და თქვენ ეს ყველაფერი  იყავით?

 კი, ვიყავი, მაგრამ აღარ ვარ. კი ვიტყუები ხოლმე, როგორც სხვები.

 

რამდენი ხანი გავიდა, რაც სმას თავი დაანებეთ?

1977 წლის 2 ივნისი იყო. სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ეს მეამაყება. მე გამოჯანმრთელებული ალკო-დამოკიდებული ვარ. მუდამ ალკო-დამოკიდებული ვიქნები, მაგრამ არ ვარ მსმელი ალკო-დამოკიდებული. ჩემთვის რთულია, გავიხსენო რაღაც ფაქტები, რაც სმასთანაა დაკავშირებული. ყველაფერს ვანადგურებდი, და მალე გასანადგურებელიც აღარაფერი დამრჩა. სულ მარტივად რომ მიგახვედროთ, სადამდე მივედი, გეტყვით, რომ ბოლოს მოვხვდი პოლიციაში, რეანიმაციაში, სასამართლოში.

 

და როგორ დაანებეთ თავი? როგორ შეძელით?

1977 წელს სარეაბილიტაციო ცენტრში ორჯერ, ხოლო საავადმყოფოში კი ერთხელ გავიარე მკურნალობის კურსი. მაშინ სრულად მქონდა დაკარგული საკუთარ თავზე კონტროლი და შედეგიც, შესაბამისად საშინელი იყო. მახსოვრობაში ჩავარდნები მქონდა, ვერ ვიხსენებდი, სად ვიყავი და როდის ვიყავი, თუ, საერთოდ არ ვყოფილვარ. მანქანას ატარებ, შემოქმედებით საღამოებზე გამოდიხარ, კითხულობ, ვიღაცასთან წევხარ, ფეხი გტყდება, მაგრამ მერე არაფერი გახსოვს. თითქოს ავტოპილოტით ცხოვრობ.  მახსოვს მაშინდელი ჩემი თავი – ვისკის ჭიქით ხელში ვზივარ და თავი მივარდება, ისეთი მთვრალი ვარ. რა სიგიჟეა. თორმეტი თვე გავატარე კალისტოგას სარეაბილიტაციო ცენტრებსა და საავადმყოფოში სან-ჰოსესა და სან-ფრანცისკოში.  ძალიან ცუდად ვიყავი, ვკვდებოდი – არ ვაჭარბებ.

 

რამ მიგიყვანათ იმ აზრამდე, რომ სმისთვის თავი სამუდამოდ უნდა დაგენებებინათ?

1977 წლის მაისში  მარტო ვცხოვრობდი ჩრდილოეთ კალიფორნიის პატარა ქალაქში. დაახლოებით სამი კვირა არ დამილევია. სან-ფრანცისკოში გამომცემელთა შეკრებაზე მანქანით წავედი. ფრედ ჰილსს, გამომცემლობა McGraw-Hill-ის მაშინდელ დირექტორს ჩემთან ლანჩზე შეხვედრა უნდოდა, რომ რომანის დაწერა შემოეთავაზებინა. მაგრამ ორი დღით ადრე, ჩემმა ერთმა მეგობარმა წვეულება გამართა, სადაც მე ერთი ჭიქა ღვინო დავლიე. ესაა, რაც ბოლოს მახსოვს. გონება დამიბნელდა. მეორე დღეს, მაღაზიები რომ გაიხსნა, უკვე კართან ვიდექი სასმელის საყიდლად. იმ საღამოს ვახშამზე რაღაც საშინელება მოხდა, მახსოვს,  ჩემს გამო  ხალხი გარბოდა. მეორე დღეს მქონდა ჰილსთან შეხვედრა. თავი მისკდებოდა, ფეხზე ძლივს ვიდექი, ამიტომ, არაყი გადავკარი. ცოტა უკეთ გავხდი და ფრედ ჰილსს გავუარე. მან საუსალიტოში მოინდომა ლანჩზე წასვლა. ამისთვის ასე ერთი საათი დაგვჭირდა. მე თან მთვრალი ვიყავი, თან ნაბახუსევი. გესმით, ალბათ.  თუმცა, ჰილსმა მაინც, ჩემი მდგომარეობის მიუხედავად, მისი გამომცემლობისთვის  რომანის დაწერა შემომთავაზა.

 

ოდესმე რომანი დაგიწერიათ?

არა, არა! იმ შეხვედრის შემდეგ, როგორც იყო,  სან-ფრანცისკოდან სახლამდე მივაღწიე და სმა განვაგრძე. მახსოვს, როცა გამეღვიძა, საშინლად ვიყავი, ფიზიკურადაც და მორალურადაც, მაგრამ მაინც აღარაფერს გავეკარე, არანაირ ალკოჰოლს. სამი დღე  არ დამილევია. მესამე დღეს ოდნავი უკეთესობა ვიგრძენი, თავი ხელში ავიყვანე და უბრალოდ, სასმელს აღარ მივკარებივარ. ნელ-ნელა გამოვიმუშავე, როგორ დამეცვა მანძილი ჩემსა და სასმელს შორის. ასე გავიდა ერთ თვე, ძალიან ნელა, მაგრამ მაინც უკეთ და უკეთ ვხდებოდი.

 

მკურნალობამ და  ალკო-დამოკიდებულთა ანონიმურმა თერაპიამ გიშველათ?

დიახ, ძალიან მიშველა. თავიდან, დღეში ორ სეანსს ვესწრებოდი ხოლმე.

 

ხომ არ მიგაჩნიათ, რომ ალკოჰოლი რაღაც კუთხით, შთაგონებაც იყო თქვენთვის? მახსენდება თქვენი ლექსი – არაყი.

არა, ღმერთო ჩემო, არა!

 

ამ სეანსებმა ხომ არ მოახდინა გავლენა თქვენს მოთხრობებზე?

სხვადასხვა სახის სეანსები გვქონდა. ზოგჯერ მხოლოდ ერთი ადამიანი ლაპარაკობდა ასე, 50 წუთი. ზოგჯერ ყველა თავის ამბავს ყვებოდა. უნდა ვთქვა, რომ მე არასოდეს გამომიყენებია  მათი მონათხრობი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11