– ძმაო, მე სკოჩის მოყვარული ვარ. – საკმაოდ სწრაფად მიპასუხა.

– მშვენიერია.- ვუთხარი. ჰმ! ძმაო! – ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ სკოჩის მოყვარული იქნებოდით.

თითები თავის ჩემოდანზე გადაატარა, იქვე დივანთან რომ იდგა. გასაგებია, საკუთარ ქონებას თავისთან იგულებდა. ამის გამო არ ვადანაშაულებ.

– შენს ოთახში ავიტან. – შესთავაზა ჩემა ცოლმა.

– არა, არა არის საჭირო. – ისევ დაიგრგვინა უსინათლო კაცმა. როცა ავალ, მაშინ ავიტან.

– სკოჩში წყალი გავურიო? – ვკითხე.

– სულ ოდნავ. – მიპასუხა.

– ასეც ვიცოდი. – ვუთხარი.

– ძალიან, ძალიან ცოტა. – თქვა მან. – ირლანდიელი მსახიობი, ბარი ფიტჯერალდი იცი? ზუსტად მისნაირად ვარ. მისი ნათქვამია – „როდესაც წყალს ვსვამ, წყალს ვსვამ-მეთქი, ვამბობ, როდესაც ვისკის, ვამბობ, რომ ვისკის ვსვამ.“

ჩემმა ცოლმა გაიცინა. უსინათლო კაცმა ხელი წვერქვეშ ამოიდო. წვერი ნელა მაღლა აწია და მერე მკერდზე დაიგდო.

მე სკოჩი მოვამზადე, წყლით ოდნავ გაზავებული სამი დიდი ჭიქა სკოჩი. ამის მერე სამივე მოხერხებულად დავსხედით და რობერტის მგზავრობის განხილვას შევუდექით. ჯერ ვესტ ქოუსთიდან კონექტიკუტამდე ფრენა მიმოვიხილეთ. შემდეგ კონექტიკუტიდან აქამდე მატარებლით ჩამოსვლა. ამ დროს უკვე მეორე ჭიქას ვსვამდით.

მახსოვს, სადღაც წავიკითხე, რომ უსინათლოები არ ეწევიან, რადგან კვამლს ვერ ხედავენო. მეგონა, ეს მაინც ვიცოდი მათ შესახებ. თუმცა, ამ უსინათლო კაცს სიგარეტი ჯერ ჩამქრალი არ ჰქონდა, რომ უკვე მეორეს უკიდებდა. საფერფლე სწრაფად გაავსო და ჩემმა ცოლმა დასაცლელად გაიტანა. მერე ყველანი სასადილო მაგიდას მივუსხედით და კიდევ ერთი ჭიქა დავლიეთ. ჩემმა ცოლმა რობერტს თეფშზე სტეიკი, გამომცხვარი კარტოფილი და მწვანე ლობიო დაუხვავა. მე ორ ნაჭერ პურს კარაქი წავუსვი და მივაწოდე.

– აი, კარაქიანი პური გაგიმზადეთ. – მივმართე და სკოჩი მოვსვი. ახლა კი ვილოცოთ. – დავამატე.
უსინათლო კაცმა თავი დახარა. ჩემმა ცოლმა პირი დააღო.

– ვილოცოთ, რომ ტელეფონმა არ დარეკოს და სადილი არ გაგვიცივდეს. – წარმოვთქვი.

თეფშზე საჭმლის თხრა დავიწყეთ. რაც მაგიდაზე საჭმელი ეწყო, სულ ვშთანთქეთ. ისე ვჭამდით, თითქოს მეორე დღეს გათენება არ ეწერა. ხმა არ ამოგვიღია. ვჭამდით. ვანადგურებდით. მთელი მაგიდა გადავძოვეთ. საქმეს მთელი სერიოზულობით ვუდგებოდით. უსინათლო კაცმა ზუსტად იცოდა, თეფშზე სად რა ეწყო. აღფრთოვანებული შევყურებდი, როგორ ხმარობდა დანა-ჩანგალს ხორცის დასაჭრელად. ის სტეიკს ორ ნაჭერს აჭრიდა, პირში იდებდა, მერე გამომცხვარ კარტოფილს ნაწილს მოაჭრიდა, მერე ლობიოს აიღებდა, ბოლოს კი კარაქიან პურს მოატეხავდა პატარა ლუკმას. ამას რძეს აყოლებდა. აქა-იქ, არც ხელებით ჭამაზე ამბობდა უარს.

