აბა, საიდან მოდის თქვენი მოთხრობები? მხედველობაში მაქვს ისინი, რომლებიც სმას ეხება. 

რა თქმა უნდა, ჩემს მოთხრობებში აღწერილი არც ერთი ამბავი  რეალურად არასოდეს მომხდარა. თუმცა, ყოველთვის არის რაღაც, მცირე დეტალი, რაც მინახავს, ან გამიგონია, და რამაც შეიძლება მოთხრობის წერა დამაწყებინა. მაგალითად, ფრაზა: იცოდე, ეს ბოლო შობაა, რომელსაც ჩაგვაშხამებ!  სიმთვრალეში გავიგონე და გონებაში ჩამრჩა. მოგვიანებით, როდესაც გამოვფხიზლდი,  ეს ერთადერთი რეალური წინადადება გამოვიყენე, დანარჩენი კი წარმოვიდგინე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო და ასე დავწერე მოთხრობა – სერიოზული საუბარი. მე მყავს საყვარელი ავტორები – ტოლსტოი, ჩეხოვი, ბარი ჰანა, რიჩარდ ფორდი, ჰემინგუეი, ისააკ ბაბელი, ენ ბიტი, ენ ტაილერი და ა.შ. მათი შემოქმედება,  ჩემთვის, გარკვეულ დონეზე ავტობიოგრაფიულია. არც ერთი ნაწარმოები, მოკლეა ის თუ გრძელი, შიშველ ადგილას არ იქმნება.  მახსოვს, მე და ჯონ ჩივერი ვსაუბრობდით. აიოვაში მრგვალ მაგიდას გარშემო ვუსხედით და მან თქვა, რომ  ოჯახში ჩხუბის მერე, დილით, აბაზანის სარკეზე მისი  ქალიშვილს პომადით დაწერილი წინადადება დახვდა – ძიფასო მამიკო, არ მიგვატოვო. ვიღაცამ უთხრა, რომ ეს ეპიზოდი მისი მოთხრობიდან ახსოვდა, რაზეც ჩივერმა უპასუხა, ყველაფერი, რასაც ვწერ, ავტობიოგრაფიულიაო. რა თქმა უნდა, ეს მთლიანად ასე არ არის. მე სულაც არ ვარ ავტობიოგრაფიული ნაწარმოებების წინააღმდეგი. პირიქით. გავიხსენოთ გზაზე, სელინი, როთი, ლორენს დარელი, ჰემინგუეის ნიკ ადამსის ისტორიები. აპდაიკიც. ჯიმ მაკ-კონკი, კლარკ ბლეიზი – თანამედროვე მწერალი. ბუნებრივია, უნდა იცოდე, რას აკეთებ, როცა შენს ცხოვრებას ლიტერატურად აქცევ. უნდა გქონდეს უდიდესი გამბედაობა, პროფესიონალიზმი, წარმოსახვა და სურვილი, რომ შენი ამბავი სხვებს უამბო. როცა ახალგაზრდა ხარ, წერ იმაზე, რაც კარგად იცი, და რა შეიძლება იცოდე უკეთ, ვიდრე საკუთარი საიდუმლოებები? მაგრამ თუ განსაკუთრებული მწერალი ხარ და ძალიან ნიჭიერი, მაშინ საშიში ხდება ჩემი ცხოვრების ამბების მრავალტომეულის წერა. მხოლოდ საკუთარი ამბების წერა ბევრი მწერლისთვის გამხდარა დამღუპველი ცდუნება. ჩემი გადმოსახედიდან, ლიტერატურაში მცირე ავტობიოგრაფიული დეტალები და მეტი წარმოსახვა გაცილებით უკეთესია.

 

თქვენი პერსონაჟები ცდილობენ რამე მნიშვნელოვანი გააკეთონ?

მგონი, ცდილობენ. მაგრამ ერთია, ეცადო, და მეორე – გამოგივიდეს.  ზოგჯერ ადამიანებს ყველაფერი გამოსდით და ეს დიდი ბედნიერებაა. ზოგჯერ ის რაღაც, რაც ყველაზე მეტად სურთ, არ გამოსდით. ალბათ ღირს, დაწერო იმ ადამიანების ცხოვრებაზე, ვინც წარმატებას ვერ მიაღწია. მე თავად, პირდაპირ თუ ირიბად, ამ კატეგორიას მივეკუთვნები. მიმაჩნია, რომ ჩემს გმირებს სურთ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგან. თუმცა, ამავდროულად, მათ მიაღწიეს იმ წერტილს, როდესაც იციან, რომ ვერაფერს შეცვლიან, აღარაფერი გამოსდით. მიზნები, რომლებიც ერთ დროს დაისახეს და რომლისთვისაც სიცოცხლესაც კი არ დაინანებდნენ, ახლა არაფრად უღირთ. მათი ცხოვრება განადგურების პირასაა, უნდათ ყველაფერი გამოასწორონ და ვერ ახერხებენ. ეს ყველაფერი გაცნობიერებული აქვთ და მაინც არ ნებდებიან, იბრძვიან, ძალას არ იშურებენ.

