უეცრად მადა გაეღვიძა, მოშივდა, გაახსენდა, რომ დილიდან ერთი ლუკმაც კი არ ჩასვლია პირში. საფულედან დააძრო პლასტიკური ბარათი და “მარსელიოზა”-ში ღიღინით შეაბიჯა. მცირე ზომის, მაგრამ სანოვაგით გადატვირთულ სავაჭრო ობიექტში სამნი იყვნენ – მოლარე, გამყიდველი და დაცვა. მოლარეს ეძინა, გამყიდველი ამთქნარებდა, ხოლო ჯირკივით მრგვალი და უსახური დაცვა დახლების თავზე დადგმულ ტელევიზორში, გაყინული სახით უყურებდა ლიფის რეკლამას.

ვაი, რომ გურამს აქაც არ გაუმართლა!?

პლასტიკური ბარათი, მომღერალ ფულზე უარესი გამოდგა. მას მართალია არ გამოუვლენია თავისი ვოკალური მონაცემები მაგრამ, როგორც კი სალარო ტერმინალს მიუახლოვდა, ჯერ უცნაურად აზუზუნდა, შემდეგ კი სამხედრო სასულე ორკესტრის ენერგიული და საკმაოდ ხმამაღალი რეპერტუარით შეაზანზარა მაღაზია. მოულოდნელობისგან ნახევრადჩაძინებული გამყიდველი აკივლდა.

კივილს, დაბნეული და გადარეული გურამის გიჟური ხარხარი მოჰყვა, ხარხარს ძილგატეხილი მოლარე – გოგონას უწმაწური სიტყვები, სიტყვებს გინება. გინება კი მაღაზიის დაცვამ საკმაოდ მტკივნეული და დამამცირებელი მეთოდებით აღკვეცა.

მტვრიან ქუჩაზე ჯერ გურამი აღმოჩნდა, შემდეგ მისი პლასტიკური ბარათი. ბოლოს კი შეძენილი ჩიფსები და ცივი კოკა-კოლას ნახევარლიტრიანი პლასტმასის ბოთლი.

გურამი არც კი წამომდგარა. მხოლოდ გადმობრუნდა და გულაღმა დაწვა, აუჩქარებლად გახსნა პაკეტი და ბარათის მიერ გაჟღერებული “The march of the waffen ss” მარშის ფონზე მადიადან შეუდგა ხრაშუნა კარტოფილის ჭამას.

გუგუნებდა და აზანზარებდა გარემოს გურამის პლასტიკური ბარათი, მანამ სანამ არ ჩაბერა ტუჩის გარმონს და ჯარისკაცების გუნდი გერშვინის “პორგი და ბესის” გაორკესტრებულმა არიამ “Summertime” არ შეცვალა...

 ის დღე იყო და გურამის ფული საბოლოოდ ამღეროდა და აღარც კი გაჩერებულა. ოცდაოთხი საათის მანძილზე ის ან ისინი მუსიკალურ ნომრებს ასრულებდნენ. საკმარისი იყო გურამს ეთქვა, ეგრძნო, გაეფიქრებინა -”ეს ფული ჩემიაო”, ან “ქ რომ ფულია ჩემია”, რომ ირთვებოდა კონცერტი. სარეპერტუარო დიაპაზონი მრავალფეროვანი გახლდათ – ხალხური, ყოფითი, ქალაქური და სუფრული სიმღერები, რეჩიტატივები, ჰიმნები, კანცონები, ელეგიები, რონდოები, სერენადები, ოდები, კანტატები, რომანსები და არიები. ასევე უხვად და ულევად იყო ბარდული ე.წ. მეროჭიკეთა მუსიკა და სიმღერები.

საინტერესო ის გახლდათ, რომ მნიშვნელობა არ ჰქონდა ფულის წარმომავლობა – ამერიკული დოლარი (USD) მაგალითად, გარდა ამერიკული ფოლკისა, ან ინდიელთა სარიტუალო სიმღერებისა, უაქცენტოდ მღეროდა მეგრულ, სვანურ, აფხაზურ სიმღერებს. ევროებს (EUR) და ფუნტ სტერლინგებს – ჯიგრიანი კახური, თუშური გარმონი იტაცებდა, თუმცა თუ მოუნდებოდა არც დოლარების რეპერტუარს თაკილობდა. ჩინურ იუანიებსა (CNY) და იაპონურ იენბზე (JPY) ექსპერიმენტებმა უფრო გაზარდეს გურამის “მატერიალური სახსრების” რეპერტუარი და უკვე აფრიკა, ლათინური ამერიკა, აზია და ციმბირ-ალიასკის აბორიგენთა მელოდიებით შეავსეს პროგრამა. პლასტიკურ ბარათმაც გაიფართოვა დიაპაზონი და რამდენად საოცრადაც არ უნდა ჟღერდეს, საორღანო მუსიკაში მოსინჯა ძალები, თუმცა უარს არ ამბობდა არც სიმფონიებზე ანუ მისი კვალიფიკაცია ვრცელდებოდა ყველაფერზე რაც ინსტრუმენტალურ შესრულებას მოითხოვდა, მათ შორის დოლი, ზურნა და დუდუკი. სოლო ვოკალი, დუეტი, ტრიო, კვარტეტი, კვინტეტი, სექტეტი მის კომპეტენციასა და შესაძლებლობებში არ შედიოდა.