ყველაფერი მოვასუფთავეთ, ნახევარი მარწყვის ტარტიც მივაყოლეთ. ორიოდე წუთით გაქვავებულივით ვისხედით. სახეზე ოფლი მოგვასკდა. ბოლოს, წამოვდექით და თეფშები მაგიდაზე დავტოვეთ. უკან არ მოგვიხდია. სასტუმრო ოთახში გადავედით და ისევ ჩვენს ადგილებზე ჩავეშვით. რობერტი და ჩემი ცოლი დივანზე დასხდნენ, მე დიდ სკამზე. ორი-სამი ჭიქა კიდევ დავცალეთ, სანამ ისინი იმ ამბებს იხსენებდნენ, რაც ბოლო ათი წლის განმავლობაში მოხდა. მე ძირითადად ვუსმენდი. აქა-იქ ვერთვებოდი კიდეც. არ მინდოდა, იმას ეფიქრა, რომ ოთახიდან გავედი, ხოლო ჩემ ცოლს კი, – თითქოს, თავს ზედმეტად ვგრძნობდი. გაუთავებლად საუბრობდნენ იმაზე, რაც მათ ცხოვრებაში იმ დროის განმავლობაში მოხდა. მათ ცხოვრებაში! ამაოდ ველოდი ჩემი სახელის ხსენებას ჩემი საყვარელი ცოლის ბაგეთაგან: „და აი, დადგა წამი, როცა ჩემს ცხოვრებაში ჩემი ძვირფასი მეუღლე შემოვიდა.“ რაღაც ამდაგვარს ველოდებოდი. თუმცა, მსგავსი არაფერი გამიგონია. უფრო მეტად, რობერტის ირგვლივ ტრიალებდნენ. როგორც გავიგე, რობერტს ყველაფერში ჰქონდა ცოტ-ცოტა გამოცდილება. როგორც მივხვდი, მან და მისმა ცოლმა Amway-სგან დისტრიბუციის უფლება მოიპოვეს და ამით გაქონდათ თავი. ასევე, გავიგე, რომ რობერტი რადიო-ოპერატორადაც მუშაობდა. ის თავისი გრუხუნა ხმით ყვებოდა, თუ როგორ ელაპარაკებოდა სხვა ოპერატორებს გუამსა და ფილიპინებზე, ალიასკასა და ტაიტიზე. როგორც თქვა, წასვლა რომ მოენდომებინა, იქ ბევრი მეგობარი დახვდებოდა. დროდადრო, თავს ჩემკენ მოაბრუნებდა, ხელს წვერის ქვეშ ამოიდებდა და რაღაცას მეკითხებოდა. უკვე რამდენი ხანია, რაც იმ ადგილას ვმუშაობ? (სამი წელია). ჩემი სამსახური თუ მომწონს? (არა.) სამსახურის შეცვლას ხომ არ ვაპირებ? (არჩევანი მქონდა თუ რა!) ბოლოს, როცა ჩავთვალე, რომ დაიღალა, ავდექი და ტელევიზორი ჩავრთე.

ჩემს ცოლს შეეტყო, რომ მეტის მოთმენას აღარ აპირებდა.

ჩემი ცოლი გაღიზიანებული მომაჩერდა. ეტყობოდა, მეტის მოთმენა არ შეეძლო. უსინათლო კაცს შეხედა და ჰკითხა:

– რობერტ, შენ გაქვს ტელევიზორი?

– ორი ტელევიზორი მაქვს, ძვირფასო. ფერადი და შავ-თეთრი, რელიქვია. სასაცილოა, არა?

არ ვიცოდი, რა მეთქვა. თავში აბსოლუტურად არაფერი მომდიოდა. არანაირი აზრი. ისევ ტელევიზორს მივუბრუნდი და ახალი ამბების გამოშვებას დაძაბული ვუსმენდი, რომ არაფერი გამომრჩენოდა.

– ეს ფერადი ტელევიზორია. – გვითხრა უსინათლო კაცმა. – არ მკითხოთ, როგორ, მაგრამ ვარჩევ.

– ეს ამას წინათ ვიყიდეთ. – ვთქვი მე.

