აქ აუცილებლად პაუზა ჩამოვარდებოდა. გურანდას უყვარდა ასეთი აზრით დატვირთული დუმილი, რომელიც ყველაფერს თავის ადგილას აყენებდა და ყველაფერს თავის სახელებს არქმევდა. თუმცა ის მაინც ქალი იყო და სენტიმენტალობა მისთვის უცხო ხილს არ წარმოადგენდა. ამის მერე გაიღიმებდა და დედობრივი ტონით ჩაანაცვლებდა კუთვნილებით “შენი” ანუ “მისი” ანუ “ჩემი”, ასევე კუთვნილებითი, მხოლოდ კარგი კუთვნილებითით “ჩვენი”-თ :
- ჩვენი ფული რას შვრება?
- ჩვენი ფული მღერის! – დაუდასტურ-დაუკონკრეტებდა გურამი.
- მღერის? რას მღერის?
- ყველაფერს ხალხურიდან დაწყებული, როკით და ჯაზით გაგრძელებული და საოპერო არიებით დამთავრებული.
- ანუ უაზროთ დაიხარჯა?! – დაისისინებდა გურანდა.
- არაფერი არ დაიხარჯება!
- მღერის ნიშნავს მაგას, მეტს არაფერს! – ქალი სისინს გააგრძელებდა.
- ყველა ფული რაც მაქვს, ანუ რაც გვაქვს მღერის? თან კარგად მღერის! მოგეწონება!
- მომეწონება?! შენ?… შეეენ?! რა სირიც იყავი ის სირი დარჩი! – სრული სიმშვიდით დაასკვნიდა გურანდა. ეს გურამისთვის ყველაზე უარესი დამცირება და განაჩენი იქნებოდა.
გურამს არაფერი ჰქონდა გურანდასთვის სათქმელი,რადგან სიმართლეს ვერ ეტყოდა, ხოლო ტყუილის თქმის თავი, რომელიც ასეთ სიმართლეზე უკეთესი და საინტერესო ვერ იქნებოდა, არ შეეძლო… ამიტომ პირველად ამდენი წლის მანძილზე, გაუთიშა ტელეფონი. იცოდა ეს მძიმე სასჯელს გამოიწვევდა, მაგრამ სხვა რა უნდა ექნა?
ამოიოხრა და თვალები მოიფშვნიტა. საათს დახედა. კაი დრო გასულიყო. გარეთ ღამე მეფობდა, ავტოფაეწხში კი სიბნელე. ზლაზვნით წამოდგა, შეციებული და გათოშილი ძვლები ძლივს აკრიფა ბეტონის იატაკიდან.
დაყრილი ფული დაბალ რეგისტრებში “უბერავდა” კონცერტს. ამჟამად “მწუხრის ზარები”-ს რიგი დამდგარიყო :
“Вечерний звон, вечерний звон! /Как много дум наводит он!
(საღამოს ზარები, საღამოს ზარები! / რამდენ ფიქრს და მოგონებას აღვიძენებ ისინი)
О юных днях в краю родном,/ Где я любил, где отчий дом.
(სამშობლოში გატარებულ ყმაწვილობაზე, / სადაც შევიცანი სიყვარული, სად არის მშობლიური ჩემი სახლი.)
И как я, с ним навек простясь, /Там слушал звон в последний раз!”
(როცა იქურობას სამუდამოდ ვემშვიდობებოდი, / მაშინაც გაისმოდა ასეთი ზარების ხმა!)
გურამმა გახედა ჩამუქებულ ცას. ახალგაზრდა მთვარეს. ღობის გასწვრივ, ჯარისკაცებივით გაჭიმულ ხეების კენწეროებს და ტუჩის გარმონს კვლავ ჩაბერა.
“მწუხრის ზარები” შეწყდა და აშრიალებდნენ ფოთლები, სადღაც ძაღლი აყმუვლდა, მერე კი აყეფდა. შორს, დაბლა, ხეობაში ჩაძინებული ქალაქი ზუზუნებდა, ალბათ სიზმრებს ხედავდა და ძილში ასე ბორგავდა.
