გურამი იყო საფირმო ნიშანი, რომელიც ქალაქის რომელიმე ოჯახს, ღონისძიებას ან წამოწყებას თუ არ “ერტყა”. უფერული, უინტერესო და ლამის უიმედო წამოწყებად ითვლებოდა.

გურამი იყო გ უ რ ა მ ი…

რა უნდოდა?! რატომ მოიქცა ასე? რატომ ჩაიდინა ის საქციელი, რომლის გახსენება შემდგომ არაერთხელ იყო მისი დაბნეულობის, გაწითლების და უეცარი დადარდიანების მიზეზი.

ეს ამაზრზენი მუსიკალური ბეგრაუნდი კი იმით დაიწყო რომ…

უკეთესია თანმიმდევრულად მივყვე ყველაფერს. გურამი ის კაცი იყო, რომელსაც ფულის ხარჯვა არ ენანებოდა, მაგრამ ფულს არავის ჩუქნიდა.

შენი ნაშოვნი ფული შენ უნდა დახარჯო! ისევე, როგორც შენი ნანადირევი შენვე უნდა შეჭამო. შეგიძლია ის სხვას უწილადო, მაგრამ იმ სხვამ ეს ნაჩუქარი შენი თანდასწრებით უნდა მიირთვას! ასე თუ არ მოიქცევი ეწყინება ფულს და აღარ გაგიჩერდება! გაგექცევა და იმასთან მივა ვისაც მისცემ! შენ კი დარჩები ხახამშრალი! დაიმახსოვრე, უარი არავის უთხრა, მაგრამ არც არავის მიართვა ის რაც შენია და შენთან მოვიდა! – ეს სიტყვები სვირინგივით ჰქონდა ამოტვიფრული ხელის ზურგზე. მხოლოდ უხილავი მელნით, აი, ისეთით როგორითაც განგება ბედს გვიწერს ხელისგულებზე. ასეთი იყო მისი დამოკიდებულება ფულთან, და ცხოვრების ფილოსოფია ამ ე.წ. “ხელის ჭუჭყთან”. ასე ამართლებდა ის თავის “მაყუთის სხვებზე გაუცემლობას”.

გურამს არასდროს აკლდა ფული, ის კარგი მხარჯველიც იყო და მისგან უკმაყოფილო არავინ წასულა. ისინიც კი ვინც მასთან ფულის სათხოვნელად მოდიოდნენ. ყოველი მათგანი უხერხული ღიმილით ემშვიდობებოდა მას ისე თითქოს ამბობდნენ:

ეს რა მოგვივიდა! ფული გვასესხე, ან მოგვეცი, ამ გულუხვს და ღვთისნიერ ადამიანს როგორ გაკადრეთო?!

გურამი მათ აჯადოებდა, აჰიპნოზებდა, მაგრამ არა ისე როგორც ეს ტრადიციულად წარმოგვიდგენია. სხვანაირად. სხვა “ფინთიკლიუშკური” ხერხებითა და მექანიზმებით.

გურამის უცილობლივ ყველა მთხოვნელი რესტორანში მიჰყავდა. საუკეთესოები ჰაი კლასისაში, საშუალოები – საშუალო კლასისაში, ხოლო დანარჩენი ზოგი სახინკლეში, ზოგს კი პირდაპირ კაბინეტში უშლიდა “სახელდახელო” სუფრას.

მშიერი კაცი გურამისგან ჯერ კაცი არ გამოსულაო! – დადიოდა ქალაქში ასეთი ჭორი, რომელიც ჭორიც არ იყო, არც თეორემა, რადგან მას მტკიცებულება არ სჭირდებოდა, ის აქსიომა გახლდათ და დროთა განმავლობაში სიტყვა, თუ საკუთარი სახელი “გურამი” – მაძღრობის, ნაყროვანების და კმაყოფილების სინონიმად იქცა.

არ შეიძლება არ ავღნიშნოთ კიდევ ერთი საოცრად დასამახსოვრებელი ფაქტი. ის ყოველ შაბათს და ასევე სადღესასწაულო დღეებში, ქალაქის გარეუბანში აკითხავდა მარტო მცხოვრებ მშობლებს და საუზმობდა მათთან.

რას არ ნახავდით დედ-მამის მოკრძალებულ სახლში დილის ასეთ სუფრაზე:

“ბლინები მურაბით ან არაჟნით, ლუდში ჩაშუშული ორმაგი კანჭი, ქაბაბი, კუპატი, მჟავე კიტრი, წიწაკის მჟავე, კომბოსტოს მჟავე, სარდელი, მექსიკური კარტოფილი, საწებელი, მექსიკური სოუსი, საფირმო არაყი”…

თუკი სტუმართან ანუ ფულის იმედგაცრუებული მსესხებელთან ერთად მოდიოდა, რომელმაც ჯერ არ იცოდა ან ვერ ხვდებოდა, რომ სასურველ თანხას თვალითაც ვერ ნახავდა და საშუალო კლასის მთხოვნელებში გადიოდა, სუფრას ემატებოდა:

“ჩიჟი-პიჟი ხბოს ფარშით, ხორციანი ბლინები, ქათმის სალათა ჩირით, წითელი ფხალი, ისპანახი, პრასი, ბადრიჯანი ნიგვზით, კეჟერა მწნილი, რესტორანში ამოყვანილი თბილისური სულგუნი. ჩინჩოლია – პიტნიანი ყველით.”

ნერწყვით დამხრჩვალო და ამდენი კერძის წარმოდგენით ტვინადუღებულო მეგობარო, ყურადღება მიაქციეთ მთავარ ნიუანსს და ეს მრავალფეროვნება არ აგერიოთ რაოდენობასა და სიუხვეში.

სუფრაზე ყველაფერი იმდენი იდო, რამდენიც ერთ გასინჯვას ეყოფოდა და “ოჯახური” სუფრიდან ამდგარნი, ან მსუბუქად დანაყრებულნი იყვნენ, ან ნახევრად მშივრები. მაგიდაზე კი ცარიელი თეფშები და გამოხრული ძლებიღა რჩებოდა. და კიდევ პური. პური ყოვეთვის ბევრი იყო. ათჯერ უფრო მეტი ვიდრე კერძები.

 მოხუცებულ დედას ამ პურების “გახუხვა” უწევდა და მერე მთელი კვირა შვილის სტუმრობით მადლიერი მშობლები, გურამის მომავალ ვიზიტამდე ხრავდნენ და ხრავდნენ ამ კარგად დაბრაწულ ორცხობილებს.

თუმცა ზოგჯერ, როცა სასმელი მოეკიდებოდათ, ან განსაკუთრებულ დღეებში, გურამი სევდიანი თვალებით გადახედავდა დედას და ძველებურად შაქარყინულივით, ანუ ახლებურად რაფაელოსავით დამტკბარი ხმით მიმართავდა:

  • დედიკონა, იცი როგორ მომენატრა შენი შემწვარი კარტოფილი, ხომ იცი როგორ მიყვარს.
  • უხ, შენ რა გითხარი?! – შეიცხადებდა მოხუცებული, მუხლებზე დაიტყაპუნებდა ჭურჭლის რეცხვისგან დამსკდარ ხელებს და გალასლასდებოდა სამზარეულოში კარტოფილის გასათლელად, დასაჭრელად, ტაფის გამოსაღებად, გუზქურისთვის ცეცხლის შესანთებად და…

 

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11