უსინათლო კაცმა მოსვა. წვერი აიწია, დაყნოსა და მერე მკერდზე დაიგდო. წინ გადმოიხარა. მან დაბალ მაგიდაზე საფერფლე გაასწორა და სანთებელა სიგარეტის კოლოფზე დადო. ამის მერე დივანზე გადაწვა და ფეხები კოჭებთან გადაიჯვარედინა.

ჩემმა ცოლმა ხელი პირზე მიიფარა და დაამთქნარა. გაიზმორა და ძლივს ამოთქვა:

– ზემოთ ავალ, ხალათს ჩავიცვამ. რობერტ, თავი თავისუფლად იგრძენი, გთხოვ.

– თავს მშვენივრად ვგრძნობ. – უპასუხა უსინათლო კაცმა.

– მინდა, თავი ამ სახლში კარგად იგრძნო. – ისევ უთხრა ჩემმა ცოლმა.

– თავს მშვენივრად ვგრძნობ. – გაუმეორა უსინათლო კაცმა.

ჩემი ცოლი ზემოთ ავიდა, მე და ის კაცი კი ჯერ ამინდის პროგნოზს ვუსმენდით, მერე სპორტულ მიმოხილვას. ჩემი ცოლი იმდენი ხანი დარჩა ზემოთ, რომ აღარ ვიცოდი, დაბრუნებას აპირებდა თუ არა. ვიფიქრე, ალბათ დაწვა და დაიძინა მეთქი. ნეტა ჩამოვიდეს-თქო, ვნატრობდი. არ მინდოდა უსინათლო კაცთან მარტო დარჩენა. მოვიფიქრე და, კიდევ ხომ არ დალევ-თქო, ვკითხე და მან მიპასუხა, აბა რას ვიზამო. მერე ვკითხე, აი, ბალახი მოვახვიე და ჩემთან ერთად ხომ არ გააბოლებ-თქო. მართლა კი არ მოვახვიე, მაგრამ ვაპირებდი. კი ბატონო, შენთან ერთად გავაბოლებო. აი, ეს მესმის, მაგარი კაცი ხარ-თქო, ბოლოს რაღაც ამდაგვარი ვთქვი.

ისევ დავასხი და გვერდით მივუჯექი. მერე ორი სქელი სიგარეტი შევახვიე. ერთს მოვუკიდე და მივაწოდე. თითებში ჩავუდე. გამომართვა და მოქაჩა.

– რაც შეიძლება დიდხანს შეიკავე. – ვუთხარი. მივხვდი, მანამდე გასინჯული არ ჰქონდა.

ჩემი ცოლი თავზე დაგვადგა. ვარდისფერი ხალათი და ჩუსტები ეცვა.

– რა სუნი მცემს? – იკითხა.

– აი, გადავწყვიტეთ, ცოტა მოგვეწია. – ვუთხარი.

ჩემმა ცოლმა ველურივით შემომხედა. მერე უსინათლო კაცს მიუბრუნდა და უთხრა:

– რობერტ, არ ვიცოდი, ბალახს თუ ეწეოდი.

– ახლა ვეწევი, ძვირფასო. რაღაცას ყოველთვის ვაკეთებთ პირველად. ოღონდ, ჯერ ვერაფერს ვგრძნობ.

– ძალიან რბილია, – დავამშვიდე მე, – ტვინში არ ურტყამს.

– არ დამარტყამს, არაფერი მომივა. ძმაო, – მითხრა და გაეცინა.

ჩემი ცოლი ჩემსა და უსინათლო კაცს შორის იჯდა. სიგარეტი მივაწოდე. მოქაჩა და დამიბრუნა.

– ეს როგორ მოქმედებს? – მკითხა. – არ უნდა მომეწია, თვალებს ძლივს ვახელ ისედაც. ალბათ სადილის ბრალიცაა, ამდენი არ უნდა მეჭამა.

– მარწყვის ტარტის ბრალია, – თქვა უსინათლო კაცმა და თავისი გრუხუნა სიცილით გაიცინა. მერე თავი გაიქნია.

– მარწყვის ტარტი კიდევ გვაქვს. – ვთქვი მე.

– ცოტას მოგიტან, რობერტ. – შესთავაზა ჩემმა ცოლმა.

– ჯერ არა. – უთხრა უსინათლო კაცმა.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11