და ეს კოშმარი როდის დაიწყო ზუსტად არც კი იცის. დღე კი ახსოვს, მაგრამ საათი არა.

ახსოვს ის, რომ იმ დღეს თავისი უფროსის და მეგობრის დედის პანაშვიდზე მივიდა. მანქანა ეზოში გააჩერა და სამძიმრის სათქმელად ჯერ სახლში შევიდა, მერე კი იქვე გავლენიან მეგობრებში გაერია. მერე უფროსის ფეშენებელური კერძო სახლის ფანჩატურში იჯდა და ესმოდა რაღაც სიმღერები, რომელიც ვიღაცას ბოლო ხმაზე ჰქონდა ჩართული. სუფრის თუ ქალაქური მელოდიები უტიფრად ახსენებდნენ სამძიმარზე მოსულთ ამა ქვეყნის ამაობის სიამოვნებასა და ხიბლს.

  • აქ ხალხი გლოვობს და ეს ვიგინდარა კი მუსიკებს აჟღარუნებს! – შფოთავდა უფროსის უმცროსი უფროსი. გურამიც კვერს უკრავდა და სხვებთან ერთად კარგა ხანს აგინებდა ამ უნამუსოს. ასე გაგრძელდა მანამ, სანამ სამძიმარზე მისულ ხალხს, უფროსის მძღოლი არ გამოეყო და მორიდებულმა არ მოუხმო გურამს.
  • ბატონო გურამ, სიმღერები გესმით?
  • კი. ნეტა ვინაა ეგ დედამოტ… – კბილებში გამოსცრა მან.
  • ეს თქვენი მანქანიდანაა და გათიშეთ, ან მე მომეცით გასაღები და მივხედავ ამ ამბავს!
  • ჩემი? შეუძლებელია! – გათეთრდა გურამი, – შ ე უ ძ ლ ე ბ ე ლ ი ა?!
  • მიდით, ნახეთ და თავად დარწმუნდებით!

გურამი რაც უფრო უახლოვდებოდა თავის რენჯ როვერს, სიმღერების ჟღერადობა მით უფრო მატულობდა. დაბნეული და დარცხვენილი მთელი სხეულით გრძნობდა როგორ ბურღავდა ხალხის გამკიცხავი მზერა. მან მანქანის სალონი გახსნა, ქართული რეპერტუარი მკვეთრად გაითიშა და მკაფიოდ გაიგონა წინა საუკუნის ოთხმოციანი წლების პოპულარული რუსული ბარდის ხრინწიანი ხმა:

“Я не знаю что случилось (Азохен вей!) /Вся семья моя всбесилась (Азохен вей!) (არ ვიცი რა ხდება (ვახ), მთელი ჩემი ოჯახი გაგიჟდა (ვახ),)

Деньги просят в один голос (Азохен вей!).Поседел на мне весь волос (Азохен вей!) (მაყუთს ითხოვს ყველა ერთხმად (ვახ). თმები სულ გამითეთრეს (ვახ))

Денежки…как я люблю вас мои денежки.Как я люблю вас мои денежки (О лаца – туца дрицацой) (მაყუთო,  როგორ მიყვარხარ მაყუთო. როგორ მიყვარხრ მაყუთო (ოლაცა-ტრუცა დრიცოცოი)

И ваше нежное шуршание. .Приводит сердце в трепетание (თქვენი ნაზი შრიალი, გულს მიჩუყებს)

Вы лучше самой легкой музычки..Приносите покой …”(თქვენ ყველაზე მსუბუქ მუსიკასაც კი ჯობიხართ და მოგაქვთ სიმშვიდე…)

აპილპილებული ეცა რადიოს. რადიო გამორთული იყო. ამჯერად ხმა თითქოს საბარგულიდან მოდიოდა. გახნა საბარგული და იქ ვერაფერი ისეთი აღმოაჩინა, რაც სიმღერის ჰანგებს ააჟღერებდა.

რა ხდება, ამის დედაც!

