებოდნენ. რამდენი ხანიც შევძელი, დავიცადე. მერე ვერ მოვისვენე, თავი ვალდებულად ვიგრძენი, რაღაც მეთქვა.

– ახლა კათედრალს გარედან აჩვენებენ. – ავუხსენი უსინათლო კაცს. – ფასადზე პატარა ქანდაკებები მონსტრებს გვანან. ეს ტაძარი მგონი, იტალიაშია. ჰო, იტალიაში. ამ ეკლესიაში კედლები მოხატულია.

– ფრესკებია, ძმაო? – მკითხა და სასმელი მოსვა.
ჩემს ჭიქას დავწვდი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დამიცლია. ვეცადე, გამეხსენებინა, რისი გახსენებაც შემეძლო.

– რა მკითხე? ფრესკებია თუ არა? კარგი შეკითხვაა. არ ვიცი. – ვუპასუხე.

კამერა უკვე ლისაბონის გარეუბნის კათედრალს იღებდა. პორტუგალიისა და იტალიურ-ფრანგულ ტაძრებს შორის დიდი სხვაობა არ მეჩვენა. განსაკუთრებით, ინტერიერში. არ ვიცი, რა დამემართა, მაგრამ უცებ უსინათლო კაცს ვკითხე:

– იცი, კათედრალი რა არის? ან როგორია? გესმის? როდესაც ვინმე ტაძარს ახსენებს, ხვდები, რაზეა ლაპარაკი? იცი, ვთქვათ, ბაბტისტურსა და ამ ეკლესიებს შორის რა განსხვავებაა?

პირიდან კვამლის რგოლები გამოუშვა.

– ვიცი, რომ ასობით ადამიანი ორმოცდაათი თუ ასი წელი აშენებდა. – მითხრა მერე. – რა თქმა უნდა, გავიგონე, ის კაცი ისტორიებს რომ ყვებოდა. ისიც ვიცი, რომ ერთი ოჯახის რამდენიმე თაობა რომ აშენებდა ერთ ტაძარს. ესეც იმ კაცმა თქვა. ზოგმა მთელი ცხოვრება შეალია მშენებლობას და დასრულებას ვერ მოესწრო. ამ კუთხით ჩვენგან არაფერით განსხვავდებიან, არა, ძმაო? – გაეცინა და თვალები დაეხუჭა. თავი ჩაქინდრა და მომეჩვენა, რომ ჩათვლიმა. ალბათ თავი პორტუგალიაში წარმოიდგინა. ტელევიზორში შემდეგი ტაძარი გამოჩნდა. ამჯერად უკვე გერმანიაში. წამყვანის მონოტონური ხმა ისევ გაისმა.

– საკათედრო ტაძრები. – ეს კი უსინათლო კაცი იყო. წამომჯდარიყო და თავს წინ და უკან აქნევდა. – თუ სიმართლე გაინტერესებს, ძმაო, სულ ესაა რაც ვიცი. რაც ვიცოდი, ყველაფერი ვთქვი. მხოლოდ ის, რაც ამ გადაცემიდან გავიგე. იქნებ ამიღწერო, ზუსტად რა არის ტაძარი? იქნებ მითხრა. სიმართლე თუ გინდა, ვერაფრით ვერ ვხვდები, რა შეიძლება იყოს.

მზერა ტელევიზორის ეკრანზე მიმეყინა. საიდან უნდა დამეწყო? მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ჩემი სიცოცხლე ამაზე იყო დამოკიდებული. წარმოვიდგინე, რომ ვიღაც შეშლილი მემუქრებოდა და სხვა გზა არ მქონდა.

ეკრანს მანამდე ვერ მოვწყდი, ვიდრე კადრები სოფლის პეიზაჟებზე არ გადავიდა. მივხვდი, რომ ტელევიზორის ყურება ვერაფერში დამეხმარებოდა. უსინათლო კაცს მივუბრუნდი.

– დავიწყოთ იმით, რომ ყველა კათედრალი უსაშველოდ მაღალია, – და ოთახი მოვათვალიერე, რომ ხელმოსაჭიდი მენახა რამე. – ცამდე ადის. თან უზარმაზარია, ზოგიერთი განსაკუთრებით. და უზარმაზარ სვეტებზე დგას, თუ ბჯენები ქვია. აუცილებელია, რომ მყარად იდგეს. რაღაცნაირად, თითქოს ესტაკადას გავს ამ საყრდენებით. თუმცა, ალბათ არც ეს იცი? ზოგ კათედრალს ეშმაკი აქვს წინ ამოტვიფრული. ზოგს სამეფო ოჯახის წევრები. მაგრამ ნუ მკითხავ, რატომ.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11