უბედურება ის იყო, რომ ეს კარგი გაგებით “კაკაფონია” მარტო გურამს არ ესმოდა. იგი ყველასთვის “ყურ”-მისაწვდომი გახლდათ.

ყველაფერი მაღალპროფესიულ დონეზე სრულდებოდა, “ხალტურას” აქ ადგილი არ ჰქონდა, ამიტომ ამას კიდევ იტანდა ადამიანი, მაგრამ პრობლემა იმაშიც მდგომარეობდა, რომ შეუძლებელი იყო ამ მრავალფეროვანი რეპერტუარის კონტროლი.

“რა? – რის მერე? როგორ? – რატომ? რა ფორმით იქნებოდა გაჟღერებული?- ამას გურამი ვერ ხელმძღვანელობდა, ვერ ზღუდავდა, ვერ საზღვრავდა, ვერ ხვდებოდა და ვერ გეგმავდა.

ფული ველური მუსტანგების რემასავით იქცეოდა, რაც მოუნდებოდა და როგორც მოეპრიანებოდა ისე უბერავდა, მაგრამ თუკი გურამი “გააწვალებდა”, რაღაც ეშმაკობას მიმართავდა, მაგალითად შეეცდებოდა მისი (ფულის) ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანას, მაგალითად საფულედან – ჯიბეში, ჯიბიდან მანქანის საბარგულში, ან კიდევ სადმე სხვაგან მათ შექუჩვას, ლარები-დოლარები-ევროები საერთოდ უმართავი ხდებოდნენ და “რას მოიმოქმედებდნენ, როგორ განახორციელებდნენ , ან რანაირად წარმართავდნენ თავის მდიდარ რეპერტურარს არავინ იცოდა!”. პანაშვიდზე შეიძლება Boney M -ის “Rasputin” შეესრულებინათ, ხოლო სამინისტროს დონის, ან საერთაშორისო სამთავრობო დონის ოფიციალურ შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, თავისუფლად შეეძლოთ რუსული უწმაწური “ჩესტუშკები” ან ქართული, სკაბროზული დონის კაფიაობა გაეჩაღებინათ და მინდა გითხრათ, რომ ასე ხშირად ხდებოდა.

საბედნიეროდ გურამს ჰქონდა მათი მართვის ჯადოსნური საშუალება. ეს გახლდათ ტუჩის გარმონი. საკმარისი იყო ვოკალით ახუნტრუცებულ ფულს მისი ხმა გაეგო, რომ მცირე ხნით პაუზა ჩამოვარდებოდა და რეპერტუარი ელვის სისწრაფით იცვლებოდა. სხვა ჟანრი, სხვა სიმღერები, სხვა შემსრულებლები ჩნდებოდნენ. თუმცა, ამ მეთოდს თავისი შეზღუდვაც ჰქონდა, მისი გამოყენება კვირის მანძილზე, მხოლოდ ორმოცდაათჯერ შეეძლო.

მათხოვრისთვის მიცემული ორმოცდათი დოლარი და ორმოცდაათი შესაძლებლობა! – მწარედ ხუმრობდა ფატალისტად ქცეული გურამი.

ფულთან დაკავშირებული ასეთი უცნაურობების გამო, ჯერ ახლობლები შემოეფანტა, მერე მეგობრები, ბოლოს კი ნაცნობებმაც დაიბრმავეს თვალები და “ვეღარ” ხედავდნენ მას. ყველაფერი კი სამსახურიდან დათხოვნით დამთავრდა.

უფროსის ხელმოწერილ განცხადებაში ასეთი ფორმულირება იყო:

“მიუხედავად იმისა, რომ პირნათლად ასრულებს თავის საქმეს, პატივს სცემენ უფროსები და ქვეშევრდომები, დისციპლინირებულია, პასუხისმგებლობის გრძნობა პროფესიულ დონეზე აქვს განვითარებული და მუდმივად იმსახურებდა ქებას. ჩვენ დიდი მწუხარებით იძულებულნი ვართ გავანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან, რადგან მისი თამხლები და აკვიატებული ატმოსფერო, კონკრეტულად კი ხმა (კლასიკური თუ თანამედროვე მუსიკის უწყვეტი კონცერტი), არ ჯდება სამსხურებრივი ეთიკის, დასაქმების კოდექსის და სამოქალაქო კანონების არანაირ ნორმებში. არ იძლევა ნორმალური მუშაობის საშუალებას, თანამშრომლებს უფანტავს ყურადღებას და აბნევს, ზოგჯერ კი უხერხულ მდგომარეობაშიც კი აყენებს მათ. ამიტომ იძულებულნი ვართ დღესვე გავანთავისუფლოთ დაკავებული თანამდებობიდან და გადავიყვანოთ კადრების განკარგულებაში მანამ, სანამ ბატონი გურამის ეს “კონცერტომანია” არ დასრულდება. (და ა.შ.)

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11