„თუკი რომ დაგაკლდა ალერსი, /დილაო, ოვდილაო,

ჩახედე მეგობარს თვალებში, /დილაო ოვდილაო!” – უტკბილესი, გოზინაყივით მსუყე ხმა ისმოდა რეინჯ როვერ PHEL-ის სალონში. ტალღის ფერი ავტომობილის გლუვი სახურავი უწყვეტი შუა ხაზითა და ქვედა აქცენტური გრაფიკით ბზინავდა  ჩამავალი მზის სხივებში გახვეულ ავტობანზე.

“თვალები გეტყვიან,/ მიგულე სადაც ხარ, /დილაო ოვდილაო,

ლხინში თუ ბრძოლაში/ მოგყვები მხარდამხარ,/ დილაო ოდილაო!” – პასუხობდა ოდნვ ხრინწნარევი ხმა და ისიც განუმეორებელი ბგერითი არომატით ავსებდა სივრცეს.

მანქანის მძლავრი ტრანსმისია მის მფლობელს უზრუნველყოფდა განსაკუთრებული ზეაღმატებული შეგრძნებებით. 5.0 ლიტრიანი V8 ტურბოჩაბერვის ბენზინზე მომუშავე ავტომობილი გაუმჯობესებულ 525ცძ წარმადობითა და ინოვაციურ, ბენზინზე მომუშავე ძრავის კომბინაციით კი ტრასის უპირობო მეფედ აკურთხებდა მას.

ოვ დილა, ოვ დილა, რანინა,/ დილა ოვდილა ნანინა! – აწკრიალდა მოზარდის ჯერ კიდევ გაუტეხელი ყელის იოგები.

“ოვდილა, ოვ დილა, რანინა,/ დილა ოვდილაო

ოვდილა, ოვ დილა, რანინა,/ დილა ოვდილაო!” – სამი მხრიდან გაახვიეს ამ ნათელი სიმღერის მელოდიურ ბურუსში თვალებდაწითლებული, წვერგაუპარსავი და ისტერიკამდე მისული გურამი.

“თუკი რომ დაგაკლდა ნუგეში, დილაო, ოვდილაო,

ეძებე მეგობრის უბეში, /დილაო ოვდილაო! “- საკმაოდ ამაღლებულ ნოტებზე გაისმა მანქანაში, იმ დონეზე, რომ გვერდით მოჩაქჩაქე ავტობუსის მგზავრებმა ცნობისმოყვარე სახეები მიაპყრეს რეინჯ როვერ PHEL-ის დაბინდულ მინებს. გურამმა მკვეთრად დაამუხრუჭა და საჭე მარჯვნივ შეაბრუნა. რამოდენიმე მეტრი კიდევ მიქროდა ინერციას აყოლილი მანქანა, ბოლოს კი ხიდის თხემზე გაჩერდა. გურამი უკან მობრუნდა და ნიანგის ტყავისგან შეკერილი, ლუის ვიტონის სპორტული ჩანთა გამგმირავი მზერით ადგილზე დაადუღა.

გაჩერდით! ჩაიწყვიტეთ ხმა! კრიტნი არ გავიგონო თქვენი, თორემ დაგწვავთ და თქვენს ფერფლს ქარს გავატან! – გამოცრა მან კბილებში.

მანქანის სალონში სამარისებული სიჩუმე ჩამოვარდა.

ეგრე, რა! – ამოისუნთქა გურამმა. მიბრუნდა და მანქანა ადგილიდან დაძრა. კმაყოფილმა სიგარეტსაც კი მოუკიდა, თუმცა აქამდე არც სხვას და არც საკუთარ თავს არ აძლევდა აქ, ანუ მანქანის სალონში გაბოლების უფლებას. თუ ვინმეს მოუნდებოდა ფილტვების ნიკოტინით გამოკვება, ჩართავდა ციმციმას, გადაუხვევდა სადმე უსაფრთხო ადგილას, გაჩერდებოდა, გადავიდოდა, მგზავრსაც მიიპატიჟებდა და “კაპოტს” მიყრდნობილები ეწეოდნენ და საუბრობდნენ, მერე კი კმაყოფილები ჯდებოდნენ და აგრძელებდნენ გზას…

ფანჯარა ჩამოწია. გარედან შემოჭრილმა ნიავმა გაოფლილი შუბლი გაუგრილა და ცოტა გუნებაზე მოიყვანა.

ქარი გიმღერის ნანასა, / ზღაპარს გიამბობს ჭადარი… – თავისდა უნებლიედ აღიღინდა გურამი და იმწამსვე ინანა კიდეც. შედეგმა არ დააყოვნა. იმან, თუ “იმათმა” აიტაცეს სიმღერა… მაგრამ ატაცებაცაა და ატაცებაც…

“ძეწნამ ალერსით ამავსო/ ეჭვებით ნაავადარი…” – დაიწყო სოპრანომ.

