როცა თვალები გაახილა ირგვლივ იყო სპეტაკი სითეთრე და მდუმარება. გურამი შეცბა და საკუთარ თავს კითხა – მოვკვდი? – და სარეცლიდან წამოიწია. მიმოიხედა,  როცა გვერდით სამედიცინო აპარატის მილები და თავიდან-ბოლომდე ბინტებში გახვეული გაშოტილი ავადმყოფი დაინახა შვებით ამოისუნთქა.

  • შენ, კიდევ კარგად გამოძვერი! – გაიგონა შორი კუთხიდან ნაცნობი ხმა, – შენს გვერდით რომ წევს, იცი, რა ჭირს? ეგა იმას რასაც ფიქრობს, უკანალით ლააპარაკობს, აბა… ჰოდა ხვდები ალბათ, რასაც უზამდნენ მაგ უბედურს.
  • ვაა? შენც აქა ხარ? – გაუკვირდა და გაუხარდა იმის დანახვა ვისთანაც “სამი კანისტრის და ცალხელა ქალის ამბავს” შეესწრო.
  • ჰოო, მეც აქა ვარ! – გულდაწყვეტილმა თქვა და ამოიოხრა.
  • ეს მართლა ეგრე ლაპარაკობს?
  • გეხუმრე! – თვალი ჩაუკრა გურამს, – გახსოვს ის ამბავი? ცალხელა ქალისა!
  • რა დამივიწყებს!
  • ჰოდა, მაშინ შევცდით! ის ვერ დავინახეთ რაც უნდა დაგვენახა! სამივე გზა არ უნდა ამოგერჩია!
  • ალბათ! – ნაღვლიანად გაეღიმა გურამს.
  • იქ სხვა რაღაც უნდა დაგვენახა და ამოგვეცნო!
  • ალბათ!
  • ალბათ კი არა ნამდვილად! ისე, რომ მივხმარებოდით ეხლა აქ არ ვიქნებოდით!
  • ალბათ!
  • ალბათ, კი არა ას პროცენტიანი!
  • ას პროცენტიანია! – დაუდასტურა გურამმა და გაიღიმა. ის მიხვდა რა უნდა გაეკეთებინა.

“ოროფა არძო ართი ვარე/ ჩქიმი ვემიჭარე შხვაშ,

(ერთანირი სიყვარული არ არსებობს,/ ვერ მიაწერ ჩემსას სხვასო)

გიორდინი მიჩქუდუ დო/გოითირუქო მა სი შხვაშ

(მეგონა, რომ გიყვარდი და/ შენ გამცვალე სხვაში)

გიორდინი მიჩქუდუ დო/ დიდოუ დო ნანინა.”

(მეგონა გიყვადდი./დიდოუ დო ნანინა.) – გუგუნებდა გოგონათა გუნდი საცხოვრებელი კორპუსის სახურავიდან და ეს ხმა მთელს არემარეს ეფინებოდა. გურამმა გადმოხედა ქუჩას, შუქნისანთან გაჩერებულ მანქანებს, გამვლელებს, რომელბიც გაკვირებული იხედებოდნენ ზევით და იღიმებოდნენ.

  • მე ვიცი, როგორ ვიცხოვრო უფულოდ!
  • როგორ? – ტელეფონში გაისმა გურანდას ნამტირალევი გხმა.
  • თავისუფლად! – უპასუხა გურამმა და მობილური, ზოლად დააწყობილი ბანკნოტების გასწვრივ დადო.

„ბორია რდას, ჭვიმა რდასი /სქან მოულას მა ქივგინანქ,

(ქარი იყოს, წვიმა იყოს/ შენს მოსვალს მათ შევადარებ)

კანკალეშა გამკომილე / უსქანეთი მუ ფქიმინა?

(ხანდახან გამომიარე / უშენოდ რა ვქნა?

კანკალეშა გამკომილე/ დიდოუ დო ნანინა.

(ხანდახან გამომიარე /დიდოუ დო ნანინა.)

ნანინა, / დიდოუ დიდოუ ნანა

დიდოუ დიდოუ ნანა / დიდოუ დიდოუ ნანინა“ – ჰანგები თაფლივით იღვრებოდა ფისის ზოლებით დაგფარულ სახურავზე.

ქარმა დაუბერა და გურამიც აღიღინდა… როგორც კი ჰაერის ნაკადმა ატაცებული კუპიურები შემოდგომის ფოთლებივით მოფინა ქუჩას, ხოლო გამვლელებმა მისი მოგროვება დაიწყეს. ფულმა ჯერ ხმას დაუწია, ბოლოს კი საერთოდ დადუმდა.

იმ დღეს პირველად ეძინა, ისე როგორც ბავშვობაში.

დედის კალთაში თავჩარგულს. უსიზმროდ, უდრტვინველად და სახეზე უმანკო ღიმილით.

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11