ბარდი ჩაანაცვლა “აბბა“-ს კვარტეტმა:

“I work all night, I work all day, /to pay the bills I have to pay (მთელი ღამე ვმუშაობ, მთელი დღე ვმუშაობ, / გადასახადების გადასახდელად, რომელიც სულ უნდა გადავიხადო)

Ain’t it sad /And still there never seems to be a single penny left for me (განა ეს არ არის სამწუხარო / და მაინც არასდროს არ დამრჩენია ჩემთვის ერთი გროში კი)

That’s too bad / In my dreams I have a plan /If it got me a wealthy man (ეს ძალიან ცუდია /ოცნებებში მაქვს ერთი მაგარი გეგმა / ის აუცილებლად გამამდიდრებს)

I wouldn’t have to work at all, /I’d fool around and have a ball… (საერთოდ აღარ მომიწევს მუშაობა, / სულელი ვიქნებოდი დროსტარებისთვის არ მიმეცა თავი… )

Money, money, money must be funny /In the rich man’s world /Money, money, money always sunny in the rich man’s world (ფული, ფული, ფული ყოველთვის მხიარეულებაა მდიდარი კაცის სამყაროში / ფული, ფული, ფული მდიდარი კაცის სამყაროში ყოველთვის მზიანია,)

Aha-ahaaa all the things I could do /If I had a little money, it’s a rich man’s world…(აჰა-აჰაჰა ყველაფერის, რისი გაკეთებსაც შევძლებდი რაც მომესურვებოდა / ცოტა ფული რომ მქონდეს,/ ეს სამყარო მდიდარი კაცის სამყაროა)

ამ ლოგიკას მოკლებული და აუხსნელი მდგომარეობით დაბნეული – აკანკალებული გურამი იძულებული გახდა მანქანში შემძვრალიყო და უახლოეს ავტოგასამართ სადგურზე მივარდნილიყო.

ორმოზე შეყენებულ რეინჯ როვერ PHEL-ს, გაუმართავი ვერაფერი აღმოუჩინეს.  აკუმულატორი, საბჭოთა კავშირის ჰიმნზე ამოაცალეს, მაგრამ არც ჰიმნი შეწყვეტილა და არც მას შემდგომ აჟღერებული სხვა ნაცნობი ან პოპულარული მელოდიები.

კიდევ კარგი “რეპი” არ არის! – შეეცადა “პროფილიქტიკის დირექტორი” ოპტიმისტური ყოფილიყო და ამ გაურკვევლობაში რაღაც კარგი დაენახა. გურამს  “რეპის” არაფერი საწინააღმდეგო არ ჰქონდა, მაგრამ ისე გაუცინა, ვითომდა:

  • “გემოვნებაც გვაქვს და პრიორიტეტებიც და საერთოდ ჩვენ ვიცით ჩვენი საქმეო!”

როცა აკუმულატორით ხელებში, დაბნეულმა და ოფლში მოცურავე ელექტრიკოსმა შესთავაზა მანქანის კაპიტალური დაშლა, გურამს აქაც გაეცინა, მაგრამ ამჯერად მწარედ:

  • კარგი რაა! კარგი რააააას! ჩემს პრობლემებს მე თვითონ მივხედავ!

 ოსტატს ხელში ოცლარიანი ჩაუკუჭა, და დაუმშვიდობებლად გააქანა გამელომანებული მანქანა.

“ნუ აგროვებ ფულს და ოქროს /ოფლსა ღვრი და ოხრავ…

მოვა მიქელ გაბრიელი/და დაგრჩება ოხრად…”- მღეროდა ვიღაც ან რაღაც კი არა არამედ ამ მანქანის რომელიღაც კუნჭულში მიმალული ამოუხსნელ მექანიზმთა თუ მოვლენათა მთელი გუნდი. ვინმეს რამე რომ არ ეფიქრა, აგარაკამდე მთელი გზის მანძილზე შოშიასავით პირს აღებდა და ისე ეჭირა თავი, თითქოს იმ დონეზე  ბედნიერია და გახარებულია, რომ თავს ხმამაღალი სიმღერითაც კი ანებივრებდა.

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11