“საქართველოო ლამაზო…/„სხვა საქართველო სად არი?” – გვერდში ამოუდგა ალტი.

“ცა ვარსკვლავებით ინთება,/ცა – არცა რისი სადარი…

მთვარე რომ ამობრწყინდება,/გული გაფრენად მზად არი…

დიდება, შენი დიდება,/სხვა საქართველო სად არი?” – ქალთა გუნდმა დააგუგუნა ისე, რომ მანქანაც კი შეტორტმანდა და გურამის ოსტატობა, რომ არა, ნამდვილად შეეჯახებოდა ბორდიურს და აყირავდებოდა.

“მინდვრები, ქართლის მინდვრები, / ქედები მხარგაშლილები…

მთაში – ტყე დანაბინდები, / ტყეში – ქორბუდა ირმები…” – ათას ბიჭუნათა გუნდმა ლამის კრინში აიტაცეს მელოდია. მაგრამ გურამის განწირული ხმა მაინც ვერ გადაფარეს.

გურამი ხაოდა. ბღაოდა. ღნაოდა… როგორც ცნობილია ირმის ყვირილობა ანუ კერშილობა სექტემბრის შუა რიცხვებიდან იწყება და ნოემბრის ნახევრამდე გრძელდება. ჰოდა ეს, რომ მაშინ მომხდარიყო, ყველა მდედრი ირემი გურამის ვოკალური შესაძლებლობებით დატყვევდებოდა და მასთან უპირობო შეჯვარებას ისურვებდა, მაგრამ საბედნიეროდ ამჯერად აპრილის მზიანი დღე იდგა.

“ბარად შრიალებს ჭადარი,/მზეს უმღერიან ჩიტები…

მხარევ, მოსილო დიდებით,/სხვა საქართველო სად არი?” – არ ჩერდებოდნენ “ისინი”.

ვინა ხართ? – ბოლო ხმაზე გაჰყვიროდა გურამი. – რა საქართველო, რის საქართველო? დოლარები – ევროები ხართ! რა საქართველო აგიტყდათ! მე თქვენი კონვერტირებადი ვალუტის დედაც…

“ლურჯი ბალახი მხარამდი, /მწყერი გოგმანობს ბალახში… /

თეთნულდზე – თოვლი მარადი, /ვენახზე – მზე და ბადახში…

სხვა საქართველო ვინ ნახა?/ “სხვა საქართველო სად არი?”…” – ამდენი სტროფი თუ იყო ამ სიმღერაში გურამმა ნამდვილად არ იცოდა და სასოწარკვეთამდე მისულმა ამოიოხრა, თვალები დახუჭა, გაზს ბოლომდე მიაჭირა ფეხი, ხოლო საჭიდან აღებული ხელები მკერდზე ფარაონივით გადაიჯვარედინა და გაწამებული სიცოცხლე ავტობანის, თუ რეინჯ როვერ PHEL-ის ღმერთს მიანდო.

მანქანა მთელი სისწრაფით მიქროდა, მერე უცებ რაღაც ტრამპლინის მაგვარზე ავარდა, მოეჩვენა რეინჯ როვერ PHEL-ს თითქოს ფრთები გამოებაო, ამჩატდა და გაფრინდა… გურამი უწონადობაში მოხვდა. ჯერ კისრით, მერე ზურგით, ბოლოს კი მთელი სხეულით სალონის სახურავს მიეკრო და ჰაერში დაეკიდა… რასაც მოჰყვა:

«Земля в иллюминаторе, Земля в иллюминаторе Земля в иллюминаторе видна…(დედამიწა, დედამიწა მოჩანს ილუმინატორში)

Как сын грустит о матери, как сын грустит о матери/ Грустим мы о Земле – она одна»… (როგორც შვილს ენატრება დედა, როგორც შვილს ენატრება დედა, ისე გვენატრება დედამიწა, რომელიც ერთადერთია)…

სულ რაღაც ერთი წლის წინ გურამი უბედნიერესი, პერსპექტიული და პოპულარული ადამიანი იყო… ქალები უყვარდა, ქალებსაც უყვარდათ და არა მარტო გაუთხოვრებს, განათხოვრებსაც და გათხოვილებსაც. გურამს დიდი გული ჰქონდა. იქ ყველას ატევდა და შევიწროებულად არავინ გრძნობდა თავს. არც მეგობრები, არც ისინი, ვისაც ეგონა, რომ გურამის მეგობარი იყო და არც ისინი ვისაც გურამი არწმუნებდა, რომ მათი მეგობარი იყო. არც მისი საყვარლები, საყვარლების ქმრები, საყვარლების ყოფილი ქმრები, საყვარლების მომავალი ქმრები, საყვარლების მამები და რაც ყველაზე გასაოცარია დედები, დები, დეიდები და მამიდებიც კი.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11