ამასობაში კი გურამს რატომღაც ყოველთვის ძილი მოეძალებოდა და თვალები დაებლინტებოდა, იქვე ტახტზე წამოგორდებოდა და ამოუშვებდა ხვრინვას. უხერხულობაში ჩავარდნილი სტუმარი და მამამისი კი ლამის გაუნძრევლად ისხდნენ სუფრასთან. უხმოდ ეწეოდნენ ან უყურებდნენ ასევე უხმოდ ჩართულ ტელევიზორს, მანან, სანამ კარტოფილი არ შეიწვებოდა და გურამი არ გაახელდა თვალებს, გაიწელებოდა ტახტზე, გადაიძრობდა მამის გადაფარებულ პლედს, წამოჯდებოდა მთქნარებითა და ზმორვით, დააჭახუნებდა გამოძინებულ სახრებს და გაკიცხვით გახედავდა მაგიდაზე, ცარიელ თეფშებს შორის აღმართულ, შემწვარი კარტოფილის ორთქლმოდებულ, მოშიშინე ტაფას და იტყოდა:

  • რად გინდოდა, დედაჩემი, ეს კარტოფილი! ამის შემჭმელი ვართ ახლა ჩვეენ?! თან გვეჩქარება! – წამოდგებოდა, ფეხსაცმელებს ამოიცვამდა და კარტოფილის ჭამისთვის მომზადებულ მშიერ სტუმარს მიაძახებდა, – ჰე, წავედით, ხომ იცი საქმეები გვაქვს და თანაც გველოდებიან!
  • ჰოო! – დაბნეული იტყოდა სტუმარი და იმედით დაამატებდა, – აბა, რა!

სწრაფად წამოდგებოდა, მაგრამ აზრზე არ იყო, ვინ და სად ელოდებოდათ. თუმცა გულში ფიქრობდა, “ალბათ ნათხოვარი ფულის მისაცემად მივყავარო!” და ბედნიერი ღიმილით ემშვიდობებოდა გურამის დასევდიანებულ მშობლებს.

მერე ისინი ჯდებოდნენ მანქანაში, ფანჯარაში გადმომდგარ მოხუცებს ხელს დაუქნევდნენ და გაქანდებოდნენ სადღაც.

გურამი გზაში მხიარულ ამბებს ან ანეგდოტებს უყვებოდა მთხოვნელს. ორივე იცინოდნენ და ზოგჯერ ხარხარებდნენ კიდეც და სტუმარი აზრზე ვერ მოდიოდა, როდის გადმოვიდა მანქანიდან, როდის დაემშვიდობა გურამს და როდის მოხვდა ჯიბე ცარიელ – ტარიელი და მშიერი, მაგრამ კმაყოფილი და რაღაცნაირად დარცხვენილი საკუთარი სახლის კართან…

ჰოო, სწორედ ერთ – ერთი, ასეთი უკვე ტრადიციად ქცეული “ღონისძიების” ჩატარების შემდგომ, გზაჯვარედინზე გაჩერებულ გურამთან, უფრო სწორად მის მანქანას გახუნებული სამხედრო ფორმიანი ინვალიდი მიუახლოვდა, ტუჩის გარმონით ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიის პირველი აკორდები “ააჟღრიალა” და კმაყოფილმა ფული თხოვა.