 

შეგიძლიათ მითხრათ, ჩემი ერთ-ერთი  საყვარელი მოთხრობის „რატომ არ ცეკვავთ?“ იდეა საიდან მოვიდა? 

1970-იანების ბოლოს ჩემს მეგობარ მწერლებთან ერთად ვიყავი. ვისხედით, ვსვამდით და ვიღაცამ გვიამბო ბარის მიმტანის ამბავი, რომელსაც სახელად ლინდა ერქვა. ის თავის შეყვარებულთან ერთად დათვრა და ორივემ გადაწყვიტა, რომ მთელი ავეჯი ეზოში გაეზიდათ. მართლაც, ხალიჩა, ღამის ნათურა, საწოლი, ყველაფერი გაიტანეს. ოთხი თუ ხუთი მწერალი ვიყავით და როცა თხრობა დასრულდა, ვიღაცამ იკითხა: აბა, ამას ვინ დაწერს? არ ვიცი, სხვა ვინმე თუ  დაწერდა, მაგრამ მე კი დავწერე. მაშინვე არა, 4-5 წლის მერე. ბუნებრივია, რაღაც დავამატე, რაღაც გამოვაკელი. მკურნალობის შემდეგ დაწერილი პირველი მოთხრობა იყო.

 

როგორ წერთ? როგორ მუშაობთ ტექსტზე?

როდესაც ვწერ, ყოველდღე ვმუშაობ ტექსტზე. ასეთი დღეები მიყვარს, ისე გადის დრო, რომ ვერაფერს ვიგებ. ზოგჯერ არც ვიცი, რა დღეა ხოლმე. თუ არ ვწერ, როგორც ახლა, და ვასწავლი, როგორც ამ ბოლო დროს, ისეთი გრძნობა მაქვს, რომ არასოდეს არაფერი არ დამიწერია, და წარმოიდგინეთ, არც სურვილი მიჩნდება. ასეთ დროს ძალიან ცუდად ვიქცევი – გვიან ვიძინებ და გვიან ვიღვიძებ. მაგრამ არა უშავს, გამოვიმუშავე მოთმინების უნარი. მე მჯერა სიმბოლოების, ნიშნების. მგონი, ჩემი ნიშანი კუ უნდა იყოს. ხშირად არ ვწერ, მაგრამ თუ წერა დავიწყე, რამდენიმე დღე თორმეტ-თხუთმეტ საათს ვატარებ მაგიდასთან.  მიყვარს, როცა ასეთი პერიოდი მაქვს. ბევრ დროს შესწორებასა და რედაქტირებას ვანდომებ. არაფერი შეედრება, როცა მოთხრობას იღებ და თავიდან მუშაობ მასზე. იგივენაირად ვწერ ლექსებსაც. დასაბეჭდად გაგზავნას არ ვჩქარობ.  შეიძლება, რამდენიმე თვე ვასწორო, რაღაც ჩავამატო, რაღაც ამოვიღო. დაწერას ამდენ ხანს არ ვანდომებ. როგორც წესი, ერთ დაჯდომაზე ვასრულებ მოთხრობას, მაგრამ მოთხრობის სხვადასხვა ვერსიის დამუშავებას კი დიდ ხანს ვუთმობ. შესაძლოა ერთი მოთხრობის ოცი ან ოცდაათი ვარიანტი მქონდეს. ათ-თორმეტ ვარიანტზე ნაკლები არასოდეს დამიწერია. დიდი მწერლები გავიხსენოთ, მათაც ჰქონდათ ეს ჩვევა. მაგალითად, ტოლსტოი იყო ის, ვისაც თავისი ნაწარმოებების გადაკეთება უყვარდა. თუმცა, უყვარდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ ტექსტს ნამდვილად ცვლიდა. ომი და მშვიდობა რვაჯერ გადაასწორა. ასეთმა მაგალითებმა უნდა გაამხნევოს მწერლები, რომლებსაც თავისი შავი ვარიანტები საშინლად ეჩვენებათ. მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11