რა ხდება ჩემს თავს! – ამოიგმინა გურამმა და მკვეთრად მოიხარა, თითქოს წელში გადატყდაო, თავით ლამის მუხლებს შეეხო და ლოცვასავით დაიწყო ჩურჩულ, – ღმერთო, გამაგებინე! გამარკვიე! ამიხსენი, რა ხდება ჩემს თავს! – თოკებივით დაკიდებული ხელები უსიცოცხლოდ ქანაობდნენ და აკანკალებული თითები იატაკს ეხახუნებოდნენ. გურამი ტიროდა და ცრემლები ღაპა-ღუპით ეცემოდა მის წინ დაყრილ ფულს, რომელიც “Don’t Cry For Me Argentina“-ს მღეროდა:
It won’t be easy, you’ll think it strange / When I try to explain how I feel
(ეს ძალიან ძნელია, რადგან თქვენ იფიქრებთ, რომ უცნაურია როცა მე ვცდილობ აგიხსნათ ის თუ რას ვგრძნობ)
That I still need your love after all that I’ve done
(როცა ასე მჭირდება თქვენი სიყვარული და თანადგომა, მიუხედავად იმისა, რაც გავაკეთე, რაც ჩავიდინე)
არც ბებერი იყო გურამი და არც ახალგაზრდა. ის, იმ თაობას ეკუთვნოდა, რომელიც სავარჯიშოდ მოძველებულ საშინაო ტანსაცმელს იყენებდა, ხოლო საშინაოდ კი შელახულ საგარეოს, მაგამ თუკი მეგობრებთან ან თანამშრომლებთან ერთად მოუწევდა მუხლის გამართვა, ასე ვთქვათ ბუნ-წიაღში გაჭრა, ან სპორტულ PARTY-ში მონაწილეობა, აუცილებლად იცვამდა ახალ, ძვირადღირებულ, გამოსასვლელ (?!) სპორტულ ტანსაცმელს.
აი, კიდევ ერთ შტრიხი, რაც შეიძლება გურამის სამყაროსეულ გაგებასა და ფასეულობებს ემატებოდა და ხატავდა მის პორტრეტს. ეს იყო ის, რასაც არავის უჩვენებდა, აჩვენებდა, ანახებდა ან… ჟურნალისტურ ენაზე რომ ვთქვათ – არ ამზეურებდა. ამის შესახებ მგონი არც მისმა მეუღლემ – გურანდამ იცოდა.
რაა, არ იცოდით? ჩვენ კი გვეგონა უკვე მიხვდით, რომ გურამი დაოჯახებული იყო. მაგრამ თუ მაინც ეჭვი გეპარებათ, მაშინ მოისმინეთ ამბავი “უფროს – უფროსისა”:
დიახ, ოცი წლის წინ, როცა გურამი პირტიტველა ჯეელი ბრძანდებოდა, მან ათი წლით ასე ვთქვათ “უფროს – უფროსზე” იქორწინა. თუმცა ხალხი ამბობდა, რომ გურამი კი არ დაოჯახდა გურანდაზე, არამედ გურანდამ მოიყვანა გურამი ქმრადო.
ბოროტი ხმები ასე იმიტომ ლაპარაკობდნენ, რომ გურანდა ასაკით უფროსი იყო და ასევე იმ საფინანსო სამსახურის უფროსი ბრძანდებოდა, სადაც დიპლომირებული გურამი, უმცორს ბუღალტრად მოეწყო. ასე, რომ გურამი ქერის ორმოში ჩავარდა, რაც საბოლოოდ ქორწილით დაგვირგვინდა. მასზე ასაკით და გამოცდილებით უფროსზე, რომელიც ამასთანავე მისი უშუალო უფროსიც ბრძანდებოდა.
ისინი ნამდვილი, ნატიფი, ყოვლისმომცველი გრძნობით – ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი თ შეუღლდნენ, რომლის გუწრფელობაში ყველას ეპარებოდა ეჭვი, მაგრამ ახლად დაქორწინებულებისათვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
იყო კი მათი ურთიერთობა ანუ სიყვარული ნამდვილი, ხალასი და სპეტაკი?
ამ კავშირის სრულფასოვნებაზე და სიწმინდეზე ნადვილად ვერ დავდებთ თავს, მაგრამ მერწმუნეთ – “დაუოკებელი ხორციელი ვნებებით გაჯერებული სიყვარული ნადვილად იყო”.