  • რამდენი? – ჰკითხა გურამმა.
  • რამდენსაც მომცემ. – უპასუხა გზაჯვარედინის, თუ შუქნიშნის მათხოვარმა და ქადაგებასავით დაამატა, – რამდენსაც გაიღებ, იმდენი დაგიბრუნდება!
  • ვითომ? – დაეჭვდა გურამი.
  • უფლის ნებით უფრო მეტი მოგეცემა!
  • რამდენით?
  • რანდენით? – გაიმეორა დაბნეულმა ვეტერანმა, რაღაც ბახისეული რემინორ ტოკატოსმაგვარი ჩაბერა თავის გარმონში და აბურძგნული წვერი მოიფხანა, – მინიმუმ სამჯერ მეტი.
  • კარგიიი! – გაწელა გურამმა და კვლავ ჰკითხა, – რამდენი?
  • რა რამედი?
  • რამდენი ფული მოგცე?
  • მომეცი ასი ლარი და წადი შენს გზაზე!.. ან მომეცი იმდენი რამდენიც გინდა!
  • ხურდა არა მაქვს, შენ გაქვს?
  • ხურდა? – ჩაეკითხა მათხოვარი, – რამდენის?
  • ასი დოლარის! – ეშმაკურად ჩაიცინა გურამმა.
  • წადი შენს გზაზე! – გაბრაზდა ვეტერანი და წასვლა დააპირა.
  • ორმოცდაათი დოლარის?
  • მაქვს! – ჯიქურ შეუტია მან და ჯიბეში ხელი ჩაიყო.
  • ვახ! – გაეცინა გურამს და საბარგულიდან ამოღებული ტკიცინა ორმოცდაათდოლარიანი მიაწოდა მათხოვარს. მან გამოართვა ფული სინათლეზე გახედა, ხელი რამოდენიმეჯერ გადაუსვა, ყურთან მიიტინა და დაკუჭა.
  • რისი გაგონება გინდა, ხო არ გიმღერებს? – გაეცინა გურამს.
  • ჰმ!- მედიდურად ჩაახველა მათხოვარმა და ლამის ასი ლარის ხურდა (“რკინის” და ქაღალდის ფულების სახით) მძღოლის გვერდით სკამზე დაახვავა.
  • არ დავთვალოთ?
  • მე არ ვტყუი! – შეუღრინა მათხოვარმა.
  • ვითომ? – დაეჭვდა გურამი.
  • როგორ იქცევი? ფული არავისთვის გიჩუქნია? – ხელი აუქნია მან და დააყოლა, – გადააყენე მანქანა და დათვალე! მე აქ ვიქნები მანამ – სანამ არ დარწმუნდები, რომ ყველაფერი სწორადაა!

გურამს შერცხვა, მაგრამ მაინც გადააყენა მანქანა და მათხოვრის დაჟინებული მზერის ქვეშ შეუდგა ფულის დათვლას. აქ მთავარი რამაა აღსანიშნავი. ფული ბევრი იყო, ცალობით და არა რაოდენობით. ლარიანები, ორმოცდაათთეთრიანები, ოცთეთრიანები, ზოგჯერ მათ შორის ხუთლარიანებიც კი გამოერეოდა. სანამ ითვლიდა, ღიღინი დაიწყო. გურამს არ უყვარდა თავისი ნამღერი. უფრო სწორად არ მოსწონდა როცა თვითონ მღეროდა, სხვისას და მით უმეტეს კარგი მომღერლის ნამღერს კი დიდი სიამოვნებით ისმენდა და ტაშსაც კი უკრავდა.

აქ კი თვითონ აღიღინდა. მის ხმას მათხოვარმა გარმონი ააყოლა და რაღაც პატარა, იმპროვიზაციული კონცერტისმაგვარი გამოუვიდათ.

ფული ზუსტად იმენი აღმოჩნდა რამდენიც ხურდაში ერგებოდა. კი გაუკვირდა, მაგრამ არაფერი უთქვამს.

  • გიყვარს სიმღერა? – ჩაეკითხა მათხოვარი.
  • მე კი არა, ფულს უყვარს! – თვალი ჩაუკრა გურამმა.
  • ეგრე იყოს! – თვალის ჩაკვრითვე უპასუხა მათხოვარმა, – აი, ეს შენ!
  • უთხრა და ახალი ცელოფანის გამჭვირვალე პარკში გახვეული გარმონი მიაწოდა.
  • არ მინდა!- უკან მიაწოდა გურამმა, -დაკვრაც არ მეხერხება!
  • არც მე მეხერხებოდა!- ღიმილით უპასუხა ვეტერანმა და გურამმა მის თვალებში სევდა – ნაღველი და გარეული ირონია დაინახა, სახეზე ცივმა ოფლმა დაასხა და დროებით გონებაც კი დაუბნელა.

გამოგადგება! აუცილებლად გამოგადგება! -შორიდან ექოსავით ჩაესმა გურამს და აზრზე რომ მოვიდა უკვე ცენტრალურ ქუჩაზე მიჰქროდა. სავარძელს გახედა. ფული ცელოფნის პარკში ეწყო, რომელსაც ზევიდან ტუჩის გარმონი ამშვენებდა. გურამმა თავი გააქნია და მანქანა ჩაუქრა. კიდევ კარგი ირგვლივ ტრანსპორტის სიხალვათე იყო, თორემ ავარია მოუვიდოდა. ვიღაცამ შეგინების მაგივრად დაუსიგნალა. გურამმა დაქოქა მანქანა და მოწყდა ადგილს. მოწყდა და…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11